ბიოლოგი, ეკოლოგი, მედიკოსი, ბიომედიცინის ინჟინერი, ნეიროფიზიოლოგი ქალები ვაშინგტონში შეიკრიბნენ, რათა ერთობლივი მსვლელობის საშუალებით საკუთარი სათქმელი გაეჟღერებინათ. მათი ასაკი და გამოცდილება მრავალგვარია. ისინი სხვა ქალებს მკაფიო შეტყობინებას უგზავნიან.
შარი ზამორი ნევროლოგია ვირჯინიას შტატიდან. იგი აქციაზე მეცნიერებაში ქალთა მონაწილეობის იდეის მხარდასაჭერად ჩავიდა.
„ისტორიულად, ქალებისთვის მეცნიერებაში საქმიანობა რეკომენდირებული არ იყო, – ამბობს სინტია ჩატერჯი (Cynthia Chatterjee), ნარკოლოგი და ფსიქიატრი, – სანამ 34 წლისა არ გავხდი, სამედიცინო სასწავლებელში არ შევსულვარ, არადა, პატარაობისას, ექიმობა ძალიან მინდოდა“. ახლა იგი მარშში იღებს მონაწილეობას და იმედოვნებს, რომ პატარა გოგონები თავიანთი მიზნებისთვის თავიდანვე იბრძოლებენ.
მეცნიერი ქალების მსვლელობაში, მომავალი თაობისთვის გადასაცემი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მესიჯი ასე ჟღერდა: „არასოდეს, არასოდეს დანებდე!“.
„მინდა, სხვა მეცნიერ ქალებს ვუთხრა: მიუხედავად იმისა, როგორ ძნელადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ამ სფეროში საქმიანობა, – ეს ამად ნამდვილად ღირს“, – ამბობს ბიოსამედიცინო ინჟნერიის დარგის სტუდენტი რემი კუპერი (Remy Cooper). იგი იმედოვნებს, რომ ოდესმე მეცნიერების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მისი მაგისტრის პროგრამა დასრულდება და სადოქტოროზე სწავლას შეუდგება.
ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ეკოლოგი ალიშა კოროლი (Alicia Korol) ჭაობების ეკოსისტემას იცავს. ამ სფეროშიც, როგორც წესი, კაცები მუშაობენ. „არსებობს სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ ეს ჩვენზე არ მოქმედებს. როცა საკუთარი პოზიციის დაცვაა საჭირო, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და ხმა აღვიმაღლოთ. მენტორობა ქალებს მეცნიერებაში მუშაობას შთააგონებს. ეს კეთილგანწყობის ველს ქმნის“, – ამბობს იგი.
ლინეტ სტერი (Lynette Stehr) ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმის ქვედანაყოფში რისკების მოდელიერად მუშაობს.
„დიდი ხანია, რაც ოთახში ერთადერთი ქალი ვმუშაობ. ამასთან შეგუება ადვილი არაა. ამ მხრივ გზის გაკაფვა ჩემს შემდგომ მომავალი ქალებისთვის აუცილებელია“, – ამბობს იგი.
ლინეტის ქმარი, ჯეფი, ამბობს, რომ სადაც იგი მუშაობს, ანუ NASA-ს შტაბბინაში, ქალების დასაქმების კუთხით კარი მუდამ ღიაა. „ქალების დასაქმებას ოქროს საბადოს მიგნებას შევადარებდი. ამ მართლაც გასაოცარ კადრებს სხვა კომპანიები, მათვე საუბედუროდ, ხელიდან უშვებენ. მათი დანაკარგი ჩვენი მოგებაა“, – დასძენს ჯეფი.