არგენტინის პარლამენტის ქვედა პალატამ 14 კვირამდე ვადაზე აბორტების ლეგალიზაციას მისცა ხმა. კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებს ოპერაციის გაკეთებაზე უარის თქმა აეკრძალებათ. კანონპროექტის მომხრე 129 დეპუტატი აღმოჩნდა, 123 – წინააღმდეგი, ერთმა კი თავი შეიკავა. კენჭისყრა თითქმის 22 საათი გრძელდებოდა. ახლა, დოკუმენტი განსახილველად სენატს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ იგი სენატსაც წარმატებით გაივლის, ქვეყნის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი მას ხელს აუცილებლად მოაწერს.
“დეპუტატრბმა ისტორიული, ნამდვილად დემოკრატიული დებატები გამართეს. ჩვენ შევძელით, აზრთა სხვადასხვაობა ურთიერთპატივისცემის, თმენისა და ერთმანეთის მოსმენის პირობებში დაგვერეგულირებინა. კარგად გვესმის, რომ დიალოგის გზა ჩვენი მომავლის ერთადერთი საშუალებაა. ამიტომაც, ყველას ვულოცავ იმ პირობებში, რომ დისკუსიამ სენატში გადაინაცვლა”, – განაცხადა მაკრიმ.
კანონპროექტის განხილვისას, კონგრესის შენობასთან შეიკრიბნენ აბორტის ლეგალიზაციის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. “ეს გადაწყვეტილება გვაწყენინებს, როგორც არგენტინელებს, მაგრამ ტკივილი ძალასა და იმედში უნდა გადაიზარდოს, რათა თითოეული სიცოცხლისთვის ბრძოლა განვაგრძოთ”, – განაცხადა კათოლიკე ეპისკოპოსთა ყრილობამ.
ამჟამად, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა არგენტინაში მხოლოდ გაუპატიურების შემთხვევის ან დედის ან ნაყოფის სიცოცხლის რისკის დროსაა ნებადართული. დანარჩენ შემთხვევაში, აბორტი დანაშაულია.