"საფარის" აქტივობები

არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ღია საზოგადოება – საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საფარი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), თანასწორობის მოძრობა, თემიდა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ცენტრი) მთავრობას მიმართავს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადააყენოს.

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა რიგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი ჩვენ კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, ჩვენ მას კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე“,– განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თეა წულუკიანი ადეკვატური არ არის.

ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში დაწყებული რეფორმები, ასევე ნარკოპოლიტიკის რეფორმა თეა წულუკიანის გამო შეფერხდა, ან საერთოდ ჩავარდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, აღნიშნა, რომ თუ მთავრობას სურს კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და რეალური ცვლილებები, საჭიროა იუსტიციის მინისტრის გადაყენება და მთავარი პროკურორის შერჩევის ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესის წარმართვა.