ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივა (Women’s Global Development and Prosperity, W-GDP), რომელსაც სათავეში თეთრი სახლი უდგას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამატებით 122$ მილიონის ინვესტიციებს ჩადებს, ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ივანკა ტრამპის განცხადებაში.
ახალი ინვესტიციების შესახებ განცხადებამ სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტივენ ბიგანის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის რობერტ ო’ბრაიენის, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის ბონი გლიკისა და მსოფლიოში ქალთა საკითხებზე საგანგებო დავალებების ელჩის კელი კარის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე გაიჟღერა.
2019 წელს ტრამპის მიერ დაარსებული W-GDP მიმართულია ქალთა ეკონონიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებისა და სამი ძირითადი მიზნის მიღწევის: შრომის ბაზარზე ქალთა წარმატების, ქალ მეწარმეთა აღიარებისა და ქალების ეკონომიკურ პროცესებში ჩართვისკენ.
“თავისი მუშაობის პირველ წელს, W-GDP-ის ფონდმა მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში 200$ მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და 400$ მილიონზე მეტი ჩადო კერძო სექტორთან, არასამთავრობო და ადგილობრივ ორგანაზაციებთან თუ მთავრობებთან თანამშრომლობის 450-ზე მეტ შემთხვევაში”, – განაცხადა ივანკა ტრამპმა.
არსებობის პირველივე წელს, W-GDP-მ წარმატება 12 მილიონზე მეტ ქალს მოუტანა. მისი მიზანია, 2025 წლისთვის 50 მილიონზე მეტი ქალი მოიცვას.
ბიგანმა რამდენიმე ქალი დაასახელა, რომელმაც შარშან W-GDP-ის გრანტი მიიღო და თავისი ბიზნესი ძირეულად შეცვალა.
ტრამპმა W-GDP Fund-ის Walmart-თან, Microsoft-თან, Mastercard-თან, WEConnect International-სა Reliance Foundation-თან ახალი პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა და დასძინა, რომ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების მხარდაჭერას კვლავაც განაგრძობს.
მაგალითად, კოლუმბიაში Mastercard დამწყებ მეწარმე ქალებს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში ეხმარება და მათ ბაზრებსა და ქსელებზე წვდომას უადვილებს.
დაფინანსების ნაწილი მიმართული იქნება W-GDP-ის მუშაობაზე მიწის მფლობელობაზე ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც ქალებს მიწის ფლობასთან დაკავშირებული რეფორმებით სარგებელს მოუტანს.
“სხვა ქვენებში ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებით, ამერიკა სარგებელს მიიღებს იმ სტაბილურობითა და კეთილდღეობით, რომელიც ჩვენს საზოგადოებებსა და ქვეყნებს ელის”, – განაცხადა ბიგანმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს შორის, დონალდ ტრამპს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძეც ესტუმრა.