კულტურის მკვლევარმა რობერტ სომერმა, მეორე მსოფლიო ომის საკონცენტრაციო ბანაკების არქივების 9 წლის განმავლობაში შესწავლისა და მრავალრიცხოვანი ინტერვიუს ჩაწერის შედეგად, 2009 წელს გამოაქვეყნა კვლევა „საკონცენტრაციო ბანაკების ბორდელები: იძულებითი შრომა ნაციონალ-სოციალისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში“ (Robert Sommer, The Concentration Camp Bordello: Sexual Forced Labor in National Socialistic Concentration Camps).
არსებობს ლეგენდა, რომ ნაცისტებმა აკრძალეს ან გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადეს პროსტიტუციას. სინამდვილეში, რეჟიმმა ეს სფერო სრულ კონტროლზე აიყვანა როგორც გერმანიაში, ისევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, ომის გაჩაღების პერიოდში. ამ პერიოდის განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბორდელების ფართო ქსელმა ევროპის ნახევარი მოიცვა. სომერის თქმით, ეს იყო როგორც გერმანელ სამხედროთათვის და საიდუმლო სამსახურისთვის განკუთვნილი, ასევე საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეთა მომსახურების მიზნით არსებული ბორდელები.
ასე რომ, მეორე მსოფლიო ომის დროს, საკონცენტრაციო ბანაკებში, ბორდელები არსებობდა არა მხოლოდ ნაცისტებისთვის, არამედ თავად მაუტჰაუზენის, ბუხენვალდის, ბერგენ-ბელსენის, საქსენჰაუზენის, დახაუსა და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეთათვის.
1942 წელს, საიდუმლო სამსახურმა დაასკვნა, რომ საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეთა შრომის ნაყოფიერება დაბალი იყო და საჭირო იყო მისი გაზრდა. საიდუმლო სამსახურის უფროსმა ჰაინრიხ ჰიმლერმა (Heinrich Himmler) გადაწყვიტა, ბორდელები ტუსაღებისთვისაც შეექმნა, რათა კარგი სამუშაოსთვის ისინი სექსით წაეხალისებინა.
„სპეციალური შენობები“, ანუ ტყვეთათვის განკუთვნილი ბორდელები, საკონცენტრაციო ბანაკებში 1942-1945 ფუნქციონირებდა.
საკონცენტრაციო ბანაკების ბორდელებში მომუშავე ქალებს პირდებოდნენ, რომ ექნებოდათ საკვები, იქნებოდნენ დაცულნი და ნაკლებს იმუშავებდნენ, ბორდელში მუშაობის ნახევარი წლის შემდეგ კი მათ გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. თუმცა, ეს დაპირება თავად ჰიმლერმა გააუქმა. იგი ჩიოდა, რომ „ქალთა საკონცენტრაციო ბორდელისთვის პროსტიტუტების არჩევისას, ბანაკში რომელიღაც იდიოტი ტუსაღ ქალებს დაპირდა, რომ ამ სამუშაოზე ნებაყოფლობით დათანხმების შემთხვევაში, 6 თვეში თავისუფლები იქნებოდნენ“.
იმ ქალებს, რომლებმაც ბორდელებში მუშაობის სირთულეებს გაუძლეს, ბანაკებში სიკვდილის ნაკლები ალბათობა ემუქრებოდათ. იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმული თითქმის ყველა ქალი, ნაცისტების ტერორისტულ რეჟიმს ცოცხალი გადაურჩა. ძირითადად უცნობია, რა ბედი ეწიათ მათ, და შეძლეს თუ არა მატრავმირებელ გამოცდილებასთან გამკლავება. მათი უმრავლესობა მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ამ საკითხის შესახებ დუმდა.
ქალები სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ, შემდეგ მათ კარგ კვებას უნიშნავდნენ, რადგან ბორდელების თანამშრომლები ჯანმრთელები და ენერგიულები უნდა ყოფილიყვნენ. მათთან კაცებს ზედაპირული დათვალიერების შემდეგ, მაქსიმუმ 15 წუთით უშვებდნენ. არანაირი ეროტიკა, მხოლოდ სქესობრივი აქტი მისიონერულ პოზაში, ისიც დღის გარკვეულ მონაკვეთში. ბუხენვალდის ბორდელი, მაგალითად, საღამოს 7-დან 10 საათამდე მუშაობდა. ხშირად, საქმე სქესობრივ აქტამდე ვერც მიდიოდა. ზოგიერთი კაცი იმდენად ქანცგაწყვეტილი იყო, რომ მას სხვა არაფერი უნდოდა, გარდა ქალთან საუბრისა და მასთან ცოტა ხნით განმარტოებისა.
ბორდელის მოსანახულებლად, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს უნდა შეევსო განცხადება და გადაეხადა 2 რაიხსმარკა. ოცი ღერი სიგარეტი 3 რაისხმარკა ღირდა. გადასახადის გამო, ბორდელში პატიმართა მცირე პროცენტი დადიოდა – მხოლოდ ისინი, ვისაც ამ ფუფუნების საშუალება ჰქონდა.
ავსტრიელი წინააღმდეგობის მებრძოლი ანტონია ბრუჰა (Antonia Bruha), რომელიც რავენსბრუკის ბანაკს ცოცხალი გადაურჩა, მოგვიანებით ყვებოდა, რომ „ყველაზე ლამაზ ქალებს ნაცისტები საიდუმლო სამსახურის ბორდელებში სამუშაოდ იტოვებდნენ, ხოლო ნაკლებ ლამაზებს – ჯარისკაცებისაში“.
17-დან 35 წლამდე ჯანმრთელი და ლამაზი ქალების 60%-ზე მეტი, რომლებიც საიდუმლო სამსახურის რეკრუტერებს თვალში მოუვიდოდათ, გერმანელი იყო. პოლონელი, საბჭოთა ან ჰოლანდიელი ქალები „სპეციალურ სამიზნე ჯგუფებში“ გადაყავდათ, ხოლო „რასობრივი ჰიგიენის“ მოსაზრებით, ნაცისტები ბორდელებში სამუშაოდ მკაცრად არ უშვებდნენ ებრაელ ქალებს. თავდაპირველად, ბანაკებისთვის შერჩეული კონტინგენტი ბანაკის საავადმყოფოში ისინჯებოდნენ, სადაც მათ კალციუმის ინექციებს, სადეზინფექციო აბაზანებს, მზის აბაზანებს უკეთებდნენ და საუკეთესო საკვებს აძლევდნენ.
იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალთა 70% თავდაპირველად ციხეში „ანტისოციალური ქცევის“ გამო იყო მოხვედრილი. ბანაკებში ქალებს შავი სამკუთხედის სიმბოლოთი დაღავდნენ. „ანტისოციალური“ იარლიყის მიკერება მაშინ ძალიან ადვილად ხდებოდა. ამგვარი ქალების რიცხვში შედიოდნენ თუნდაც ის ქალები, რომლებიც სამსახურში ინსტრუქციას ვერ ასრულებდნენ, ასევე ყოფილი სექს-მუშაკები და სხვ.
ესესი მკაცრად ებრძოდა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. ბორდელის ყოველი მონახულების შემდეგ, კაცებს სადეზინფექციო მალამოებს ურიგებდნენ, ქალებისგან კი ნაცხს იღებდნენ ჰონორეის და სისხლს – სიფილისის შესამოწმებლად.
მეორე მხრივ, კონტრაცეფცია ერთადერთი დადებითი მოვლენა იყო, რაც ნაცისტების საიდუმლო სამსახურმა ქალებს დაუტოვა. თუმცა, სექს სამუშაოში იძულებით ჩაბმულ ქალებში ორსულობა ძალზე იშვიათი მოვლენა იყო: ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე, ბევრ ქალს იძულებით სტერილიზაციას უკეთებდნენ, დანარჩენები კი ბანაკებში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო უნაყოფონი ხდებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ქალი დაორსულდებოდა, მას აბორტზე გზავნიდნენ, მის ადგილს კი სხვა იკავებდა.