პოლიტიკაshe

გათვალიწინებულია თუ არა ფემინისტური საკითხები ქართული პოლიტიკური პარტიების პროგრამებში?

მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, იურისტი და გენდერის მკვლევარი ანა ილურიძე კვლევაზეიკითხე პოლიტიკამუშაობს, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და არჩევნებში მონაწილე პარტიების საქმიანობას გენდერული კუთხით აანალიზებს. იმ ფონზე, რომ არჩევნებს მხოლოდ რამდენიმე საათიღა გვაშორებს, ვფიქრობთ, რომ ქალი ამომრჩეველისთვის ანას მიერ განხორციელებული პროექტის წინასწარი შედეგების გაცნობა საინტერესო და გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება. დასახელებული პროექტის მასალები ფეისბუქზე ქვეყნდება, ჰეშთეგით #იკითხეპოლიტიკა. კვლევის შესახებ თავად ანა ილურიძე გვესაუბრება.

რა ტიპის პროექტიაიკითხე პოლიტიკადა რას ისახავს მიზნად

„იკითხე პოლიტიკა“ ფემინისტური ინიციატივაა. პროექტი საქართველოში პოლიტიკური პარტიების პროგრამების ფემინისტურ ანალიზს და საზოგადოებაში პოლიტიკური კითხვის კულტურის გაზრდას ისახავს მიზნად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით გაიზრდება ამომრჩევლების ინფორმირებულობის დონე ზოგადად ფემინისტურ საკითხებზე, თუ როგორ უნდა იყოს იგი გაშუქებული პოლიტიკური პარტიების პროგრამებში. ასევე, იმედი გვაქვს, რომ პარტიები ამ კრიტიკას გაითვალისწინებენ და შემდგომში ამომრჩევლის წინაშე მათი ვალდებულებაც გაიზრდება. არჩევნებში მონაწილე 30 სუბიექტიდან, საარჩევნო პროგრამა მხოლოდ 8 სუბიექტს გააჩნია. დანარჩენი პარტიები არ ასაჯაროებენ საჯარო დოკუმენტს, სადაც საარჩევნო დაპირებებია გაწერილი.

რომელია ის რვა პარტია, რომელსაც საარჩევნო პროგრამა აქვს?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, ბურჯანაძე-დემოკრატები, ხმა უფლისა – ზვიადის გზა (მიხეილ-გელა სალუაშვილი). სიაში მერვე „გირჩია“, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს. ანუ, რეალურად, არჩევნებში მონაწილე პარტიათაგან მხოლოდ 7-ს გააჩნია საარჩევნო პროგრამა.

ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, რა სურათი გვაქვს ქალი ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინების კუთხით?

თითქმის ყველა პარტიის პროგრამაში, თუნდაც ერთი ფრაზით მაინც, გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვნება ნახსენებია, ზოგადად იმ კონტექსტში, რომ ქალები და კაცები პოლიტიკურ საქმიანობაში თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულნი. თუმცა, ძალიან ხშირად, ეს ფრაზა ცარიელ რიტორიკას არ სცდება. ანუ, ერთი ფრაზა გვხვდება საარჩევნო პროგრამის შესავალში, შემდგომში კი საუბარი აღარაა გენდერული თანასწორობის არც ეკონომიკურ, არც საგანმანათლებლო მხარეზე, არც პოლიციისა და შსს-ს რეფორმაზე. აქ ნახსენები არ არის ქალთა გაძლიერების კუთხით დასახული არანაირი კონკრეტული მიზანი.

ქალთა უფლებების აქცენტირებას რომელი პარტია აპირებს?

ჯერჯერობით, მხოლოდ ორ პარტიას აქვს საკუთარ პროგრამაში ქალთა უფლებები ცალკე თავად გამოყოფილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქალთა უფლებებს ბავშვთა უფლებებთან აჯგუფებს და ისე საუბრობს ამ თემაზე. რესპუბლიკელების პროგრამაში, „ადამიანი და სახელმწიფოს“ თავში, ქალთა უფლებებზეა საკმაოდ ამომწურავადაა საუბარი: აქ ცალკეა გამოყოფილი ლგბტ პირები, სოციალურად დაუცველი, ნარკოდამოკიდებული, პატიმარი და თავიანთი სექსუალობის, სტიგმის ან სხვა რაიმე ნიშნის გამო ორმაგად მოწყვლადი სხვა ჯგუფების წარმომადგენელი ქალები. რა თქმა უნდა, ეს ძალზე მისასალმებელი ფაქტია. ასევე, ერთადერთი რესპუბლიკური პარტია ახსენებს საკუთარ პროგრამაში ლგბტ ადამიანებს და ამბობს, რომ ისინი მოწყვლადი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მათზე მორგებული პროგრამული ნაბიჯები და სპეციფიკური მექანიზმებია საჭირო.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, იგი უბრალო განცხადებით შემოიფარგლება, რომ მისი წევრები გენდერული თანასწორობის მისაღწევად იბრძოლებენ. ასევე, პროგრამაში ვკითხულობთ, რომ პარტია „გენდერული თანასწორობის დარღვევის თითოეულ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენელია: „გენდერული თანასწორობის დარღვევას“ პოლიტიკისა და სისტემური უთანასწორობის სფეროდან ინდივიდუალურ კონფლიქტში გადავყავართ, თითქოს ეს იყოს ფაქტი, რომლის „გამოსწორებაც“ რაიმე ძალის ჩარევით იყოს შესაძლებელი.

ახალი მემარჯვენეები, ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე საუბრისას, ქალებს „განსხვავებულ სქესს“ უწოდებენ. ეს დეფინიცია პირდაპირ არის გადმოტანილი ორგანული კანონიდან, სადაც „განსხვავებული სქესი“ სწორად წერია და თანაბრად მიესადაგება ქალებს და კაცებს, მაგრამ ქალთა გაძლიერებაზე საუბრისას „განსხვავებული სქესის“ ხსენება მიზოგინიურ დატვირთვას იძენს: ცნება „განსხვავებული სქესი“ უკვე მხოლოდ ქალებს ეხებათ.

„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამა ქალის მონაწილეობისგან სრულიად დაცლილია: აქ მხოლოდ ერთგან, იდეოლოგიის თავშია ნათქვამი, რომ პოლიტიკაში ქალები და კაცები თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულნი. ამის გარდა, პროგრამაში ქალი საერთოდ ნახსენები აღარ არის, სხვათა შორის, არც რეპროდუქციული და ჯანმრთელობის უფლებების კუთხით. ეს ის თავია, სადაც ყველა პარტიას აქვს გათვალისწინებული ქალთა უფლებების საკითხი, რადგან დემოგრაფია და ქალის რეპროდუქციის საკითხები ყველასთვის ძალზე მნიშვნელოვანია; ყველა პარტია ხომ ქალის რეპროდუქციის გაკონტროლებას ცდილობს. დედათა და შვილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხი ჩემ მიერ უკვე ჩამოთვლილი ყველა პარტიის პროგრამაში გვხვდება, გარდა, როგორც უკვე აღვნიშნე, თავისუფალი დემოკრატებისა.

ბურჯანაძე-დემოკრატებს აქვთ საინტერესო დაპირება – დედობის პენსიის შემოღება. ჩვენი პროექტი პარტიების პროგრამების არა მხოლოდ იდეოლოგიურ, არამედ ეკონომიკურ მხარესაც აანალიზებს. თუ ეკონომიკა ისეთ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული, რომ გენდერულ თანასწორობას ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს, რასაკვირველია, ეს დაპირებები  უბრალოდ დაპირებებად დარჩება.

„ეროვნული ფორუმის“ პროგრამა, შეიძლება ითქვას, ანტიფემინისტურია. იგი ქალთა გაძლიერებას არც ერთ კომპონენტში არ ითვალისწინებს. პირიქით, ეს პარტია ქალის ერთადერთ „ეროვნულ“ საქმიანობად დედობას და აუნაზღაურებელ შრომას მიიჩნევს.

ჩვენმა ორგანიზაციამ, საფარმა, ყველა პარტიიდან თითო ქალს წინასაარჩევნოდ ქალი ამომრჩევლისთვის საინტერესო საკითხებზე საუბარი, საკუთარი ხედვების გაზიარება შესთავაზა, თუმცა ეს შანსი დეპუტატობის ზოგიერთმა კანდიდატმა არ გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოიყენეს ქალმა კანდიდატებმა ეს ტრიბუნა?

ჩვენ შემთხვევაში, ამის ერთი მიზეზი ხანდახან ის არის ხოლმე, რომ პარტიის პროგრამა მის წევრებს შესაძლოა წაკითხული არ ჰქონდეთ. ხუთი პარტიის ქალ წარმომადგენლებთან პირადად ჩავწერე ინტერვიუები და კრიტიკულ კითხვებზეც კი პრობლემა არც ერთს არ ჰქონია. ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება აარიდონ რესპონდენტებმა თავი ინტერვიუებს, ისაა, რომ საკუთარი პარტიის საარჩევნო პროგრამების ხარვეზების შესახებ კარგად უწყიან და ამის შესახებ საუბარი არ სურთ. უფრო მეტიც: არსებობს პარტიები, რომლებიც საკუთარ პროგრამას საერთოდ არ ასაჯაროებენ. თუ ამომრჩეველს შენი პროგრამის გაცნობის საშუალება არ აქვს, ეს პროგრამაც არაა, მაშინ რაღაც შიდაპარტიული დოკუმენტი ყოფილა. არადა, არჩევნების წინ, პოლიტიკოსებმა მედიაში საუბრის ყველა შანსი უნდა გამოიყენონ… თუ პროგრამა ხარვეზიანია, ამაზე მაინც უნდა ისაუბრონ, დაგვარწმუნონ, რატომ ფიქრობენ ასე. ამომრჩეველთან პოლემიკაში შესვლა, ჩემი აზრით, ჩვენი პოლიტიკოსებისთვის ახალი ხილია.

სამწუხაროდ, ქალი პოლიტიკოსები ხშირად ვერ ხვდებიან, რომ ქალი ამომრჩეველი პოლიტიკაში მათ საკუთარი პრობლემების გამჟღერებლად მიიჩნევს. ამის სენსიტიურობა ქართულ პოლიტიკაში დღეს ძალიან ცოტას აქვს. ამიტომაცაა, რომ ამომრჩეველთან მუშაობის ამ შანსს ისინი სათანადოდ ვერ იყენებენ. NDI-ს მიერ მარტსა და ივნისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა ძალზე დიდ პროცენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა. ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უდიდესი პროცენტი ქალია. ჩემი აზრით, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ ქალებს პოლიტიკური პარტიების პროგრამები არ ელაპარაკება. ჩვენს რეალობაში, პოლიტიკური პარტიების პროგრამები მორგებულია კაცების საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე და აბსოლუტურად არ ერგება და არ ეხება ქალებს.

კვლევის საბოლოო მასალები როდის დაიდება?

კვლევის მასალები ნელ-ნელა ქვეყნდება. თითოეული პარტიის პროგრამის გაანალიზებისას ვცდილობთ, იმ რიგითობას მივყვეთ, რა რიგითობითაც პარტიებმა თავად გაასაჯაროვეს თავიანთი პროგრამები. არჩევნებამდე ყველა პარტიის ანალიზი გამოქვეყნდება.

ესაუბრა შორენა გაბუნია