ვაშინგტონი. გუშინ, ბარაკ ობამამ, ქვეყნის საუკეთესო პროფესიონალებს ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო – საპრეზიდენტო მედლები პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ გადასცა.
წელს ჯილდო 21 ადამიანს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია გუშინ, თეთრ სახლში გაიმართა. მედალი ყოველწლიურად იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაში, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში, ჰქონდათ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ან პირადი მიღწევები.
დაჯილდოებულთა შორის ის ორი ქალიც არის, რომლებმაც ამერიკის კომპიუტერულ მეცნიერებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს: მარგარეტ ჰ. ჰამილტონი (Margaret H. Hamilton) და გრეის ჰოპერი (Grace Hopper, ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ).
მარგარეტ ჰამილტონმა ნასას კოსმოსური პროგრამა „აპოლონისთვის“ და მთვარის მოდულებისთვის საბორტო პროგრამული უზრუნველყოფა შეიმუშავა. მათემატიკოსმა და პროგრამისტმა მეცნიერმა საკუთარი კომპანიაც კი შექმნა, რომელმაც თანამედროვე, ულტრასაიმედო პროგრამულ უზრუნველყოფას ჩაუყარა საფუძველი.
რაც შეეხება გრეის ჰოპერს, იგი ჰამილტონთან ერთად კომპიუტერული პროგრამირების შემუშავებაზე 1940-იანი წლებიდან მოყოლებული, 1980-იან წლების ჩათვლით მუშაობდა. ჰოპერის მეშვეობით, პროგრამირების ენა უფრო პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გახდა. მან პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი შექმნა, რომელსაც საწყისი კოდი ერთი ენიდან მეორეზე გადაჰყავდა. გრეისი საზღვაო ძალების ადმირალი იყო. ინფორმატიკის სფეროში დიდი მიღწევებისა და საზღვაო ძალებში მოღვაწეობის გამო, ხშირად მას „საოცარ გრეისს“ უწოდებდნენ. 2016 წლის სექტემბერში აშშ-ის სამხედრო საზღვაო აკადემიამ განაცხადა, რომ საკუთარ მომავალ კიბერ შენობას ჰოპერის სახელს უწოდებს, რომელიც 1992 წელს 85 წლისა გარდაიცვალა.
საპრეზიდენტო მედალი წელს სხვა გამოჩენილ ამერიკელ ქალებსაც ხვდათ წილად – მომღერალ დაიანა როსს (Diana Ross), ფილანთროპ მელინდა გეიტსსა (Melinda Gates) და ტელეწამყვან ელენ დიჯენერისს (Ellen DeGeneres).