სახელგანთქმულმა სერბმა არტისტმა, თანამედროვე პერფორმანსის „ბებიამ“ მარინა აბრამოვიჩმა (Marina Abramović), გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არასოდეს სურდა დედობა და ცხოვრების ოჯახისთვის მიძღვნა. მარინამ ისიც გაიხსენა, რომ ორსულობის შეწყვეტის მიზნით, ცხოვრების მანძილზე ექიმებისთვის სამჯერ მიუმართავს.
„არც ქმარი მყავს, არც ოჯახი, მე სრულიად თავისუფალი ადამიანი ვარ. არასოდეს მსურდა ბავშვების ყოლა, რადგან ოჯახი და ბავშვებზე ზრუნვა ჩემი საქმის კეთებაში ხელს შემიშლიდა. ადამიანის სხეულს ენერგიის საკმაოდ შეზღუდული მარაგი გააჩნია და ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, ქალს მისი განაწილება უხდება, რაც შემოქმედებისთვის ნამდვილი კატასტროფაა.
იმის მიზეზი, რომ ქალები ხელოვნებაში კაცებთან შედარებით იშვიათად არიან წარმატებულნი, სწორედ ბავშვების გაჩენაა. მსოფლიოში უამრავი უნიჭიერესი ქალია, რომლებსაც ხელოვნებისთვის საკუთარი ცხოვრების მიძღვნა შეუძლიათ, მაგრამ პრივილეგირებული პოზიციები ისევ კაცებს ხვდებათ, რადგან ბევრი ქალი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სიყვარულს, ოჯახსა და ბავშვებს ირჩევს.
ჩემთვის დედობა შეუძლებელი იმიტომაც არის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ გასტროლზე დავდივარ. საკუთარ შემოქმედებას სურათივით გამოფენაზე ვერ გავგზავნი, მაყურებელმა თავად უნდა მნახოს. ბოლო წლის მანძილზე, ნიუ-იორკში მხოლოდ 20 დღე გავატარე. ვერ გეტყვით, მსურს თუ არა სხვაგვარად ცხოვრება“, – აღნიშნა სახელგანთქმულმა არტისტმა.
რამდენიმე ხნის წინ, მარინამ ჟურნალისტებს საკუთარი დაკრძალვის სცენარი გაუზიარა, რომელიც მისი უკანასკნელი პერფორმანსი იქნება, – ცოცხალი მუსიკით, კაშკაშა დრეს-კოდითა და შავი იუმორით. სერბ არტისტს სურს, მისი სიკვდილის შემდეგ მისი ცხედრის კიდევ ორი მულაჟი დაამზადონ და მისი ნეშთი სამ ქალაქში – ბელგრადში, ამსტერდამსა და ნიუ-იორკში დაკრძალონ.
მარინა აბრამოვიჩი თავისი პერფორმანსებით მაყურებელს მუდმივად აოცებს. მაგალითად, გამოფენა Imponderabilia-ზე, მან მნახველი აიძულა, კარის ღიობში მდგარ ორ შიშველ ადამიანს შორის გაევლო. ინსტალაციაში „სივრცითი ურთიერთობები“ (1976), მნახველის წინაშე ერთმანეთის კაწვრით, სრულიად შიშველმა მარინამ და მისმა კოლეგამ ადამიანების თავისუფალი ურთიერთობები განასახიერეს.
წელს, მარინა აბრამოვიჩს 70 წელი უსრულდება. საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნას სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმში აპირებს, ძელზე ცეკვით. ეს მისი ახალი გატაცებაა.