ავტორი ნინო ყვირილიანი
ორგანიზებული რელიგია, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს, – პოლიტიკის მეორე მხარეა და ისინი ერთად ქმნიან ომს. რელიგიურ პრინციპებზე აშენებული სახელმწიფო ძალიან საშიშია. საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონშია, დღეს არ დაწყებულა. უკვე წლებია, რაც ეკლესიამ სახელმწიფოს თავზე გადაახია კონსტიტუცია. მთავრობამ ბავშვები გაწირა საპატრიარქოსთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, – ესენი ერთმანეთის გარეშე ვერც იარსებებდნენ. მხოლოდ გაღვიძებული ცნობიერების ადამიანებს შეუძლიათ ამ საერთო ბუდის ჩამოშლა და თითოეული ადამიანის ამბოხზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, გამოვა თუ არა ჩიხიდან ეს ქვეყანა. ახლა ამ ბავშვებისთვის უსაფრთხოება და ფსიქოემოციური თანადგომაა უმთავრესი. საჭიროა კომპლექსური მუშაობა სპეციალისტთა ჯგუფის, სადაც აუცილებლად ჩართული იქნებიან ფსიქოლოგები.
ზოგადად, როცა ძალადობას ვაწყდებით, საზოგადოების ნაწილი უმეტესად მოძალადის ან ძალადობრივი დაჯგუფებების გამართლებას იწყებს, – ესეც სიმპტომურია და გასაანალიზებელი, თუ რატომ აქვთ ადამიანებს სოლიდარობა აგრესორის მიმართ. ნაწილი კი, ვინც შედარებით აღიქვამს რეალობას, დუმს ან საჯაროდ ვერ ბედავს მხილებას.
რა არის ეს ჩუმი პროტესტი სინამდვილეში? – ესეც კომფორტის ზონაა. როცა შენ ემიჯნები უსამართლობას – ეს არ არის საკმარისი, შიში გაქვს საზოგადოების, და ეს შიში უნდა დაინგრეს.
ავტორიტარულ რელიგიაში თავისუფლების პრინციპები ქრება და ადამიანის ბრმად დამორჩილება ხდება. საპატრიარქოს და მთავრობის ძალაუფლება სწორედ შეშინებული და ჩაკეტილი ცნობიერების ადამიანების იმედად იზრდებოდა წლების მანძილზე. მათ იციან, მანიპულაციის და დაშინების ძალა მასაზე რა ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, მათი იდეოლოგიის მიზანი სწორედ ეს არის, რომ არ დასვას შეკითხვები არავინ… ამიტომ, ჯერ კიდევ სულს ღაფავს მავნებელი ინსტიტუცია და მისი ჩამოშლა ისევ მხოლოდ თითოეული ადამიანის გაცნობიერებაზეა დამოკიდებული.
ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ ღმერთის ეშინიათ და სასულიერო პირებს ხელს აფარებენ, რეალურად კი ეს არის გონების მიერ დაპროექტებული ღმერთი და ასეთი გონება არ უშვებს ალტერნატიულ გზებს, მტკიცედ ებღაუჭება იმას, რაც ამოშენებული აქვს. ეს არის ირაციონალური და ობსესიური შიშები, იმ საყრდენის ჩამოშლის შიში, რაც უქმნის კომფორტის ზონას ადამიანს, რომ პასუხისმგებლობა და თვითანალიზი აიცილოს თავიდან.
თუ ეს ეკლესია ქრისტესთან ასოცირდება ვინმესთვის, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი დაიკარგა და მოჯადოებულ წრეშია გაბმული, სადაც ფსიქიკური რეგრესი, ნევროტული მდგომარეობა გარდაუვალია. როცა ადამიანი მტკიცედ აყალიბებს საკუთარ ღმერთს, საკუთარ კერპს, მოწყვეტილია სამყაროს და რეალობას. ამ მდგომარეობაში კი ელოდო მშვიდობას – ილუზიაა. მხოლოდ გადავსებული, განპირობებული გონების გათავისუფლების შემდეგ მოვა სიმშვიდე და სიყვარული.