თანასწორობის პოლიტიკა

გაერო: შშმ ქალებს სჭირდებათ მეტი უფლებები და არა – სიბრალული

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კომიტეტმა შესაბამისი კონვენციის ხელისმომწერი 166 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, საგანგებო სახელმძღვანელო პრინციპები გამოუშვა. სახელმძღვანელო პრინციპების ავტორები შშმ ქალების უფლებათა და შესაძლებლობათა გაფართოების მიზნით შემუშავებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს გვთავაზობენ. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ შშმ ქალები და გოგონები ერთ-ერთ ყველაზე დისკრიმინირებულ სოციალურ ჯგუფს განეკუთვნებიან და ხშირად უფლებადაცვითი სივრცის მიღმა იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ იგივე უფლებები და თავისუფლებები ენიჭებათ, რაც სხვა მოქალაქეებს. გარდა ამისა, შშმ ადამიანებს სხვა უმცირესობებზე ნაკლები ყურადღება ეთმობათ მედიაში. ამის გამო, საზოგადოებაში მათ პერსონებად ვერ აღიქვამენ და უსუსურ არსებებად მიაჩნიათ.

„ქალებთან მიმართებაში არსებული პოლიტიკა არ ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესებს, ხოლო შშმ პირებთან მიმართებაში არსებული პოლიტიკა არ ითვალისწინებს გენდერულ საკითხებს. მაგრამ, თუ თქვენ შშმ ქალი ან გოგონა ხართ, აუცილებლად ერთდროულად შეეჯახებით როგორც საკუთარ გენდერთან, ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციას“, – აცხადებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კომიტეტის წევრი ტერეზია დიჯენერი (Theresia Degener).

გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შშმ ქალებს ხშირად ეზღუდებათ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებები, ხდებიან სექსუალური ძალადობის ან იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლნი, შშმ დედებს კი ხშირად ართმევენ დედობის უფლებას. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კომიტეტმა სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიმუშავა ზემოთხსენებული სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც სახელმწიფოთა სოციალურ პოლიტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებს. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, მაგალითად იმ სახელმწიფო სერვისების დაგეგმვა, რომლითაც შშმ ქალები ისარგებლებენ, აგრეთვე მათი ჩართვა მათსავე საჭირო პროდუქციის წარმოების პროცესში და სხვ. ექსპერტების თქმით, სახელმწიფოები მოსახლეობის დასახელებულ ჯგუფთან დაკავშირებით მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და მის წარმომადგენლებს არასრულფასოვან ადამიანებად აღიქვამენ. ამის შედეგად, შშმ ქალები და გოგონები იზოლაციაში ხვდებიან და საზოგადოებაში მხოლოდ სიბრალულის გრძნობას იწვევენ.

კომიტეტის წევრმა დაიან კინგსტონმა (Diane Kingston) აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრ შშმ გოგონას წვდომა არ გააჩნია წყალსა და სამედიცინო დახმარებაზეც კი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რომელიც 2014 წლის 12 აპრილიდან შევიდა ძალაში.