ხშირად გაგვიგონია, რომ დედობა სრული დატვირთვით მუშაობაა, მაგრამ, კვლევების თანახმად, სინამდვილეში, დედის მიერ გაწეული სამუშაო ორნახევარი სრულგანაკვეთიანი სამუშაო დღის ტოლფასია.
ახალი ამერიკული კვლევა გვიჩვენებს, რომ საშუალოდ, დედები კვირაში 98 საათს მუშაობენ, რაც ორჯერ და მეტჯერ მეტია სამუშაო კვირაზე, რომლის საშუალო ხანგრძლივობაც 39 საათს შეადგენს.
მკვლევარებმა შეისწავლეს 2000 დედის გრაფიკი, რომლებსაც 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავდათ. მათ აღმოაჩინეს, რომ დედის საშუალო სამუშაო დღე დილის 6:23-დან იწყება და საღამოს 8:13-ზე მთავრდება. კვლევამ გვიჩვენა, რომ როგორც წესი, დედები თავიანთ თავისუფალ დროსაც კი ბავშვების მოვლას უთმობდნენ. რაღა თქმა უნდა, ისინი დასვენების დღეებშიც ისევე მუშაობდნენ, როგორც სამუშაო დღეებში.
ამერიკელი დედების უმრავლესობა იმის შესახებ საუბრობს, რომ თუ გაუმართლათ, დღე-ღამეში „თავიანთი თავისთვის“ მხოლოდ საათის და შვიდი წუთის მოხელთება შეუძლიათ, რომლიც დიდი ნაწილი სწრაფი შხაპის მარტო მიღებაში იხარჯება.
გამოკითხული დედების 40%-მა განაცხადა, რომ მათი ცხოვრება მუდმივად განმეორებადი საქმიანობების დაუსრულებელ შესრულებაში იხარჯება, ხოლო 70%-მა აღნიშნა, რომ თავს მოვალედ გრძნობს, პერმანენტულად იზრუნოს ბავშვების ჯანსაღ კვებაზე.
„გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, თუ რამდენად საპასუხისმგებლოა დედის როლი. იგი მის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრის განუწყვეტლივ ბრძოლაშია ჩაბმული“, – ამბობს კეისი ლუისი (Casey Lewis), კომპანია Health and Nutrition Lead at Welch’s-იდან, რომლის შეკვეთითაც მომზადდა დასახელებული კვლევა.
კვლევამ ასევე გვიჩვენა, თუ რა დახმარებას მიმართავენ დედები ბავშვების აღზრდის პროცესში. ამ დიდი სიის სათავეშია ღვინო, ბებია, ბაბუა ან საიმედო ძიძა – დროდადრო შესაშველებლად, Netflix (ბავშვებისა და მშობლებისთვის), სველი ხელსახოცები, მზა საჭმელი, ჯანსაღი სახრამუნო და წვენები, სათამაშოები და iPad.
ასევე, როგორც გაირკვა, დედების მშველელი 20 საუკეთესო საშუალების რიცხვში შედის ყავა, შესაძლებლობის ფარგლებში თვალის მოტყუება, საჭიროების შემთხვევაში „ბრაზიანი“ ინტონაციის მოხმობა.
საინტერესოა, რა ხერხებს მიმართავენ ქართველი დედები, თავიანთი ყოველდღიურობის შესამსუბუქებლად?