ბლოგები

…და ქორწილის შემდეგ?

ავტორი ელენე ქაიხოსროშვილი

გაფრთხილება: ტექსტი შეიცავს სპოილერებს

“ქალწული ჯეინის” ყურების დაწყებას სულ სამომავლოდ ვდებდი.  თრეილერიდან დავასკვენი, რომ საკმაოდ მსუბუქი და მარტივი სერიალი იყო და დიდად ინტერესს არ იწვევდა. პირველივე სერიიდან მივხვდი, რომ ძალიან საყვარელ და სასაცილო სერიალს ვუყურებდი, რომელშიც ბევრი არცთუ ისე სასაცილო და არცთუ ისე მსუბუქი ამბავი საკმაოდ მსუბუქად არის მოყოლილი.

ჯეინი 21 წლის წარმოშობით ვენესუელელი ქალია, რომელიც დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს ამერიკაში. მისი ბებია ძალიან ტრადიციული და რელიგიური ქალია. როდესაც ჯეინი პატარა იყო, ბებიამ ხელში თეთრი ყვავილი დააჭერინა და უთხრა, მუჭა შეეკრა. ჯეინი ასეც მოიქცა და ნახა, რომ ლამაზი თეთრი ყვავილი დაიჭმუჭნა და ის ვეღარასდროს იქნებოდა ისეთი ლამაზი, როგორიც ის აქამდე იყო. ბებიამ პატარა ჯეინს ასე ასწავლა “გაკვეთილი”, უთხრა, რომ ეს ყვავილი მისი ქალწულობის სიმბოლო იყო და ჯეინს მისი “დაკარგვა“ მხოლოდ ერთხელ შეეძლო ცხოვრებაში. უთხრა, რომ “უმანკოება”  (თეთრი ყვავილი) ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ “იკარგება” (იჭმუჭნება, ფუჭდება) და რომ ამის შემდეგ მისი “აღდგენა” უკვე შეუძლებელია. ჯეინის ბებიამ ამ ხერხით შეძლო მასზე ძალიან გრძელვადიანი გავლენის მოხდენა და დაარწმუნა, რომ ქალწულობის დაკარგვა მხოლოდ ქორწინების შემდეგ არის დასაშვები, რადგან სხვა შემთხვევაში მისი “ყვავილი” უკვე “დამჭკნარი” იქნება და დროს უკან ვერასდროს დააბრუნებს იმისთვის, რომ ის მის ერთადერთ და ნამდვილ სიყვარულს ერგოს.

თეთრი ყვავილი ჯეინმა (ან შეიძლება მისმა ბებიამ) ჩარჩოში ჩასვა და საძინებელ ოთახში, საწოლის თავზე დაკიდა. ყოველთვის, როდესაც ჯეინს სტუმრად თავისი შეყვარებული ჰყავს და საძინებელ ოთახში განმარტოვდებიან, ჯეინი შეხედავს ხოლმე ჩარჩოში ჩასმულ დამჭკნარ “უმანკოებას” და  ახსენდება, რომ “შორს შეტოპვა” არ შეიძლება.

ჯეინი გაიზარდა, უკვე 21 წლის ზრდასრული ქალია, ჰყავს შეყვარებული, მაგრამ მისი თანატოლებისგან განსხვავებით, ცდილობს, თავი შეიკავოს სექსუალური ცხოვრების დაწყებისგან.

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჯეინი სწავლას ამთავრებს, ის და მისი მომთმენი შეყვარებული დაქორწინებას აპირებენ… და უცებ, მოხდება რაღაც გაუთვალისწინებელი: ჯეინის გინეკოლოგს (მისი მომავალი შვილის მამის დას), შემთხვევით საპროცედური ოთახები აერევა და ჯეინს სხვა ქალის (ჯეინის მომავალი შვილის მამის ცოლის) ნაცვლად გაუკეთებს ხელოვნურ, ინ ვიტრო განაყოფიერებას.

დიახ, სწორედ მიხვდით, სერიალში ყველა ყველას და, შეყვარებული, საყვარელი და და დიდი ხნის წინ დაკარგული ტყუპისცალია. სერიალი ვენესუელური ტელენოველას სტილშია გადაღებული და საოცარ ნოსტალგიას იწვევს მათში, ვინც ამ სტილით იყო/არის გატაცებული.

ჯეინი ქალწულია, არადა ორსულად არის… თქვენც იმას გაგონებთ, რასაც მე? დიახ, წმინდა მარიამივით ორსული ქალწულია ჯეინი.

მაგრამ, ბიბლიური პარალელები არ არის ჩემი პოსტის თემა.

ორსულობის პერიოდში ჯეინს გაახსენდება, რომ ახლა უკვე “აზრი აღარ აქვს” თავის შეკავებას: 1. უკვე ორსულად არის; 2. უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი, რომელზე დაქორწინებასაც ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში გეგმავს. თუმცა, ჯეინი კვლავაც არ იმყოფება ქორწინებაში და ამაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევს. საბოლოო ჯამში, იგი გადაწყვეტს, კვლავ მოიცადოს და არ “დააჭკნოს ყვავილი” კანონიერ ქორწინებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე.

მაგრამ, მოგეხსენებათ, ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე როგორი არეულობა ტრიალებს ხოლმე ტელესერიალებში. ქორწილი არ შედგება და ჯეინი უფრო ბევრ, უცნაურ თავგადასავალში ამოყოფს თავს. თუმცა, არც ეს თავგადასავლებია ამ პოსტის თემა.

რამდენიმე თვით წინ, დადგა ის დღე, როდესაც ჯეინს (რომელიც უკვე დედაა და დაქორწინებულია), შეუძლია, ჰქონდეს სექსი. აი სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ეტაპი; ჯეინს სექსი არ მოსწონს. რა თქმა უნდა, ზოგადად პირველი სექსუალური გამოცდილება (ალბათ) არასოდეს არის სრულყოფილი. მაგრამ, გარდა იმისა, რომ არ მოსწონს და სიამოვნებას ვერ იღებს, ასევე ნერვიულობს იმაზე, რომ მისი “უმანკოება” უკვე “დამთავრდა”.

ჯეინი დედას შესჩივლებს და ეტყვის, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს თავისი იდენტობის ნაწილი დაკარგა („I feel weird. Like… I lost something, like a part of my identity“). პირველი სექსის შემდეგ ჯეინის თავის თავთან დამოკიდებულება იცვლება. ის ამბობს, რომ ახლა ის ადამიანია, რომელსაც სექსი ჰქონდა („Now I’m a person who has had sex‘‘).

თავისით ვერ აკავშირებს ამ პრობლემას თეთრ ყვავილთან. ამიტომ დედა ეხმარება და ახსენებს, როგორ დაასწავლა ბებიამ ბავშვობაში, რომ მისი „უმანკოება“ თეთრი ყვავილივითაა, რომელიც ჭკნება და „უვარგისი“ ხდება. ამაზე ჯეინი პასუხობს, რომ მან იცის, რომ იმ ყვავილივით „გაფუჭებული“ არ არის („I know I’m not ruined“). მაგრამ თავს მაინც ისე გრძნობს, თითქოს რაღაც დაკარგა.

დედა ცდილობს დაარწმუნოს, რომ მან რაღაც კი არ დაკარგა, არამედ პირიქით, მიიღო, რადგან ახლა მისი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის და შეუძლია სიამოვნების და ინტიმურობის სულ სხვა შრეები გამოსცადოს. მაგრამ, ჯეინს იმ მომენტში სიამოვნებაზე (ალბათ) სულ არ ეფიქრება, რადგან იდენტობის კრიზისი აქვს…

სერიალში ყველაფერი ერთ სერიაში გვარდება. ამ საუბრის შემდეგ, ჯეინი მიდის სახლში და რამდენიმე ცდის შემდეგ აღწევს იმას, რომ სექსისგან სიამოვნება მიიღოს. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ყველა კონსერვატული საზოგადოება სავსეა ასეთი ჯეინებით და სექსისადმი და ქალწულობს „დაკარგვისადმი“ მათი დამოკიდებულების შეცვლას სერიალის ერთ ეპიზოდზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

ქორწილამდე მოთმენა ერთი შეხედვით თითქოს ძალიან უწყინარი რამ არის. ზოგი რელიგიურია, ზოგი ოჯახის ტრადიციას აგრძელებს და ა.შ. თუმცა ამის უკან დგას რაღაც, რის გამოც ჯეინისნაირ ქალებს ჰგონიათ, რომ სექსუალური ცხოვრების დაწყებისთანავე რაღაცას კარგავენ, იდენტობის ნაწილს, ისინი ქალწული ქალები აღარ არიან. ახლა ქალები არიან, რომლებსაც სექსი აქვთ და ეს უკვე სხვა იდენტობაა. ქალწულობა სწორედ იდენტობის ნაწილი ხდება რაღაც ეტაპზე.

ქალებისთვის იმისკენ მოწოდება, რომ ქორწილამდე დაიცადონ, მათ (ჩვენ) ბავშვობიდან გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ სექსუალური ცხოვრების დაწყებისთანავე რაღაცას ვკარგავთ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კანონიერი ქორწინების გარეთ მოხდება თუ მის შიგნით. მაშინაც კი, როდესაც „წესების“ სრული დაცვით გვაქვს სექსი, გვაქვს განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვკარგავთ. ამ რაღაცის „დაკარგვა“ კარგი რომ ყოფილიყო, რატომ გადაირეოდა ასე ყველა ამ „კანონიერ“ ქორწინებაზე? სექსუალობაზე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება ქალებს უმძაფრებს იმ განცდას, რომ (კაცებისგან განსხვავებით) მათთვის სექსი შეიძლება არის კიდევაც სიამოვნებასთან დაკავშირებული, მაგრამ მაინც შეზღუდულია ფორმებით, რაოდენობით (როგორც სექსის, ისე პარტნიორების). ქალებს სექსისთვის საზოგადოების ნებართვა გვჭირდება, კანონიერ ქორწინების სახით და ამ ნებართვის შემდეგაც ძნელია სრულყოფილი სექსუალური ცხოვრების ქონა, რადგან შეიძლება, ეს „ოფიციალური ნებართვა“ უკვე გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ცვლის, რომ სექსი რაღაც ბუნდოვანი და საკრალურია. მას შემდეგ, რაც საზოგადოება გვაძლევს ნებართვას, ჩვენ ჩვენს თავებს შეზღუდვებს ვუწესებთ იმიტომ, რომ ქორწინება სექსისადმი დამოკიდებულებას არ ცვლის. ეს უბრალოდ ფორმალობაა… ჩვენში გაცილებით უფრო ღრმად არის ჩაბეჭდილი შეზღუდვები და ქორწილის პირველ ღამეს (და პირველ წლებში) ვერ ვითავისუფლებთ თავს მისგან. ჩვენ უკვე პრობლემა გვაქვს სექსთან და არა მაინცდამაინც ქორწინებამდე სექსთან.

ჩემი პოსტიდან გამომდინარე, შეიძლება მოგეჩვენათ, რომ ჯეინის ბებია „ბოროტი“ პერსონაჟია. სინამდვილეში, ის (ჯეინის შემდეგ) ჩემი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია სერიალში. მას ძალიან უყვარს შვილიშვილი და საკუთარი ძალიან მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ცდილობს, მას ცხოვრება გაუმარტივოს. სწორედ ამიტომ ცდილობს ის, „სწორ“ გზაზე დააყენოს. ჩვენი დედები და ბებიები, რომლებიც მოგვიწოდებენ, არ „ავყვეთ ვნებებს“ და „ქორწილამდე დავიცადოთ“, ცდილობენ საზოგადოებისგან დაგვიცვან, რომელიც დაუფიქრებლად გადაგვივლის თავზე სექსუალური „სითამამის“ გამო. ძალიან ბევრი მათგანი სამწუხაროდ ვერ იაზრებს, რომ თვითონ შეადგენს ამ საზოგადოებას და მასშია პრობლემა და არა სექსუალურ თავისუფლებაში, რომელსაც არავისთვის ცუდი არაფერი მოუტანია.