სექსუალობა / სტატიები

„მის სამყაროს“ თმა – რისგან გაათავისუფლა ზოზიბინი ტუნზიმ მილიონობით ქალი?

„მე გავიზარდე სამყაროში, სადაც ჩემნაირი კანის, თმის, ზოგადად გარეგნობის ქალები ლამაზებად არასოდეს მიიჩნეოდნენ. დადგა სხვა დრო, და ეს ხედვა შეიცვალა“, – ბზარნარევი ხმით განაცხადა 2019 წლის კონკურს Miss Universe-ის 26 წლის გამარჯვებულმა ზოზიბინი ტუნზიმ (Zozibini Tunzi).

ნაომი კემპბელმა – მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა შავკანიანმა მოდელმა, ზოზიბინი ტუნზის ეს ამაღელვებელი სიტყვა თავის ტვიტერზე უკომენტაროდ გააზიარა. მილიონობით აფრიკელი, ამერიკელი და ევროპელი ქალისთვის ისედაც ყველაფერი გასაგები იყო.

მაგრამ, რა სჭირდა ზოზიბინი ტუნზის თმას, რომელსაც მან ასეთი განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო?

ტუნზის თმა თითქმის არ ეტყობა – მოკლედ აქვს აჭრილი. თუმცა, ამ მოკლე თმაზეც კარგად ჩანს, რომ ხვეულია, აფრიკული.

არც დამუშავებული, არც მბრწყინავი, არც გასწორებული, არც – შეღებილი. ისეთია, როგორიც არის. მსგავსი თმის ხილვა გლამურულ პოდიუმზე, ოფისში ან აშშ-ის კონგრესში თითქმის შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ აქ მომუშავე ქალები მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს ასრულებენ. სამხრეთაფრიკელი ზოზის – მის სამყარო 2019-ის ვარცხნილობამ მილიონობით ქალს უჩვენა, რომ ახლა ნატურალურად ხვეული „აფრო“ არამხოლოდ მისაღებია, არამედ – პლანეტაზე იდეალური სილამაზის ნიმუშადაც მიიჩნევა.

დევნა და დამორჩილება

„ჩემი თმა – ღრმა, უდიდესი სირცხვილის ნამდვილი წყაროა“, – წერს ირლანდიელი მოდელი და ტელეწამყვანი ემა დაბირი (Emma Dabiri) თავის წიგნში „ხელი არ ახლო ჩემს თმას!“ (Don’t Touch My Hair!). ემა – ნიგერიელისა და თეთრკანიანი ტრინიდადელის შვილი, გასული საუკუნის 80-იან წლებში ირლანდიაში ცხოვრობდა. ხვეული თმა პატარა გოგონასთვის მალე იქცა ტვირთად, მტრად, სირცხვილის წყაროდ. იგი იძულებული გახდა, თმა დაემალა, გაესწორებინა, დაემოკლებინა და მუდმივად დაემორჩილებინა.

„ევროპეიზებული სწორი თმის სასტიკი და ძალადობრივი დიქტატი მთელი XX საუკუნის მანძილზე განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობოდა იმ ქვეყნებში, სადაც კოლონიური კვალი დარჩა, – ამბობს ტელეწამყვანი ალექსანდრა შეველევა, – ამერიკაში XX საუკუნის დასაწყისში შავკანიანი ქალები თმას უკვე უთოთი ისწორებდნენ, – ნამდვილი უთოთი, სამზარეულოში, ცხელი ზეთის დახმარებით. ეს საშინელება იყო, რადგან ისინი ამ დროს უამრავ დამწვრობას იღებდნენ. ქიმიის განვითარებასთან ერთად, გამოჩნდა უფრო „პროგრესული“ მეთოდები – ტუტოვანი ხსნარები, ანუ რელაქსანტები. მათი გამოყენებით, ქალები დღემდე ისწორებენ თმას – თვეში ერთხელ, ან რამდენიმე თვეში ერთხელ. ამ მეთოდს ისინი 6 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვისაც იყენებენ. ამას ჰქვია cool hair – „მაგრობა თმა“, ანუ ბუნებრივი თმა not cool გამოდის“.

„ჩემი მოზარდობისას, თმის პერმანენტული გასწორება სავალდებულო იყო. ბუნებრივი აფრიკული თმა მოუვლელად და უშნოდ ითვლებოდა. ამიტომაც, თმას მუდმივად ვისწორებდი“, – ამბობს 25 წლის ჯანეა, ტეხასიდან.

თუ საბჭოთა ქალისთვის სიტყვა „ქიმია“ ხანგრძლივ ქიმიურ დახვევას ნიშნავდა, აფრიკული წარმოშობის ქალისთვის „პერმანენტი“ პირიქით, თმის გასწორების ქიმიური პროცედურა იყო. თუმცა, შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი იყო: უსიცოცხლო, ცოცხისებრი სტრუქტურის რაღაც, თმად ხსენებული.

„ჩემი მშობლების თაობას მტკიცედ სჯეროდა, რომ ხვეულთმიან ადამიანთან თანამშრომლობის სერიოზულად აღქმა შეუძლებელი იყო. სამუშაო ადგილზე ვერავინ აღგიქვამდა პროფესიონალად, სხვების თანასწორად. ამიტომაც, პერმანენტი და თმის გასწორება საზოგადოებაში გარევისა და „თავისიანად“ ცნობის ერთადერთი გზა იყო“, – ამბობს ჯანეა.

„გლამურულ“ ინდუსტრიაში კარიერისთვის, დამატებით, თმის „გაპრიალებაც“ იყო საჭირო: უთოთი, აბრეშუმით, კერატინით ან პროტეინებით. ამის გარეშე, ე. წ. მე-4 ტიპის ხუჭუჭა, უხეში თმის პრიალა დალალებად გარდაქმნა შეუძლებელი იყო.

თმას კერატინით მეგან მარკლიც ისწორებს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად იგი ყოველთვის ამაყობს თავისი გენეტიკით. იგი თავის ადრეულ ფოტოებს გულმოდგინედ მალავს.

კანცეროგენული “მოვლა“

ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ამერიკული კვლევის თანახმად, თმის ქიმიურად დასამუშავებელი და შესაღები პრეპარატების მუდმივი გამოყენება, შესაძლოა, მუქკანიან ქალებში მკერდის კიბოს რისკს ზრდიდეს.

აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის კვლევაში დაკვირვება 35-დან 74 წლის ჩათვლით 46 000 ამერიკელ ქალზე მიმდინარეობდა, რომლებსაც მკერდის კიბოს მომატებული რისკი აღენიშნებოდათ.

დაავადებულთა 30% აღმოჩნდნენ ის ქალები, რომლებიც მუდმივად იყენებდნენ თმის გასასწორებელ საშუალებებს.

თმის მსგავს გასასწორებელ პრეპარატებს შავკანიანი ამერიკელი ქალების უმრავლესობა იყენებს (ამ კონკრეტულ კვლევაში, აფროამერიკელი ქალების 75%-მა განაცხადა, რომ ქიმიურ საშუალებებს მთელი ცხოვრების მანძილზე მიმართავს).

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი თმის გასწორებასა და მკერდის კიბოს შორის ამ მონაცემებით არ დგინდება, მაგრამ New York Times-ის თქმით, თმის საშუალებებში კანცეროგენების შემადგენლობა მედიკოსებს შეშფოთების საფუძველს ნამდვილად აძლევს.

რელაქსანტებში, რომლებსაც მილიონობით ამერიკელი ქალი იყენებს, არის ფორმალდეგიდები და ქსენოესტროგენები (ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმზე ჰორმონი ესტროგენის ანალოგიურად მოქმედებენ), და ეს ასევე ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს. ზოგიერთი ინგრედიენტი ევროკავშირში აკრძალულიცაა.

პარიკი

თერმული და ქიმიური დამწვრობა თმის ცვენას და გამელოტებასაც იწვევს, ზოგჯერ მთლად ახალგაზრდა გოგონებშიც კი. ეს იმით მთავრდება, რომ გოგონა ადრეული ასაკიდანვე იწყებს შინიონის, მიმაგრებული თმის ან პარიკის ტარებას.

პარიკი შავკანიანი და ფერადკანიანი ქალების განუყოფელი აქსესუარია არამხოლოდ დასავლეთში, არამედ – „დიდი ოცეულის“ ქვეყნებშიც. ეს მრავალმილიარდიანი ინდუსტრიაა, რომელმაც გლობალიზაციის ყველა პრინციპი განახორციელა. ნატურალური პარიკის მასალად, ძირითადად, ინდოელი ქალების თმას იბარებენ – იგი დაცულია ნებისმიერი სახის ქიმიური ზემოქმედებისგან. ვიშნუს რელიგიური რიტუალის მოთხოვნით, ინდოელი ქალები თავიანთ თმას ტაძარში ტოვებენ, ტაძრები კი თმას პარიკების ფაბრიკებს აბარებენ. ნატურალური პარიკების ბრუნვის მთლიანი მოცულობა მსოფლიოში 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მისი წარმოების ჯაჭვის ყოველ რგოლზე, უფლებადამცველთა თქმით, ჩაგვრის ერთი ან რამდენიმე ასპექტი მოდის. აზიის ქვეყნებში, პარიკების ფაბრიკაში ძირითადად ქალები მუშაობენ. აქ შრომის პირობები და ანაზღაურება კატასტროფულ კონტრასტშია ბიზნესის მფლობელების შემოსავალთან.

აზიელი მშრომელი ქალებიდან, პარიკები ოკეანეს კვეთენ, სადაც მათ აფროამერიკელი ქალები ელიან. ბევრი ფერადი ქალისთვის, განსაკუთრებით უფროს ასაკში, ცხოვრება პარიკის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, მას ინტენსიურად იყენებენ ახალგაზრდებიც.

ზოზიბინი ტუნზის – პროფესიონალ მოდელს – ასევე ჯიუტად ურჩევდნენ „მის სამყაროზე“ პარიკით გამოსვლას. „დაო, ჩვენ კი ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ უბრალოდ დაფიქრდი, – იქნებ პარიკი გაიკეთო, ან შინიონი მაინც იყიდო? – მეუბნებოდნენ მეგობრები. ძალიან მწყინდა, მაგრამ ისინი უბრალოდ იმას იმეორებდნენ, რასაც საზოგადოება ბევრი წლის მანძილზე გვასწავლიდა და რაც გამოწრთობილი ფოლადივით ჩაგვეკირა ცნობიერებაში“, – იხსენებს გოგონა.

Big chop

ხვეული თმის გასწორების ვალდებულებას ქალები, რა თქმა უნდა, შეეწინააღმდეგნენ. ეს მოძრაობა ამერიკაში ჩაისახა, ოპრა უინფრისა და მიშელ ობამას თაობის შვილებში. ეს თაობა ახლა 20-30 წლისაა და იგი თამამად ეუბნება „არას“ ცხოვრების ამ წესს. „მე არ მინდა, რომ დედაჩემივით მთელი ცხოვრება ფენით და ტუტოვანი ქიმიკატებით ვირბინო. მე გავუფრთხილდები ჩემს სილამაზეს და მთელს მსოფლიოს ვუჩვენებ ჩემს თმას ისეთს, როგორიც სინამდვილეშია“, – ამბობენ ისინი.

ეს გოგონები მიდიან სალონებში და „თმის დიდ ჭრას“ (big chop) იკეთებენ – მთლიანად იჭრიან ქიმიურად დამუშავებულ თმას, იტოვებენ მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის თმას და მას თავისუფლად ზრდის შესაძლებლობას აძლევენ.

„დაახლოებით ოთხი წლის წინ, რელაქსანტების გამოყენება შევწყვიტე: ვთქვი, რომ ეს არის სრულიად უსარგებლო და არაჯანსაღი პროცედურა, – გვიამბობს ჯანეა ტეხასიდან, – გასწორებული თმის გაზრდა შეუძლებელი იყო: გარკვეული სიგრძის მიღწევის შემდეგ, იგი უბრალოდ ვეღარ იზრდებოდა. ჰოდა გადავწყვიტე, ნატურალური თმა მომეშვა, ისეთი, როგორიც არის“.

ირლანდიელმა მწერალმა და მოდელმა ემა დაბირიმ „დიდი ჭრა“ 7 წლის წინ შეასრულა, ხოლო მის სამყარო-2019-მა ზოზიბინი ტუნზიმ – დაახლოებით 3 წლის წინ. „უბრალოდ, ძალიან მომბეზრდა სალონებში საათობით ჯდომა. ამაში იდეოლოგიური აზრი არ ჩამიქსოვია – უბრალოდ, რაღაც ახლის ცდა გადავწყვიტე. გათავისუფლება ერთი მახრჩობელა სტანდარტის მეორეთი ჩანაცვლება არაა. ამიტომაც, მე არ ვამბობ, რომ ხვეული თმის პატრონებმა დაბალზე გადაკრეჭილებმა ვიაროთ, მე ქალებს ვეუბნები: თქვენ იქნებით მშვენიერები, თუ ამას მოისურვებთ – თქვენი ფორმებით, კანით, ჭორფლით“, – ამბობს ზოზიბინი.

ამ მოძრაობას უფროსი ასაკის ქალებიც შეუერთდნენ. YouTube სავსეა ისეთი ვიდეორგოლებით, სადაც 50-60 წლის ქალები თავიანთ პარიკებს იხდიან და ნაგავში ყრიან. თმის გასწორებაზე უარი თქვეს მიშელ ობამამ და ოპრა უინფრიმაც.

ასე მოულოდნელი სახით გავრცელდა ემა დაბირის მიერ გაჟღერებული გათავისუფლების გზავნილი. წიგნის “ხელი არ ახლო ჩემს თმას!” წაკითხვის შემდეგ, ტაუნლის გრამატიკულმა სკოლამ – ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი წესების მქონე სასწავლო დაწესებულებამ, “თმის მკვეთრი ფერისთვის” შემოღებული დისციპლინური სასჯელი შინაგანაწესიდან ამოიღო. ჭრელაჭრულა თმის ნაწნავში ჩართვა სწორედაც რომ შავკანიან მოსწავლებს უყვართ და სასჯელიც ყველაზე ხშირად მათ ეხებოდა. “თითქოს გონება გამინათდა და მივხვდი, რომ ეს სასჯელი სრულიად შეუსაბამო იყო. მე ვკრძალავდი თმის “არაბუნებრივ ფერს”, ჰოდა, საერთოდ რა არის “ბუნებრივი”? ამიერიდან, მოსწავლეებს შეუძლიათ, ნებისმიერი ვარცხნილობით მოვიდნენ სკოლაში, ეს მათი ასარჩევია”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა დესმონდ დიჰანმა.

ნამდვილი სილამაზე – ეს გაცილებით მეტია, ვიდრე თმა ან უთმობა. საუბარია საკუთარი თავის მიღებაზე ისეთად, როგორიცაა, მისი თავისებურებებითა და განსაკუთრებულობით. ვიმედოვნებ, ქალებს მივეცი შთაგონება, იყვნენ ნამდვილები. მე არ მრცხვენია საკუთარი თავის და სიმართლის, და ეს სხვებსაც დაეხმარება თავიანთი სიმართლის დაცვაში”, – ამბობს ზოზი.