ერთი შეხედვით, სექსზე თანხმობის იდეა ძალზე მარტივი ჩანს: პარტნიორებს სქესობრივი კავშირი კეთილი ნებით და თავიანთი სურვილის მიხედვით უნდა ჰქონდეთ, თუმცა, რეალობა ხშირად თავს იმით გვახსენებს, რომ ეს თეორიული ცოდნა საკმარისი არაა. ხშირად, კლუბში შეყვარებულთან წასული გოგონა ვერავის უმტკიცებს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გააუპატიურეს, ქორწინებაში მყოფი ქალი კი პარტნიორისგან პერმანენტული სექსუალური ძალადობის პირობებში ცხოვრობს და ეს ყველაფერი ნორმად მიაჩნია.
ამიტომ, ყველა ქალისთვის აუცილებელია, იცოდეს, რას ნიშნავს თანხმობის ცნება.
რას ნიშნავს თანხმობა იურიდიული თვალსაზრისით?
თანხმობის ცნება ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში როდია გაწერილი. თუმცა, სიტუაცია იცვლება. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში თანხმობის ცნება ჯერ კიდევ 2003 წლიდან გაჩნდა. პრაქტიკაში, იგი რამდენიმე ელემენტისგან შედგება: ჯერ ერთი, ადამიანი, რომელმაც სქესობრივი კავშირის დამყარება გადაწყვიტა, გარკვეულ ასაკს მიღწეული უნდა იყოს, რათა თავისი ქმედებების შედეგების აღქმა შეეძლოს. მეორეც, იგი ამას თავისუფალი არჩევანით უნდა აკეთებდეს და არა – პარტნიორის ზეწოლით (ეს იმ პარტნიორსაც ეხება, ვისზეც მატერიალურად, იურიდიულად ან რამე სხვა ფორმითაა დამოკიდებული). მესამე – იგი არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების მიღებისგან გამოწვეული თრობის ქვეშ.
იმის შესახებ, თუ რა მიიჩნევა თანხმობად, ქართული კანონმდებლობა დუმს. ეს ცნება არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში და არც სამართალდამცავი პრაქტიკის ნორმებსა და წესებშია აღწერილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავი (სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე მუხლები) 5 ქმედებას აერთიანებს. ეს ქმედებებია:
- გაუპატიურება;
- სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება;
- პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება;
- სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში;
- გარყვნილი ქმედება.
საქართველოში სქესობრივი ურთიერთობებისათვის თანხმობის ასაკია 16 წელი. კანონით განსაზღვრულ ასაკის ქვემოთ მყოფი ბავშვების თანხმობა სქესობრივ ურთიერთობებზე სამართლებრივად არარელევანტურია. ბავშვის თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება განხილვის საგანი, თუ მან უკვე მიაღწია განსაზღვრულ ასაკს, როდესაც შეუძლია ამ თანხმობის გაცხადება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა, გაუპატიურების დეფინიცია კვლავ არის არასრული, არ შეესაბამება არც სტამბოლოს კონვენციას, არც სხვა საერთაშორისო და საუკეთესო სტანდარტებს. სქესობრივი დანაშაულების თავში ბევრი საკანონმდებლო ხარვეზი არსებობს. საუკეთესო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გაუპატიურებად უნდა ჩაითვალოს ისეთი სქესობრივი აქტი, რომელზეც ადამიანი თანახმა არ იყო, თუმცა, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ეს თანხმობის ნაკლებობა არ არის საკმარისი და აუცილებელ კომპონენტად არის მიჩნეული, რომ ქალზე ასევე სხვა ტიპის ძალადობა ხორციელდებოდეს, სექსობრივი ძალადობის გარდა, ან – ძალადობის მუქარა, ან – უმწეო მდგომარეობის გამოყენება. სხვა ქვეყნებში, ეს მოცემულობები დამამძიმებელი გარემოებებია და არა – თვითონ მუხლის შემადგენელი ნაწილი. დღეის პრაქტიკით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ქალი არ იყო თანახმა სქესობრივ აქტზე, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ მასზე სხვა სახის ფიზიკური ძალადობაც განხორციელდა, დამნაშავე დაუსჯელი რჩება.
ასაკობრივი ზღვარი, პირველ რიგში, იმისთვისაა საჭირო, რომ არასრულწლოვნები იმ ფსიქიკური და ფიზიკური ტრავმებისგან დავიცვათ, რაც მათ, შესაძლოა, განიცადონ სრულწლოვან ადამიანთან სქესობრივი კავშირისას. სქესობრივი ურთიერთობებისთვის თანხმობის ასაკის დადგენის შედეგად, მათ თავი უსაფრთხოდ, კომფორტულად უნდა იგრძნონ, უფროსების მხრიდან თავდასხმების არ უნდა ეშინოდეთ. კულტურაში, რომელიც მოზარდს უფროსის პატივისცემას უნერგავს, არასრულწლოვნისთვის ხშირად ძნელი გასათავისებელია, რომ წნეხის ქვეშ იმყოფება: მან, შესაძლოა, თავი უხერხულად იგრძნოს და თავისი ინტერესები ვერ დაიცვას, მაგალითად, კონტრაცეფციის გამოყენებისას.
სხვადასხვა ქვეყანაში, ე. წ. „თანხმობის ასაკი“ სხვადასხვაგვარია: მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, ბელგიასა და ესპანეთში იგი 16 წელს შეადგენს; აშშ-ის შტატების უმრავლესობაში 16-17 წელია; საფრანგეთში – 15 წელი; გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, იტალიასა და პორტუგალიაში – 14 წელი, თურქეთში კი – 18 წელი. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში, ყურადღება ექცევა პარტნიორთა შორის ასაკობრივ სხვაობას. ეს იმისთვის კეთდება, რომ მათ შორის ერთ-ერთი მაინც თუა არასრულწლოვანი, ასაკით ერთმანეთთან ახლო მყოფი ადამიანები (ხშირად მოზარდები), არ დაისაჯონ ნებაყოფლობითი სექსისთვის, მაგრამ, კანონი ამით არასრულწლოვანს და სრულწლოვანს მიჯნავს.
მსგავსი მოდელი მოქმედებს, მაგალითად, კანადაში: იქ თანხმობის ასაკი 16 წელია, მაგრამ მოზარდებს ერთმანეთთან სექსი უკვე 12 წლიდან შეუძლიათ, მხოლოდ იმ პირობით, რომ პარტნიორთა შორის ასაკობრივი სხვაობა ორ წელზე მეტი არ უნდა იყოს.
თანხმობის ასაკი 18 წლამდე იზრდება, როცა ერთ-ერთ პარტნიორს მეორეზე გავლენა-ძალაუფლება აქვს. ამ შემთხვევაში აუცილებელია მოზარდების დაცვა ზრდასრულთა მხრიდან ბოროტად ზემოქმედებისგან.
რას ნიშნავს თანხმობა ეთიკური თვალსაზრისით?
კანონით ყველაფერი როდი რეგულირდება, რაც სექსის დროს თანხმობას გულისხმობს. სქესობრივ აქტზე თანხმობის ცნება მოიაზრებს არამხლოდ იმას, რომ ურთიერთობაში ორი ადამიანი შედის, არამედ იმასაც, რომ ძალზე მნიშვნელოვანია თანხმობის ცნობიერად და კეთილი ნებით თქმა. მაგალითად, მძინარე ან ძლიერი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანისგან გაცნობიერებული თანხმობის მიღება შეუძლებელია. ნაწილობრივ იგივე ითქმის ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზეც, თუმცა, აქ სიტუაცია გაცილებით რთულადაა: ადამიანის თავისუფლებისა და იმ ზღვრის პირობები, როდესაც მას გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი აქვს, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვანაირია. მსგავს შემთხვევებში, აკრძალვები ხშირად ზღუდავს ადამიანის სექსუალობის უფლებას.
გარდა ამისა, სქესობრივ კავშირზე სრული თანხმობის მიღება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც პარტნიორები თანასწორნი არიან. თუ ერთი პარტნიორი მეორეზეა დამოკიდებული (მოსწავლე-მასწავლებელი, დასაქმებული-ხელმძღვანელი, პაციენტი-ექიმი და სხვ.), ძალზე რთულია, დაადგინო, გაცნობიერებული თანხმობა იყო მათ შორის, თუ – პარტნიორის ზეწოლის შედეგად მიღებული. როგორც არ უნდა ეჩვენებოდეს ორივეს, რომ მათ შორის სრული თანასწორობაა, ერთ-ერთი პარტნიორი მაინც დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფება. ზოგიერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგალითად ჰარვარდში ან იელში, სტუდენტებსა და ლექტორებს შორის ურთიერთობა ოფიციალურად აკრძალულია. უფრო მეტიც: ჰარვარდში იკრძალება ურთიერთობები მაგისტრატურისა და დაბალი კურსების სტუდენტებს შორის, რადგან უფროსებს უმცროსების სწავლაზე გავლენის მოხდება შეუძლიათ, მაგალითად მაშინ, როდესაც აფასებენ ან კურირებენ მათ შრომებს.
თანხმობის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია ქორწინებაშიც, სადაც, სამწუხაროდ, ასევე ვხვდებით ძალადობას. საზოგადოებაც და კანონმდებლებიც, მსგავს სიტუაციებს ხშირად ყურადღებას არ აქცევენ: არსებული სტერეოტიპების თანახმად, მოძალადეები ყოველთვის უცხოები არიან, რომლებიც ადამიანს ქუჩაში უცაბედად ესხმიან თავს. მაგრამ, სიმართლე ისაა, რომ მსხვერპლი ძალიან ხშირად ძალადობას სწორედ ყოფილი ან ამჟამინდელი პარტნიორის/ქმრის მხრიდან განიცდის. სექსუალური ძალადობა ურთიერთობებში – ეს არის იგივე იძულება სექსუალურ ქმედებებზე მუქარის, ძალის ან შანტაჟის გამოყენებით. ჩვენთან, ქორწინებაში ძალადობის შესახებ ძალიან იშვიათად საუბრობენ; საზოგადოებაში მყარადაა ფესვგადგმული სტერეოტიპული წარმოდგენები „ცოლ-ქმრულ მოვალეობაზე“, რომლის შესრულების ვალდებულებაც აკისრია ქალს, მიუხედავად მისი ნება-სურვილისა.
ბევრ ქვეყანაში არსებობს ქორწინებაში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ზომები: დიდ ბრიტანეთში იგი კრიმინალიზებულია 1991 წლიდან, აშშ-ში – 1993-დან. თუმცა, ზოგან მსგავსი კანონი დღემდე არ არსებობს. მაგალითად, ინდოეთში ქალები 40-ჯერ მეტად ხდებიან პარტნიორების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე – უცხოებისგან. აქაურ კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ ქალი 15 წელზე მეტი ასაკისაა, ქორწინებაში მასთან სექსი გაუპატიურებად აღარ მიიჩნევა.
როგორ ხორციელდება თანხმობის იდეა პრაქტიკაში?
სექსუალურ ძალადობაზე საუბრისას, მსოფლიოში ხშირად იყენებენ ფორმულირებას „არა ნიშნავს არას“: კალიფორნიის უნივერსიტეტებში, მაგალითად, ამ ფორმულირების კანონში ასახვის მოწოდებებიც კი გაჩნდა. თითქოს ამ ორ ცნებას შორის განსხვავება არაა, მაგრამ ეს სწორი არაა. „არა ნიშნავს არას“ გულისხმობს, რომ დუმილი შესაძლოა, თანხმობის ნიშნად იქნას აღქმული. ანუ, თუ მსხვერპლს არ უთქვამს „არა“ ან უარი არასათანადოდ მკაფიოდ თქვა, ეს გაგებულია, როგორც ავტომატური თანხმობა იმაზე, რასაც მას უკეთებენ. ამის შედეგად, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ ქალს (ჩვენ ვიცით, რომ მოძალადე ხშირად იყენებს მსგავს ხერხებს მსხვერპლზე ძალადობისთვის), რომელსაც გონება დაბინდული აქვს და რეალურად არც „კის“ და არც „არას“ გაცხადება არ შეუძლია, ადვილად მიეწერება ის, რაც მის თავს მოხდა: მას ხომ არა არ უთქვამს? ამიტომაც, ფორმულირებას „არა ნიშნავს არას“, ნაწილობრივ, ძალადობის კულტურას მიაწერენ: იგი მომხდარზე პასუხისმგებლობას ყოველთვის მსხვერპლს აკისრებს, რომელიც, თითქოს, არ შეეცადა დანაშაულის თავიდან არიდებას.
ზოგჯერ, თანხმობის ასეთი სიტყვასიტყვითი გაგება მოძალადის დასჯის საშუალებას არ იძლევა: მაგალითად, ამის გამო, ალკოჰოლით გრძნობადაკარგული გოგონას გამაუპატიურებელი მოძალადის, სტენფორდის ყოფილი სტუდენტისთვის გაუპატიურებაში ბრალის წაყენება შეუძლებელი გახდა – მას მხოლოდ 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. შტატის კანონის თანახმად, გაუპატიურებისას, მსხვერპლის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა უნდა დაფიქსირდეს, მაგრამ გოგონას გრძნობა ჰქონდა დაკარგული და „არას“ თქმა არ შეეძლო.
დებულება „კი ნიშნავს კის“ (ასევე არასრულყოფილია, თუმცა აზუსტებს იმას, რაც ეპარება „არა ნიშნავს არას“) ხაზს უსვამს, რომ თუ მსხვერპლი პირდაპირ არას არ ამბობს და წინააღმდეგობას არ სწევს, არ ნიშნავს იმას, რომ მომხდარს ეთანხმება. მსგავს მოდელს affirmative consent-ს უწოდებენ, ანუ მკაფიო და არაორაზროვან თანხმობას: თუ ადამიანი ნათლად, იძულების გარეშე არ გამოხატავს, რომ სექსზე თანახმაა, მასთან სექსუალური ხასიათის ნებისმიერი მოქმედება გაუპატიურებად მიიჩნევა. გარდა ამისა, თანხმობა ვერ იქნება „მარადიული“, მისი უარით შეცვლა ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია: შესაძლოა, ერთ-ერთმა პარტნიორმა თავად პროცესის დროს გადაიფიქროს და თქვას, რომ სექსი არ სურს, გარკვეულ მოქმედებებზე უარი თქვას, მეორემ კი მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს.
იძულებით, მანიპულაციით ან ფსიქოლოგიური ზეწოლით მიღებული თანხმობა თანხმობად არ ითვლება
პრაქტიკაში ასეთი საკითხები ხშირად გაურკვევლობას იწვევს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „შემდეგ ქმედებაზე“ გადასვლისას, ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა დავაზუსტოთ პარტნიორთან, თანახმაა თუ არა იგი? ხომ არ მოკლავს ეს სპონტანურობას ურთიერთობებში? გასათვალისწინებელია თუ არა არასიტყვიერი სიგნალები, და ამ შემთხვევაში სად გადის ზღვარი? თუ თანხმობად მხოლოდ პირდაპირ კითხვაზე პირდაპირი პასუხი „კი“ ითვლება?
„კი ნიშნავს კის“ მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ სადავო სიტუაციებში, მოვლენის ერთ-ერთი მონაწილე ავტომატურად ხდება დამნაშავე, უბრალოდ, მეორე მხრიდან წამოსული სიტყვების გამო. არსებობს გავრცელებული აზრი, რომ შესაძლოა, ქალი დათანხმდეს სექსზე, მოგვიანებით კი გადაიფიქროს და პარტნიორი გაუპატიურებაში დაადანაშაულოს. ეს მითია, რომელსაც არანაირი არგუმენტირებული საფუძველი არ აქვს: სტატისტიკის თანახმად, გაუპატიურებაში ცრუ დადანაშაულება უკიდურესად იშვიათია. ბრიტანული პოლიციის წარმომადგენლები სრულიად სხვა სიტუაციებზე საუბრობენ: როდესაც მსხვერპლი მაშინვე ვერ ხვდებოდა, რომ ზეწოლის ქვეშ იმოფებოდა და სინამდვილეში, მას სექსისკენ მიზანმიმართულად და ჯიუტად უბიძგებდნენ.
სინამდვილეში, „კი ნიშნავს კის“ საზღვრებს სულაც არ შლის – ამ დებულებას უბრალოდ გამოვყავართ გაურკვევლობიდან და ძალადობის კულტურის განუკითხაობიდან, გვასწავლის პარტნიორის სურვილის პატივისცემას (მათ შორის, სურვილის არქონისაც). თანხმობა, რომელიც დაჟინების, დაძალების, მანიპულაციებისა და ფსიქოლოგიური წნეხის მეშვეობითაა მიღებული („რა მოგივიდა, რა მოხდა, ერთს მოგეფერები…“, „რა იყო, რამეს ხომ არ ვაშავებ, ჩახუტება მინდა შენი“), – თანხმობად ვერ ჩაითვლება. ნორმები და წესები, რომელიც თანხმობას ეხება, ჩვენს თვალწინ იცვლება. ყველაფრის გასაღები ღია და კეთილსინდისიერი საუბარია, რომლის გარეშეც შეუძლებელია სექსიც და ურთიერთობებიც. და აქ ორიენტირება მხოლოდ საკუთარ განცდებზე კი არა, იმაზეც საჭიროა, თუ რას ფიქრობს პარტნიორი.