სექსუალობა / სტატიები

რატომ გრძნობენ ქალები პარსვის აუცილებლობის წნეხს?

საკმარისია, Google-ში ჩავწეროთ სიტყვები „როდის იწყეს ქალებმა…“, რომ ავტომატური შევსების ერთ-ერთ მთავარ შემოთავაზებად წინადადება „როდის იწყეს ქალებმა პარსვა?“ ამოხტება.

ამის პასუხი საუკუნეების სიღრმეში მოიპოვება. ეპილაცია კლასობრივი კუთვნილების ნიშანი იყო და ქალურობისა და „იდეალური სხეულის“ ცნებას განსაზღვრავდა.

მაგრამ, უკანასკნელი ევოლუციის პირობებში, სხეულზე თმა ახალგაზრდა ქალების უმრავლესობის მიერ სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება, როგორც საზოგადოებრივი შერცხვენის იარაღი და პირადი უპირატესობის დადასტურება.

გენდერული ფლუიდურობის ზრდამ, ბოდიპოზიტივის მოძრაობამ და სილამაზის სექტორის მზარდმა ინკლუზიურობამ თმიანობის მიმართ ინტერესის ახალი ტალღა წარმოშვა.

„იგი დღემდე ღრმა სტიგმატიზაციას და შერცხვენას იწვევს. თმის მოშორება ერთ-ერთი იშვიათ ესთეტიკურ ტრადიციათაგანია, რომელიც სილამაზის რუტინიდან ჰიგიენურში გადავიდა. დღეს ქალების უმრავლესობა გრძნობს, რომ სხეულზე თმა უნდა მოიშოროს. თითქოს მათ სხვა არჩევანი არც კი აქვთ. არის ამაში რაღაც ძალიან სახიფათო, თუმცა, ამის შესახებ შეხედულებები ნელ-ნელა იცვლება“, – ამბობს ჰეზერ ვიდოუსი (Heather Widdows), ბირმინჰემის ბრიტანული უნივერსიტეტის გლობალური ეთიკის პროფესორი და წიგნის Perfect Me: Beauty as an Ethical Ideal ავტორი.

 

ძვ. ეგვიპტიდან დარვინამდე

მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, ქალებისთვის უთმობა აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

მანამდე, სხეულზე თმას ქალებიც იცილებდნენ და კაცებიც – ჯერ კიდევ ქვის ხანაში, შემდეგ კი – ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში – ნიჟარების, ფუტკრის ცვილისა და სხვა დეპილატორების გამოყენებით. როგორც ვიქტორია შეროუ (Victoria Sherrow) თავის წიგნში „თმის ენციკლოპედია: კულტურის ისტორია“ წერს, მაშინ უთმობა სხეულის სისუფთავის შენარჩუნებასთან ასოცირდებოდა. ძველი რომაელებისთვის, ასევე, ეპილაცია კლასობრივი კუთვნილების ნიშანი იყო: რაც მეტად გლუვი იყო ადამიანის კანი, მით უფრო უზადოდ მიიჩნეოდა მისი პირადი ჰიგიენა.

ახლო აღმოსავლეთში, ასევე აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში, თმისგან მთელს სახეს ითავისუფლებდნენ, თუმცა, გადაბმული წარბები ორივე სქესში მიმზიდველად მიიჩნეოდა და მას ხშირად წამწამების საღებავით აქცენტირებასაც კი უკეთებდნენ.

სპარსეთში, სახეზე თმის მოშორება და წარბების გამოქნა ქალის სიმწიფის ნიშანი იყო და ძირითადად ამ ფაქტის გამოსაკვეთად გამოიყენებოდა. ჩინეთში პირიქით, დიდი ხნის მანძილზე, სხეულზე თმა ნორმალურად მიიჩნეოდა და დღესაც კი, ქალები ეპილაციის აუცილებლობის თვალსაზრისით აქ შეუდარებლად ნაკლებ სოციალურ წნეხს განიცდიან. იგივე შეიძლება ითქვას აზიის სხვა ქვეყნებზეც, მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტის უამრავი ქალისთვის სხეულზე თმის მოცილება ჩვეულებრივ საქმედ იქცა. მაგალითად, ბოქვენის თმის ეპილაცია ან გაკრეჭა იქ ისე გავრცელებული არაა, როგორც – დასავლეთში.

კორეაში კი, ბოქვენის თმა დიდი ხნის მანილზე ქალის რეპროდუქციული და სექსუალური სიჯანსაღის დასტურად მიიჩნეოდა. ეს წარმოდგენა იმდენად ფესვგადგმული იყო, რომ 2010-იანი წლების შუა პერიოდშიც კი, ზოგიერთი კორეელი ქალი ბოქვენის თმას დამატებით ინერგავდა კიდეც.

 

ევროპელები ყოველთვის როდი იყვნენ შეპყრობილნი უთმო კანით

შუასაუკუნეებში, კეთილგონიერ კათოლიკე ქალებს თავიანთი თმისთვის დაუბრკოლებლად ზრდის უფლება უნდა მიეცათ, – ეს მათი ქალურობის ნიშანი იყო. ისინი თმიან არეებს საზოგადოებრივ ადგილებში არ აჩენდნენ. მაშინ, ქალის სახე ერთადერთი ადგილი იყო, სადაც თმა არ დაიშვებოდა: მე-14 საუკუნის დიდგვაროვანი ქალბატონები თმას შუბლიდანაც კი იცილებდნენ, რათა უკან გადაწეული თმის მეშვეობით, თავიანთი სახეებისთვის ოვალური ფორმა მიეცათ. როდესაც 1558 წელს ელისაბედ I ტახტზე ავიდა, მან მოდაში წარბების სრული ამოქნა შემოიტანა.

მე-18 საუკუნის დასასრულს, ევროპელი და ამერიკელი ქალები ჯერ კიდევ არ მიიჩნევდნენ აუცილებლობად სხეულიდან თმის მოცილებას, თუმცა, ამ დროს, ფრანგმა დალაქმა ჟაკ პერემ (Jacques Perret) 1760 წელს კაცებისთვის პირველი უსაფრთხო სამართებელი გამოიგონა, რომელიც, ზოგიერთ ქალს ძალიან მოეწონა.

მხოლოდ 1800-იანების დასასრულისთვის, ქალებმა ატლანტის ოკეანის ორივე მხრიდან თმის მოცილების პროცედურები სილამაზის აუცილებელ ნაწილად მიიჩნიეს. თანამედროვე წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სხეულზე თმა „არაქალურია“, გვხვდება ჩარლზ დარვინის „ადამიანის წარმოშობაში“ (1871), გვეუბნება რებეკა ჰერციგი (Rebecca Herzig) თავის წიგნში „პუტვა: თმის მოცილების ისტორია“.

დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორია სხეულზე თმას „პრიმიტიულ წარმოშობასა და ადრეული, ნაკლებად განვითარებული ფორმებისკენ ატავისტურ დაბრუნებას“ უკავშირებდა, – წერს ჰერციგი, მენის შტატის ბეიტსის კოლეჯის სქესისა და სექსუალობის კვლევათა პროფესორი. როგორც ინგლისელი ნატურალისტი ვარაუდობდა, პირიქით, ადამიანის სხეულზე ნაკლები თმა მაღალი განვითარებისა და სექსუალური მიმზიდველობის ნიშანი იყო.

დარვინის იდეების პოპულარიზაციასთან ერთად, მე-19 საუკუნის სხვა სამედიცინო და სამეცნიერო ექსპერტები თმიანობას სულ უფრო და უფრო უკავშირებდნენ „სექსუალურ ინვერსიებს, დაავადების პათოლოგიებს, მენტალურ აშლილობებსა და კრიმინალურ ძალადობას“, – განაგრძობს ჰერციგი. ნიშანდობლივია, რომ ეს კონოტაციები ძირითადად ქალის სხეულზე არსებული თმის მიმართ გამოიყენებოდა და არა – კაცისაზე, და არა მხოლოდ ევოლუციური არგუმენტირების მიზნით, არამედ, როგორც ავტორი ამბობს, – „გენდერული სოციალური კონტროლის“ უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში ქალის მზარდი როლის განსაქიქებლად. ვიდოუსის თქმით, ქალების იძულება, ეფიქრათ, რომ ყურადღების დასამსახურებლად, ისინი უთმონი უნდა ყოფილიყვნენ, იყო საკუთარი სხეულის მართვის ჰეტერონორმატიული ხერხი, – არსობრივადაც და თავისთავადაც, შერცხვენის მეშვეობით.

1900-იანების დასაწყისში, ჰერციგის მიხედვით, საშუალო და მაღალი კლასის თეთრკანიანი ამერიკა სულ უფრო და უფრო ხშირად მიიჩნევდა გლუვ კანს „ქალურად“, ხოლო სხეულზე არსებულ თმას – საზიზღრობად. თმის მოცილება აქ უკვე „საკუთარი თავის გაუთლელი ადამიანების, დაბალი კლასისა და ემიგრანტებისგან დისტანცირების საშუალება იყო“.

ქალური „აუცილებლობა“

მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში, მოდა მნიშვნელოვნად იცვლება – შემოდის კაბები სახელოების გარეშე, რომლებიც ტანს აშიშვლებს. ამ დროისთვის, აშშ-ში სხეულზე თმის მოცილების საკითხი კიდევ მეტად აქტუალურდება.

1915 წელს, Harper’s Bazaar პირველი ჟურნალია ქალებისთვის, სადაც იღლიის თმის მოსაცილებელი კამპანია ჩაღდება („ეს აუცილებლობაა!“, – გვეუბნებიან აქ). იმავე წელს, კაცებისთვის საპარსი მოწყობილობების კომპანია Gillette ბაზარზე პირველ საპარსს უშვებს, რომელიც ქალებისთვისაა განკუთვნილი – Milady Décolletée-ს. მისი რეკლამა ღაღადებს: „ჩინებული დამატებაა მილედის ტუალეტის მაგიდისთვის – იგი უხერხულ პირად პრობლემებს აგვარებს“.

კაბის დამოკლებამ 30-იან-40-იან წლებში და ნეილონის წინდებზე დეფიციტმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაადასტურა, რომ სულ უფრო და უფრო მეტმა ამერიკელმა ქალმა დაიწყო ფეხების პარსვა. 1946 წელს აშშ-ში ბიკინის გამოჩენამ საპარსი საშუალებების მწარმოებელ კომპანიებსა და მომხმარებელ ქალებს მინიშნება მისცა, რომ ასევე, საჭირო გახდა სხეულის ქვედა უბნებისთვის „ფორმის მიცემა“.

1950-იან წლებში, როდესაც Playboy საგაზეთო ჯიხურებში გამოჩნდა (პირველი ნომერი 1953 წელს გამოვიდა), თეთრეულის რეკლამებში გამოჩენილმა სუფთად გაპარსულმა ქალებმა სექსუალობის სტანდარტები დააწესეს. 1964 წლისთვის, 15-დან 44 წლამდე ამერიკელი ქალების 98% ფეხებს უკვე რეგულარულად იპარსავს. დაახლოებით იმავე დროს, ასპარეზზე გამოდის ცვილის ასაფხრეწები და პირველი ლაზერული ეპილაცია, თუმცა, ეს უკანასკნელი იმ მომენტში უარყოფილ იქნა, კანზე დამანგრეველი ზემოქმედების გამო. იგი გამოყენებაში მხოლოდ ათწლეულების შემდეგ დაბრუნდება.

„და მაინც, პარსვის აუცილებლობა მაშინ არ ყოფილა ისეთი ექსტრემალური, როგორც – დღეს. 1960-იანების დასასრულს და 1970-იანების დასაწყისში, სხეულზე თმა რაღაც სასწაულად უჩვეულო სულაც არ ყოფილა, თავად Playboy-სთვისაც კი. იმ დროს ფემინიზმის მეორე ტალღაც და ჰიპის კულტურაც ვრცელდება, და ორივე უარყოფს უთმო სხეულს. ბევრი ქალისთვის, სხეულზე თმა თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო. ეს ჯერ კიდევ არ აღიქმებოდა რაღაც არაბუნებრივად“, – წერს ვიდოუსი.

მისივე თქმით, ეს ძვრები მომდევნო ათწლეულებში მოხდა, ეპილაციის, პორნოგრაფიისა და პოპკულტურის პოპულარობის ზრდასთან ერთად. 1987 წელს, 7-მა ბრაზილიელმა დამ (J Sisters) ნიუ-იორკში სალონი გახსნა, სადაც ე. წ. „ბრაზილიურ“ – სრულ ეპილაციას აკეთებდნენ ცვილით, გენიტალიების მთლიან არეში. ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ და ნაომი კემპბელი, ამის კეთება იწყეს, მასებმა კი მათ მიბაძეს.

„სხეულიდან თმის მოცილება „მოსალოდნელიდან“ „ნორმად“ გადაიქცა. უთმობა უკვე განიხილება, როგორც სხეულის წარდგენის ერთადერთი ბუნებრივი და სუფთა ხერხი“, – წერს ვიდოუსი.

რეკლამები და მედია განაგრძობს უთმო სხეულის გაბატონების პროცესს, რომლის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ ქალის თმა მაშინვე უხეშდება, როგორც კი იზრდება. თავის მხრივ, ბოლო ოთხი ათწლეულის მანძილზე, უთმობის მიღწევის მეთოდებიც – ელექტროლიზი, იმპულსური სინათლე, უფრო სრულყოფილი ლაზერული ტექნოლოგიები, იხვეწება.

„ყველაფერს, რაც „საზიზღარს“ უკავშირდება, ჩვენ გამოვრიცხავთ ჩვენი კულტურული სამყაროდან, რათა განვსაზღვროთ საკუთარი თავები. ქალის სხეულის ხილული თმები, უდავოდ, დღეს აღიქმება, როგორც რაღაც საზიზღრობა. უნდა აღინიშნოს, რომ ესაა იდეები სისუფთავის, პირობითი სოციალური ნორმების შესახებ, და არა – „ჭუჭყის“ ფაქტიურ მოცილებაზე. როგორც წესი, თმის მოცილების მეთოდების უმრავლესობა თავად იწვევს გაღიზიანებებსა და ინფექციებს“, – ამბობს ჰერციგი.

 

თმიანობის მიმღებლობა

2008 წელს ბრინ ფაჰზმა (Breanne Fahs), არიზონას შტატის უნივერსიტეტის გენდერული კვლევების პროფესორმა, თავის სტუდენტ გოგონებს დავალებად სხეულზე თმის გაზრდა მისცა და ამ გამოცდილების ამსახველი სტატია დაწერა. მოგვიანებით, მან იგივე დავალება კურსის ბიჭებს მისცა, რომლებსაც ფეხების გაპარსვა სთხოვა. პროექტი დღემდე მუშაობს.

„ამ დავალებამ ქალის თმის კულტურული აუცილებლობა გამოავლინა. მრავალი წლის მანძილზე, პროექტში მონაწილენი მუდმივ პრობლემებში იყვნენ: განიცდიდნენ სირცხვილის გრძნობას, გაუქრათ თავდაჯერება, დაემართათ სოციალური ოსტრაკიზმი. ასევე, იყო ჰეტეროსექსიზმისა და ჰომოფობიის შემთხვევები – ის, რომ ფეხზე თმას არ იცილებთ, ავტომატურად გულისხმობს, რომ ქვიარი ხართ, ხოლო თუ კაცი ხართ და ფეხს იპარსავთ – ე. ი. გეი ხართ. ქალებს ხშირად არც კი ესმით, თუ რამხელა წნეხში აცხოვრებთ მათ საზოგადოება, ოჯახი და მეგობრები. ის, რასაც ჩვენს სხეულებს ვმართებთ და ჩვენი არჩევანი გვგონია („მე ავირჩიე ის, რომ უნდა გავიპარსო“), სინამდვილეში გადმოგვეცა და თავს მოგვეხვა რამდენიმე თაობის განმავლობაში“, – ამბობს ფაჰზი.

მაგრამ, მკვლევარმა ექსპერიმენტისას უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება, ამბოხი და რისხვაც იხილა. „ძირითადად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, არჩევნებისა და მოძრაობა #MeToo-ს გაშლის შემდეგ, ადამიანებმა ქალის სხეულის, ფემინიზმის, სქესისა და სექსუალობის ირგვლივ დაწესებული ეს შეზღუდვები კარგად დაინახეს და სურვილი გამოთქვეს, გამოსულიყვნენ ამ ყველაფრიდან, ყოველ შემთხვევაში, დაეტოვებინათ კომფორტის ზონა“, – აცხადებს ფაჰზი.

დიახ, ეს მხოლოდ მკვლევარის მოსწავლეები არ არიან.

ახალგაზრდა ქალების ახალი ჯგუფი თავის სხეულზე არსებულ თმას ეფერება, განსაკუთრებით – Instagram-ზე. Harper’s Bazaar-ის სექტემბრის გამოშვებაში, ემილი რატაიკოვსკი გაუპარსავი იღლიით პოზირებს და ეს არის 360 გრადუსით შემობრუნება ჟურნალში იღლიის თმის შესახებ პირველი პუბლიკაციის შემდეგ. სხეულზე თმას იუთუბერი ინგრიდ ნილსენი (Ingrid Nilsen) და მუსიკოსი ჰელსიც (Halsey) გვიჩვენებენ.

ქალის საპარსი საშუალებების ახალშექმნილი ბრენდებიც ქალის თმას უკვე პოზიტიური კუთხით წარმოაჩენენ (Flamingo-ს საპარსის რეკლამაში ნათქვამია, რომ „ჩვენ არჩევანით ვიზრდებით“).

საპარსი საშუალებების ახალდაარსებული კომპანია Billie, ასევე ხაზს უსვამს პარსვის არჩევითობას და იმის ნაცვლად, რომ იდეალურად გლუვკანიანი მოდელები წარმოგვიდგინოს, მის რეკლამაში სხვადასხვა ხარისხის თმიანობის მქონე ქალებს ვხედავთ.

„რადგანაც რეკლამა ამ თემაზე ტაბუს მხოლოდ აძლიერებდა, ჩვენ გვსურდა, აღგვენიშნა, რომ ქალის სხეულზე არსებული თმის მოცილება-არმოცილება მისი საქმეა. თუ თქვენ სხეულზე თმის შენარჩუნება გსურთ, ჩვენ ეს გვიხარია. თუ მოცილება გსურთ – ესეც კარგია“, – ამბობს Billie-ს თანადამაარსებელი ჯორჯინა გული (Georgina Gooley).

ამას ეთანხმება ფოტოგრაფი ეშლი არმიტეიჯი (Ashley Armitage), რომელიც Billie-ის კამპანიებზე მუშაობდა და სხეულზე არსებულ თმას ოსტატურად ასახავდა თავის Instagram-ზე. „თმა სხეულზე – ეს პირადი არჩევანია. გაპარსვა თუ მოშვება – ყველა მისაღები ვარიანტია, და ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული“, – ამბობს იგი.

იდეა, რომ თმის სხეულზე დატოვება შეიძლება არჩევანი იყოს, ვერ მოგვეჩვენება რევოლუციურად, როდესაც საქმე სხეულზე თმის ნორმალიზაციის საკითხამდე მიდის. მაგრამ, ეს შეიძლება, მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცეს პრობლემის ხელახალი გააზრების მხრივ.

„ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო ბევრი ქალი აცნობიერებს, თუ როგორ მჭიდროდ უკავშირდება მათ სხეულზე არსებული თმა სქესის მიხედვით ჩაგვრასა და ძალაუფლებას. იმის ემოციურ ბუნებას, თუ რას იწვევს ადამიანებში სხეულის თმა, უზარმაზარი პოტენციალი აქვს, როგორც აქტივიზმისა და სოციალური ცვლილებების ინსტრუმენტს“, – დასძენს ფაჰზი.

cnn.com