სტატიები

ამერიკელი კანონმდებლები 25-ცენტიანზე ქალების გამოსახულების დატანას მოითხოვენ

მთელი ისტორიის მანძილზე, ამერიკულ მონეტებზე გამოსახული ადამიანების უდიდესი ნაწილი კაცია.

კალიფორნიელმა დემოკრატმა ბარბარა ლიმ (Barbara Lee) და რესპუბლიკელმა ბრიუს პოლიკინმა (Bruce Poliquin) მენის შტატიდან, კანონპროექტი წარადგინეს, რომლის თანახმადაც, 25-ცენტიან მონეტებზე ამერიკის ისტორიაში ცნობილი ქალების გამოსახულებები უნდა იქნას დატანილი.

პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე საიუბილეო კოლექციის იმიტაცია იქნება, აშშ-ის ზარაფხანამ უნდა გამოუშვას მონეტები, 50-ივე შტატის, ხუთი ტერიტორიისა და კოლუმბიის ოლქის ლიდერების მიერ არჩეული ცნობილი ქალების გამოსახულებით. მათი პორტრეტები გამოისახება მონეტების უკანა მხარეს, ჯორჯ ვაშინგტონის პორტრეტის საპირისპიროდ.

„ჩვენ ძალიან ბევრი ქალი გვყავს, რომლებიც დაუფასებელი გმირები არიან, და მათი მიღწევები აღიარებული არაა. ეს კანონპროექტი საშუალებას მოგვცემს, ხაზი გავუსვათ მათ დამსახურებას და გვახსოვდეს, ვინ არიან ისინი და რა გაუკეთებიათ. ვფიქრობ, ეს საკითხი მართლაც დიდი ხნის მომწიფებულია“, – ამბობს ბარბარა ლი.

კანონპროექტის თანახმად, ყოველი შტატის გუბერნატორი ან ოფიციალური პირი ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციებთან კონსულტაციით წყვეტს, თუ ვინ უნდა გამოისახოს მონეტებზე. შერჩევის კიდევ ერთი კრიტერიუმი ისაა, რომ მონეტაზე გამოსახული ინდივიდი უკვე გარდაცვლილი უნდა იყოს.

დიზაინის პირველი მაკეტები 2020 წლისთვის იქნება მზად, ქალებისთვის ხმის უფლების მოპოვებიდან 100 წლისთავზე. ლის თქმით, მონეტები მიმოქცევაში 2021 წლიდან ჩაეშვება.

ლი ამ კანონპროექტის შედგენაზე, პრეზიდენტი ობამას ყოფილ ხაზინადარ როზი რიოსთან (Rosie Rios) ერთად, წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა. რიოსი მთელი ძალისხმევით იბრძოდა იმისათვის, რომ ამერიკულ ვალუტაზე რაც შეიძლება მეტი ქალი ყოფილიყო წარმოდგენილი. მას სურდა, 10$-იანის ფრონტზე ქალი ყოფილიყო გამოსახული, მაგრამ მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ჯეკ ლიუმ (Jack Lew) საბოლოო ჯამში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა, თუმცა პირობა დადო, რომ ერთ მშვენიერ დღეს 20$-იანზე ჰარიეტ ტუბმანი (Harriet Tubman) ენდრიუ ჯექსონს შეცვლიდა, და რომ 10$-იანის მეორე მხარეს ქალი ლიდერების ფოტოკოლაჟი განთავსდებოდა.

პრეზიდენტი ტრამპის ხაზინის მდივანს სტივენ მნუჩინს (Steven Mnuchin), არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა ლიუს გეგმის განხორციელებას.

იმის პარალელურად, რაც რიოსი 10$-იანზე ქალის გამოსახვისთვის იბრძოდა, იგი ლისთან ერთად მუშაობდა მონეტების კანონპროექტზე. საქმე იმაშია, რომ ხაზინის გამგებლობას ქაღალდის ფულის ცვლილებაზე არ სჭირდება საკანონმდებლო ნებართვა, მონეტის შეცვლისგან განსხვავებით, რომელსაც კონგრესი ამტკიცებს.

„მთელი გეგმა მქონდა შემუშავებული. ვიცოდი, რომ განახლებული მონეტებისა და ვალუტის გამოშვების დრო 2020 წელს ემთხვევა, ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მოპოვებიდან ასი წლისთავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარს მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს!“, – გვიამბობს რიოსი.

წყარო: money.cnn.com