ბლოგები

ანუკ ბელუგა, ფემინისტური დღიურები

ფემინისტურ ბრძოლაში ჩემი მონაწილეობის საჭიროება ვიგრძენი 2011 წელს, როცა გააქტიურდა  აბორტის აკრძალვის მოთხოვნა საზოგადოებაში. ცხადია, ეს არც პირველი შემთხვევა ყოფილა, არც უკანასკნელი, მაგრამ ჩემ პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველი იყო. აბორტის, ანუ ქალის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების აკრძალვის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე ქალების მსვლელობა პირველი აქცია იყო, რომლის დაგეგმვაში და განხორციელებაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. ქალების ამ გაერთიანებას „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ დავარქვით და შემდეგ ხშირად ვმართავდით საპროტესტო აქტივობებს ქალების უფლებების აღიარების და დაცვის მოთხოვნით.

ფემინისტური ბრძოლის დასაწყისში, საკითხები უფრო ზოგადი იყო. ფემინიზმისთვის საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, ჯგუფი შოკისმომგვრელ ეფექტს არ ერიდებოდა. ძირითადად, კულტურულ ჭრილში განიხილებოდა ქალების პრობლემები. შემდეგ ნელ-ნელა სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი შემოვიდა, გაჩნდა სხვა ფემინისტური და ფემინიზმთან პოლიტიკურად ახლოს მყოფი ჯგუფებიც და წესით უფრო „მიწიერი“ უნდა გამხდარიყო ბრძოლა, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ ვერ იკიდებს ფეხს ამ კონტექსტში ფემინისტური ბრძოლის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი და ისევ კულტურული მხარეა წამყვანი. ჯგუფები აზრთა სხვადასხვაობის გამო ხშირად ემიჯნება ერთმანეთს და ვერ ხერხდება საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება.

აქტივიზმში ჩემი ყოფნისას დაბრკოლება ჯგუფის წევრებს და ჯგუფებს შორის უთანხმოება იყო ყოველთვის. ჩემთვის პოლიტიკურ აქტივიზმში არაფერია პირადი, ყველაფერი კოლექტიურია. როცა კოლექტივში უთანხმოებაა სხვადასხვა მიზეზების გამო, ინფორმაციის ნაკლებობა იქნება ეს, პოლიტიკური ცნობიერების არასაკმარისი განვითარება თუ კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების პრობლემები, ამაზე დიდი დაბრკოლება არ არსებობს. ვაფასებ ყველას ძალისხმევას, ხშირად უანგაროს და აუნაზღაურებელს, რომელიც დაიხარჯა და ახლაც იხარჯება აქტივისტების ერთმანეთთან თანამშრომლობაში, ფემინისტური საკითხების სწორად გაჟღერებაში, ურთიერთგანვითარებაში და ა.შ.

ბევრი ვისწავლეთ ერთმანეთისგან, სხვა პოლიტიკური ჯგუფების თანამშრომლებისგანაც და ფაქტობრივად, შეუძლებელი მგონია ამ გამოცდილების ჯერ ვერბალურად აღწერა და მერე ვერბალურადვე გაზიარება. სასურველია, ახალ აქტივისტებს ისე გავუზიაროთ ხოლმე ეს გამოცდილებები, როგორც ძველები ვუზიარებდით ერთმანეთს. თითქმის თავისთავად, თითქმის უნებლიეთ.

ქართულ კონტექსტში, ჩემი აზრით, ფემინისტებს შეუძლიათ გავლენის მოხდენა სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ მდგომარეობაზე და რაღაც დონეზე ახდენენ კიდეც, თუმცა საკითხების სწორად არტიკულირების პრობლემას მაინც ვაწყდებით. ჯერ მაინც ვერ მოძებნა ფემინიზმმა მყარი იდეოლოგიური კალაპოტი.

დამოუკიდებელ საქართველოში ფემინიზმის განვითარება მკვეთრად შესამჩნევი არ არის ჩემი აზრით, თუმცა ცვლილებები, რა თქმა უნდა, ბევრი იყო და მომავალშიც იქნება. პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისში, ახლანდელთან შედარებით, ფემინისტური პოლიტიკა უფრო ნაციონალისტური იყო. ნელ-ნელა სოციალური ასპექტები შემოდის და პოლიტიკური ცნობიერების ამ კუთხით განვითარება გარდაუვალი ხდება.

ჩემი აზრით, ფემინისტური აქტივიზმი კულტურულ ჩიხშია მოქცეული და საჭიროა მისი გაფართოვება. ფემინიზმმა არ უნდა გააქროს ქალის იდენტობა, მაგრამ არც უნდა აწარმოოს ეს იდენტობა. არ უნდა ააგოს პოლიტიკა ამ იდენტობაზე. არ უნდა იტრიალოს წარმატებული სუპერგმირის ხატის ირგვლივ, რომელსაც მხოლოდ სქესს შეუცვლის.

უკეთესი იქნებოდა, ფემინიზმს აეღო ახალი, ანუ კარგად დავიწყებული ძველი მისია, ქალის მდგომარეობის დანახვა, აღიარება და გაუმჯობესება არა „გაძლიერების“, „დამოუკიდებლობის“ და „თავისუფლების“ ისტერიული მოთხოვნით, არამედ მისი რეალურად არსებითი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილებით.