კონკურს World Press Photo-ს ჟიურიმ 2018 წლის ფოტოდ Getty Images-ის ფოტოგრაფის ჯონ მურის (John Moore) ნამუშევარი დაასახელა. ფოტოზე აღბეჭდილია ჰონდურასის მოქალაქის სანდრა სანჩესის (Sandra Sanchez) ჩხრეკა მისი ორი წლის გოგონას, იანელა სანჩესის (Yanela Sanchez) თანდასწრებით. მტრულ სიტუაციაში მოხვედრილი გოგონა ცხარე ცრემლით ტირის. კადრი გადაღებულია მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე.
თავად ფოტოგრაფი ამბობს, რომ სანჩესს მთელი ცენტრალური ამერიკის გამოვლა მოუწია, რათა აშშ-მდე მიეღწია, აქ კი იგი პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებას იმედოვნებდა. თუმცა, მისი ჩამოსვლა ტრამპის მიერ მიგრანტების მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის შემოღებას დაემთხვა.
შარშან, გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშნსმა აშშ-ის საზღვრის გადაკვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააწესა.
მალე, გაჩნდა ცნობები, რომ საზღვარზე დაკავებულ მშობლებს მცირეწლოვან შვილებს ართმევდნენ. მხოლოდ თვენახევრის მანძილზე, აშშ-ში 2 000 ბავშვი დააშორეს მშობლებს.
ამ ფოტოზე გამოსახული გოგონას მამამ, რომელიც ჰონდურასში დარჩა, მოგვიანებით განმარტა, რომ გოგონა დედისთვის არ დაუშორებიათ, თავად პროკურორის გადაწყვეტილება კი, საზოგადოების ზეწოლით, დონალდ ტრამპმა გააუქმა.
“ფოტო მომენტალურად გვიამბობს ამ ისტორიის შესახებ. ამავე დროს, იგი რაღაცნაირი მიჯაჭვულობის შეგრძნებას გვიჩენს, გვაიძულებს, მისით მოვინუსხოთ. ფოტოზე ძალადობის სხვა ფორმა, ფსიქოლოგიური ზეწოლაა აღბეჭდილი”, – ამბობს, ფოტოჟურნალისტი, World Press Photo-ს ჟიურის წევრი ალისა მარტინესი.
შეგახსენებთ, რომ ჯონ მურისთვის პროფესიულ საზოგადოებაში ეს ჯილდო პირველი აღიარება არაა. 2005 წელს მას პულიტცერის პრემია მიენიჭა, ასევე, იგი ჯონ ფაბერის პრემიის ლაურეატი და რობერტ კაპას ოქროს მედლის მფლობელია.
წყარო: worldpressphoto.org