12-15 სექტემბერს ფინეთის ქალაქ ვანტააში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა.
ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.) ტურნირზე სტარტი 1/8 ფინალური ეტაპიდან აიღო. ამ ეტაპზე, მისი მეტოქე ხორვატი დორა ბორტასი იყო. ლიპარტელიანმა მასზე გამარჯვების შემდეგ 1/4 ფინალში ჰოლანდიელ პლეუნ კორნელის სძლია, 1/2 ფინალში კი გერმანელი სეიხა ბალჰაუსი დაამარცხა. იტალიელი სილვია პელიტელის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში ეთერმა ჯერ ვაზარი მოიპოვა, ბოლოსკენ კი მეტოქის კონტრშეტევა თავის სასარგებლოდ წარმართა და იგი იპონზე დასცა.
ქართული ძიუდოს ისტორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანის სახელი ქართულ სპორტში პირველად როდი ჟღერს. ეთერმა შარშან სოფიაში გამართულ ევროპირველობაზე ვერცხლის მედალი აიღო, გიორში გამართულ 23-წლამდელთა ჩემპიონატზე კი ბრინჯაო. მას შემდეგ, 19 წლის ძიუდოისტმა ძალები უკვე უფროსებში მოსინჯა და ზაგრებში პირველი ჯილდოც დაიმსახურა.
ვანტაას ახალგაზრდულ ევროპირველობაზე აღებული ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრებისთვის ისტორიული გახლავთ, რაც ამ სფეროში ახალი ეტაპის დასაწყისზე მიუთითებს.
ევროპის ახალგაზრდული ძიუდოს ვებგვედრმა ეთერის წარმატებას საგანგებო სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორს მხედველობიდან არ გამორჩენია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა თავის ბრძოლაში გარკვეული ქართული ტრადიციული ილეთები ჩართო და უჩი მატას უსწრაფესი ვარიაციების დემონსტრირებით, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. EJU-ს საიტმა სტატიას შესაბამისი სათაურიც დაურთო – “ეთერ ლიპარტელიანი ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიას ქმნის”.