თანასწორობის პოლიტიკა / სტატიები

ქალებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 52-ე ადგილზეა

ჟურნალი CEOWORLD-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში, შვედეთი მსოფლიოში ქალებისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის ლიდერობს. დანია და ნიდერლანდები მეორე და მესამე ადგილს იკავებენ, ნორვეგია – მე-4-ს. ქალებისთვის კეთილსაიმედო ქვეყნების ათეულიდან, 8 ქვეყანა ევროპაშია (დასახელებულების გარდა ფინეთი, შვეიცარია, საფრანგეთი და გერმანია). ჩამონათვალში შევიდა, ასევე, კანადა (მე-5 ადგილი) და ახალი ზელანდია (მე-8 ადგილი).

არსებობს ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის უნივერსალური მოდელი, მაგრამ მისი მოცულობა და ინტენსიობა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. რეგიონული, რასობრივი და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები გადამწყვეტ როლს ასრულებს ქალის სხეულის ობიექტივიზაციისა და გენდერული თანასწორობის განსაზღვრაში. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც 100%-ით უსაფრთხო და კეთილსაიმედო იქნებოდა ქალებისთვის, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნები სხვებს მნიშვნელოვნად უსწრებენ თანასწორუფლებიანობის, სოციალური ინტეგრაციისა და უსაფრთხო გარემოს მხრივ.

ჟურნალმა CEOWORLD-მა თავისი ყოველწლიური რეიტინგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 256 700-ამდე ქალის გამოკითხვის საფუძველზე გამოაქვეყნა. „მსოფლიოში ქალებისთვის საუკეთესო ქვეყნების“ სიის შესადგენად, 156 ქვეყანას ქულები შემდეგი მახასიათებლებით მიენიჭა: გენდერული თანასწორობა, საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა პროცენტული შემადგენლობა, დაცულობის გრძნობა (15 წლის და უფროსი ასაკის ქალები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ღამით მარტო სეირნობისას თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ), თანაბარი ანაზღაურება, ადამიანის უფლებების დაცულობა, ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება, ქალთა განათლების საშუალო დონე, 25 წლის და უფროსი ასაკის ქალების სახელფასო ანაზღაურება და საზოგადოებაში ქალთა ჩართულობა.

რეიტინგში ქულები თითოეულ ქვეყანას ერთნაირად მიენიჭა ამ 9 ნიშნის მიხედვით. გასაკვირი არაა, რომ სიაში სკანდინავიის ქვეყნები ლიდერობენ. ბოლო მონაცემების მიხედვით, ქალებისთვის ზოგიერთი არაკეთილსაიმედო ქვეყანამ ამ კუთხით წარმატებას მიაღწია, თუმცა, ისინი ამ მხრივ საუკეთესო ქვეყნებს მნიშვნელოვან სფეროებში მკვეთრად ჩამორჩებიან.

უდავოდ, ქალები გაცილებით აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შედარებით დიდი უფლებებიც გააჩნიათ თანამედროვე ეპოქაში, მაგრამ პროგრესის ტემპები ძალზე ნელია, განსაკუთრებით – მესამე სამყაროს ქვეყნებში. მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი დაუცველობის შეგრძნებით ცხოვრობს. თუ ჩვენ შევადარებთ ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებას მთელს მსოფლიოში, უსაფრთხოების, სამართლიანობისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით, ვნახავთ, რომ ამაში ევროპის, განსაკუთრებით სკანდინავიის, ქვეყნები ლიდერობენ. პირიქით, ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა ჯერ კიდევ ჩამორჩება ქალთა თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციის მიხედვით.

შვედეთი ქალებისთვის უსაყვარლესი ქვეყანაა. 10 მილიონზე მეტი შვედისთვის არ არსებობს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ცნება; ქვეყნის შეფასება – 100-ქულიანი სკალის მიხედვით, 99,7 – თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

დანია თავისი 5,8 მილიონი მოსახლით, ადამიანის განვითარების ყველაზე მაღალი რეიტინგით გამოირჩევა. მან რეიტინგში 99,4 ქულა მიიღო. სკანდინავიური ქვეყანა ყველა შესაძლო გენდერულ ბარიერს წარმატებით ართმევს თავს და ქალებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენისთვის მაქსიმალურ პირობებს უქმნის.

ნიდერლანდები – კიდევ ერთი ჩრდილოევროპული ქვეყანაა ამ რეიტინგში მაღალი ქულებით. 99,2 ქულით, 17 მილიონი მოსახლეობით, მან შემოსავლის თანაბრობის მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ნორვეგიელები ცნობილნი არიან გენდერული თანასწორობით. ქვეყანა ადამიანის განვითარების ინდექსის სათავეშია მოქცეული. მან ჩვენს რეიტინგში 98,7 ქულა მიიღო. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი აქ 82 000$-ია.

ევროპის საზღვრებს გარეთ მყოფ ქვეყნებს შორის, რეიტინგში კანადა პირველ ადგილს იკავებს. მისი 98,3 ქულა გვიჩვენებს, რომ 38 მილიონიან მულტიკულტურულ სივრცეში ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება საყოველთაო სამართლიანი საზოგადოების ფილოსოფიას ეფუძნება.

საინტერესოა, რომ დასახელებულ რეიტინგში საქართველო 52-ე ადგილზეა. მას მნიშვნელოვნად უსწრებს ჩრდილოელი მეზობელი (რუსეთი – 35-ე ადგილი), ასევე სომხეთი (43-ე ადგილი) და აზერბაიჯანი (50-ე ადგილი). სხვათა შორის, საქართველოზე წინ ამ რეიტინგში ინდოეთიც კი მოექცა (49-ე ადგილი), რომელიც ქალთა უფლებების დაცვის მხრივ მკვეთრად არასახარბიელო მდგომარეობითაა ცნობილი.

წყარო: ceoworld.biz