სტატიები

XX საუკუნის ქალები, რომლებმაც საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები შეცვალეს

სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის თანასწორობის ცნება წარმოუდგენელი რამ იყო. ძნელი წარმოსადგენია, რომ დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელ  ნაწილად ქცეული მოცემულობა, ჩვენი წინამორბედებისთვის დიდი ძალისხმევის ფასად იყო მისაღწევი.

ავსტრალიელმა მოცურავემ ანეტ კელერმანმა (Annette Marie Sarah Kellerman) სახელი იმით გაითქვა, რომ ქალთა შორის პირველმა სცადა ლამანშის გადაცურვა. მან გაბედა და 1907 წლისთვის ძალზე „უსირცხვილო“ საცურაო კოსტიუმში გადაიღო ფოტო, რის შემდეგაც იგი „უწმაწური ქმედების“ გამო დააპატიმრეს.

1955 წლის დეკემბერში, აშშ-ში შავკანიანი მოქალაქეების უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის დამაარსებელმა როზა ლი პარკსმა (Rosa Lee Parks), ავტობუსში ფერადკანიანი მგზავრებისთვის განკუთვნილ სექციაში თეთრკანიანი მგზავრისთვის ადგილის დათმობაზე უარი თქვა (თეთრების სექციაში ყველა ადგილი დაკავებული აღმოჩნდა). ისტორიულ ფოტოზე, ასეთი „გაუგონარი“ თავხედობის გამო დაკავებისას, როზასგან თითის ანაბეჭდებს იღებენ.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 1971 წლამდე, ქალებს ბოსტონის მარათონში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. ამ სულელური მორატორიუმის გაუქმებიდან 5 წლით ადრე, კატრინ შვიტცერი (Catherine Schwitzer) დისტანციაზე თვითნებურად გავიდა. ისტორიულ ფოტოზე ის მომენტია აღბეჭდილი, როდესაც იგი ტრასიდან ძალით გაჰყავთ.

ბილი ჯინ კინგმა (Billie Jean King), უიმბლდონის ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობის მხრივ რეკორდსმენმა, ამ სიაში მოხვედრა იმით დაიმსახურა, რომ მისი ინიციატივით შეიქმნა ქალთა მსოფლიო საჩოგბურთო ასოციაცია (WTA), ისეთი კალენდრითა და საპრიზო ფონდით, რომელიც კაცების ჩოგბურთისას არაფრით ჩამოუვარდება. სპორტში ქალთა თანასწორი უფლებების განსამტკიცებლად, 1973 წელს კინგმა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან ბობი რიგსთან ითამაშა და იგი გაანადგურა.

ინგლისელი მოდელი ჯინ შრიმპტონი (Jean Shrimpton) ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც გამბედაობა ეყო და საზოგადოებაში მუხლს ზემოთ სიგრძის კაბით გამოჩნდა. 1965 წლის ზაფხულში, იგი ასეთ ფორმაში მელბურნში გამართულ დოღზე წარსდგა და ნამდვილი სენსაციაც გამოიწვია.

ზუსტად ცნობილი არაა, თუ ცივილიზებული სამყაროს მკვიდრმა რომელმა ქალმა გაიკეთა პირველად ტატუ, მაგრამ 1877 წელს დაბადებული ამერიკელი მოდ ვაგნერი (Maud Wagner) ამ საქმის ერთ-ერთი პიონერი იყო. ტატუების რაოდენობაში მას ტოლს ვერავინ უდებდა. უფრო მეტიც: ვაგნერი ტატუს პირველი პროფესიონალი ქალი ოსტატი იყო.

იტალიელი ავტომრბოლელი მარია ტერეზა დე ფილიპისი (Maria Teresa de Filippis) ფორმულა-1-ის პირველი ქალი პილოტია. მისი დებიუტი 1958 წელს შედგა მთავარ სარბოლო სერიაში. ტურნირში „სირაკუზის გრან-პრი“, მეხუთე ადგილზე გავიდა არაჩასათვლელ რბოლაში. დე ფილიპისისთვის ჩემპიონატის პირველი რბოლა იმავე წელს გამართული „მონაკოს გრან-პრი“ აღმოჩნდა.