ბოლო დღეებში, არასრულწლოვანთა მხრიდან ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებმა სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ერთ რამეზე ყველა თანხმდება – მომხდარი მართლაც საზარელია და ჩვენგან, უფროსებისგან, აუცილებელ და დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. თუმცა, სოციალური ქსელების მომხმარებელთა უდიდესმა უმრავლესობამ ამის ჩამდენი ბავშვების და მათი მშობლების მიმართ არანაკლებად სასტიკი სასჯელი მოითხოვა. ბავშვებში ძალადობისკენ მისწრაფებების, მათი სხვადასხვა ძალადობრივი გარემოსგან დაცვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფსიქოლოგი მაია ცირამუა გვესაუბრება.
– ბავშვების მხრიდან სასტიკი ქცევის გამოვლინების კონკრეტულ შემთხვევაში, უფროსების უმრავლესობა მათ სასტიკ დასჯას მოითხოვს. რამდენად კეთილგონივრულია ამგვარი ქმედებები ჩვენი, უფროსი ადამიანების მხრიდან?
– ფაქტია, რომ ეს არის რთული და ძალადობრივი ქცევის გამოვლინება ბავშვის მხრიდან, რომლის მიზეზებიც ძალიან შორს უნდა ვეძებოთ. ზოგადად, საზოგადოებას აქვს ასეთი მიდგომა: როდესაც საქმე ეხება ბავშვის რთულ ქცევას, უპასუხოს ამ კონკრეტულ ქცევას. სწორი მიდგომა კი ის გახლავთ, რომ ჩვენ პირდაპირ ქცევას კი არ უნდა ვუპასუხოთ, არამედ იმას, თუ რა დგას ამ ქცევის უკან. ბავშვის რთული ქცევა ყოველთვის არის SOS სიგნალი, ყოველთვის სიმბოლურად გამოხატავს ამ ქცევის მიღმა მდგარ გარკვეულ პრობლემას, გარკვეულ საჭიროებას. თუკი ჩვენ გვინდა, სწორი რეაგირება გავაკეთოთ ბავშვის/ბავშვების ამგვარი ტიპის ქცევებზე, უნდა ვუპასუხოთ ამ ქცევის უკან მდგარ საჭიროებებს. საზოგადოება ამაზე უნდა დაფიქრდეს.
ზოგადად, სწორი მიდგომა არ არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვები არიან სასტიკები. ბავშვები არ არიან სასტიკები, უბრალოდ ისინი „კარგად“ აირეკლავენ ხოლმე გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ. თითოეულმა ჩვენგანმა ალბათ უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამის მიზეზი.
ამის ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ყველაზე გავრცელებული მიზეზი ალბათ ის გახლავთ, რომ სავარაუდოდ ეს ბავშვები თავად არიან ძალადობის შემსწრენი. როდესაც ეს ამბავი გავიგე, პირველი, რაც გამახსენდა, ეს სკოლებში წამების ამსახველი კადრების ჩვენებების პრეცედენტები იყო. რა თქმა უნდა, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან ცალსახად არ ვაკავშირებ, მაგრამ ზოგადად, ძალადობის ისეთი სახით ტირაჟირება, როგორც ეს ჩვენს საზოგადოებაში ყველა დონეზე ხდება, რაღა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმას, რომ სამწუხაროდ, ბავშვებისთვის ეს ქცევა ნორმალიზებული იყოს: ნორმალიზებულია ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში ძალადობა, ნორმალიზებულია ბავშვის მიმართ ძალადობა.
– ანუ, ამ შემთხვევაში ბავშვის სასტიკად დასჯა ვერავითარ ქმედით შედეგს ვერ გამოიღებს?
– როდესაც საზოგადოებას ბავშვის დასჯის მოთხოვნა აქვს, ძალზე მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, რა შედეგს მოგვცემს დასჯა? ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მე ბევრი ისეთი ტექსტიც წავიკითხე, რომელშიც კიდევ უფრო მეტი ძალადობა იყო დემონსტრირებული, საკმაოდ ზრდასრული და გონიერი ადამიანების მხრიდან. ჩემდა სამწუხაროდ, ამგვარ მიდგომას იმ ადამიანებშიც წავაწყდი, რომლებისგანაც არ ველოდი.
ეს ამბავი გვაჩვენებს, რომ არ შეგვიძლია ბავშვის ქცევის სწორად წაკითხვა და მასზე სწორი რეაგირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალზე ხშირად, უსამართლოდ ვთხოვთ ხოლმე ბავშვებს პასუხს იმაზე, რაშიც თითოეული ჩვენგანი არის დამნაშავე.
– რა იქნებოდა აქ სწორი რეაგირება, რა სჭირდება ბავშვს იმისათვის, რომ მომავალში ეს ქცევა აღარ განმეორდეს?
– გამომდინარე იქიდან, რომ ეს რთული ქცევის გამოვლინებაა, რა თქმა უნდა, აქ საჭიროა სპეციალისტის ჩარევა. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია, ბავშვებს დავეხმაროთ თავიანთი ქმედების გააზრებაში – რამდენად დამაზიანებელია ეს ქმედება ყოველი ცოცხალი არსებისთვის, რომელიც ემსხვერპლა ამ ქმედებას, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელმაც ეს ფოტო ნახა – რამდენად ემოციურად ზემოქმედებს ეს ადამიანებზე. ამ ბავშვებმა ეს უნდა დაინახონ, და დასჯით, იმით, რომ მათ იგივეთი ვუპასუხებთ (ეს რიტორიკა და დამოკიდებულება ძალიან ბევრ სტატუსში წავიკითხე, რომ ამ ბავშვებს იგივე უნდა გაუკეთონ, რაც მათ ჩაიდინეს), ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფამდე მიგვიყვანს.
– სტატისტიკა გვეუბნება, რომ მოძალადე ბავშვები თავად არიან ძალადობის მსხვერპლნი ან შემსწრენი. შესაძლებელია, რომ ამგვარი ქმედებები არაძალადობრივ გარემოში მცხოვრებ ბავშვებშიც აღინიშნებოდეს?
– ალბათ არ იქნებოდა სწორი ერთმნიშვნელოვნად ვინმეს ბრალეულობაზე ლაპარაკი. შესაძლებელია, კონკრეტული ბავშვი სრულებითაც არ იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ძალადობის ველში არ მოქცეულა (მაგ. ქუჩაში, სკოლაში თუ სხვაგან). როდესაც ბავშვი ასე სასტიკად იქცევა, ეს პირდაპირი მიმანიშნებელია იმისა, რომ იგი ახდენს თავისი განცდების პროექციას, რომლებიც მან გარემოსგან მიიღო. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ამ შემთხვევაში ოჯახი/მხოლოდ ოჯახია ამაში დამნაშავე. ამ შემთხვევას ძალიან სერიოზული შესწავლა სჭირდება, მაგრამ თუ ეს ბავშვები არიან ოჯახში ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, ღირსების შემლახავი დამოკიდებულების მსხვერპლნი თავიანთი მშობლების, მასწავლებლების, თანატოლების ან სხვათა მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვინც ამ პროცესში ამდაგვარად არის ჩართული, გააცნობიეროს ეს და აღიაროს. სანამ ჩვენ ამას არ გავაცნობიერებთ, სანამ არ ვაღიარებთ და სანამ ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წევრი თუ ის ადამიანი, რომელიც წერს, რომ იგივენაირად უნდა მოექცნენ ამ ბავშვებს, როგორც ისინი – ცხოველს, არ გააცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ და ბავშვებს ვერ მივცემთ ადეკვატურ რეაქციებს მათ ქმედებებზე.
– ინტერნეტისა და სმარტფონების ეპოქაში, ბავშვების ძალადობის პროეცირებისგან დაცვა ძალზე ძნელია. არსებობს უამრავი ონლაინ თამაში, პორნოსაიტი და ა.შ., რომელსაც ბავშვი სრულიად უწყინარი ონლაინ საქმიანობისას „შემთხვევით“ წააწყდება ხოლმე. ამ შემთხვევაში როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი?
– სანამ ბავშვი 18 წელს მიაღწევს, მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენ, მშობლებს გვეკისრება. ეს პასუხისმგებლობა ყველა სფეროზე ვრცელდება: ოჯახში, სკოლაში ყოფნისას თუ კომპიუტერთან ურთიერთობისას. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მშვიდად ზის კომპიუტერთან, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შვილი მშვიდად ზის ამ ვირტუალურ სივრცესთან, ეს ჩვენი სიმშვიდის მიზეზი არ უნდა იყოს. ალბათ უამრავი საშუალება არსებობს ბავშვების ვირტუალური ძალადობისგან დასაცავად. ამ თემაზე სფეროს სპეციალისტებს მეტი ინფორმაცია აქვთ. არსებობს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვების ამგვარ საიტებზე წვდომას ზღუდავს. ასევე, საჭიროა კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობის დროის ლიმიტირება. ამ საკითხზე სფეროს სპეციალისტების რჩევები მშობლებისთვის ძალზე სასარგებლო იქნებოდა. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას შვილები ამ ყველაფრისგან.
მე მინახავს ონლაინ ვიდეომასალების ხილვის შედეგად ბავშვებში ჩამოყალიბებული საშინელი ფობიები. მათ დარღვეული ჰქონდათ ძილი, ბავშვები უსაფრთხოდ და დაცულად თავს ვერც ერთ სივრცეში ვერ გრძნობდნენ. ხშირად, ეს მათ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში უშლის ხელს. ერთადერთი გამოსავალი ალბათ მშობლების მხრიდან მეტი ყურადღების გამოჩენა და ვირტუალური სივრცის მართვის ცოდნაა.
ბავშვების ამ სივრციდან მთლიანად მოწყვეტა ოცდამეერთე საუკუნეში აბსოლუტურად არარეალისტური ქმედებაა. მშობლის ამგვარი გადაწყვეტილება ბავშვს კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის ვირტუალურ სივრცეზე. ამიტომ, ბავშვებთან სხვაგვარი კომუნიკაცია, სხვაგვარი შეთანხმებაა საჭირო. აუცილებლად დაბლოკილი უნდა იყოს მათთვის არასასურველი ვებგვერდები, კომპიუტერთან გატარებული დრო კი – ლიმიტირებული.
კიდევ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა – რადან ჩვენ, უფროსებს არ გვცალია, დღეს ბავშვები მარტო დარჩნენ ვირტუალურ სივრცესთან. კომპიუტერი ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა ჩვენთან კომუნიკაციის ნაკლებობით არსებული სიცარიელე შეივსოს. ამ დროს, ჩვენი პასუხისმგებლობა ძალზე დიდია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ავაგოთ სწორი კომუნიკაცია ბავშვებთან. ეს მათ ძალიან ბევრი რამისგან დაიცავს.
ბავშვის ქცევა მისი საჭიროებების სიმბოლური გამოხატულებაა. ჩვენ, მშობლებმა, უნდა ვუპასუხოთ არა ბავშვების ქცევას, არამედ იმ საჭიროებებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან. ხშირად, ეს იოლი სულაც არაა. ამ პროცესს ბევრი ძალისხმევა სჭირდება არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ბევრი სოციალური ინსტიტუციის მხრიდან. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის გარდა სხვა რესურსებიცაა მოსაძებნი, რათა ბავშვი პრობლემას გაუმკლავდეს. ბავშვის კონკრეტული ქმედებების მიზეზებზე გასასვლელად, მისი შესწავლა და მასზე ადეკვატური რეაგირებაა საჭირო. ადეკვატური პასუხი გულისხმობს იმას, რომ დავინახოთ, თუ რა დგას ამ ქცევების მიღმა, რისი თქმა სურდათ ბავშვებს ამით.
ესაუბრა შორენა გაბუნია