დღეს, ცნობილი ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსისა და თეორეტიკოსის სიმონ დე ბოვუარის დაბადებიდან 109 წელი შესრულდა. სიმონი ფემინიზმის საკულტო ფიგურა იყო და დღემდე ასეთად რჩება. იგი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც ფილოსოფიის ლექციებს კითხულობდა
რელიგიურ ოჯახში აღზრდილმა კეთილგონიერმა გოგონამ, უცებ უარი განაცხადა ქორწინებასა და ბავშვების ყოლაზე და საკუთარი თავი ყველა არსებულ წინასწარგანწყობაზე მაღლა დააყენა. სიმონის კალამს საყოველთაოდ მიღებული ნორმების არადჩამგდები რომანები ეკუთვნის, სადაც ქალის დამოუკიდებლობაზე, ათეიზმზე, ამბოხსა და რევოლუციაზეა საუბარი. სიმონი თავისი დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა მაშინ, როდესაც საფრანგეთში ბურჟუაზიული ცხოვრების გამამათრახებელი ეგზისტენციალიზმი ჩაისახა.
პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, სიმონ დე ბოვუარმა გაიცნო მაშინ ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი ჟან-პოლ სარტრი – ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. სიმპათია ნელ-ნელა მყარ ურთიერთობაში გადაიზარდა.
სიმონმა, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებდა, ჟან-პოლთან ერთად გადაწყვიტა, რომ მათი ურთიერთობა პატრიარქალური კულტურის ყველანაირი მოთხოვნისგან დაცლილი ყოფილიყო: წყვილმა უარი თქვა არა მხოლოდ დაქორწინებაზე, არამედ ურთიერთობებში ზედმეტ ვალდებულებებზეც. სიმონის ერთადერთი პირობა ის იყო, რომ მას და სარტრს როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთმანეთისთვის არაფერი დაემალათ.
სარტრი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ცხოვრებაში ერთადერთი რამის ეშინოდა – სიმონის დაკარგვის, რომელსაც ცხოვრების არსს უწოდებდა. იგი სიმონისთვის იყო კაცი, რომლის გვერდითაც მუდმივად განვითარების შესაძლებლობა ჰქონდა.
კავშირი, რომელიც ჟან-პოლმა სიმონს შესთავაზა, ორი ინტელექტუალური პიროვნების იდეალური ურთიერთობა უნდა ყოფილიყო, ყოველგვარი ქონების გაყოფების, სექსუალური თავისუფლების შეზღუდვის, დაშტამპულობის გარეშე. ისინი ერთმანეთს ბევრჯერ დაშორებიან, ბევრი გარე ურთიერთობაც ჰქონიათ, მაგრამ სარტრის მიერ ჩაფიქრებული ურთიერთობის ეს ფორმა მათ თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვათ.
ფემინისტური მოძრაობისთვის საკვანძო ნაშრომში, 1949 წელს გამოსული წიგნში „მეორე სქესი“, რომელიც 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი, სიმონი ძირითადად იმ პირობითობებზე საუბრობს, რომელიც ქალს დაბადებიდანვე ამძიმებს. მას უნერგავენ, რომ ისინი კაცებისთვის სასურველები უნდა იყოს, საკუთარი თავის პოზიციონირება „ობიექტად“ უნდა განახორციელოს, საკუთარი დანიშნულება ქორწინებასა და დედობაში ჰპოვოს, რაც მას კიდევ უფრო მეტად უმორჩილებს კაცს. „ქალებად არ იბადებიან, ქალებად ხდებიან“, – ვკითხულობთ „მეორე სქესში“. ბოვუარი აღნიშნავს, რომ ცნებებს „ქალი“ და „ქალურობა“ სოციუმი აგებს. სინამდვილეში, ქალის ბუნება და ქალურობა საერთოდ არ არსებობს. ის, რაც ამ ცნებებშია ჩადებული, კულტურულად და ისტორიულადაა განპირობებული.
„ქალის ქცევები, თვისებები, – ყველაფერი, რასაც მას მიაწერენ, მისი ბუნებით, ქალის ჰორმონებით არ არის განსაზღვრული და ჩადებული არ არის მისი ტვინის უჯრედებში: ქალს საზოგადოება, საზოგადოებრივი წყობა აიძულებს, საკუთარ თავში გამოიმუშაოს გარკვეული თვისებები და მას ქცევის გარკვეულ ნორმებს კარნახობს“.
შესაბამისად, იქმნება მითი, ეტალონი, მონოლითური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის ქალი და ქალურობა. საზოგადოება ყოველი ქალისგან ამ ნორმებთან შესაბამისობას მოითხოვს, რაც, რეალურად, შეუძლებელია.
იმ ათასობით მიზეზის გაანალიზებისას, რომელიც უპირატესობას „არა იმ სქესს ანიჭებს, რომელიც შობს, არამედ იმას, რომელიც კლავს“, სიმონ დე ბოვუარი ქალს მოუწოდებს, არავის მისცეს საკუთარი თავის „მდედრის როლში“ გამომწყვდევის უფლება, და იცხოვროს, როგორც გაცნობიერებულმა ინდივიდმა.
სიმონ დე ბოვუარის ნაშრომები ფემინიზმის „მეორე ტალღას“ განეკუთვნება, როდესაც სუფრაჟისტების მოძრაობის შემდეგ, საარჩევნო ხმის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლის პარალელურად, აქტიურდება ქალის დისკრიმინაციის სხვა ფორმების გააზრებისა და ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის დაფუძნების განვითარების აუცილებლობა. მწერალი ძალაუფლებრივ სტრუქტურებში კაცის დომინირების პრობლემას ააქტიურებს, რაც ჩაგვრისა და უთანასწორობის მიზეზი ხდება. ამგვარი სისტემა ქალს ობიექტად აქცევს.
მენსტრუალური ტაბუს აღწერისას, ბოვუარი ყურადღებას ამახვილებს ანდრონორმატიულობაზე. მენსტრუაცია თავის თავში ნეგატიურ კონოტაციასაც მოიცავს და პოზიტიურსაც. ერთი მხრივ, იგი ქალის რეპროდუქციული უნარის სიმბოლოა, მეორე მხრივ კი ქალის ეს უნარი და სექსუალობა კონტროლს „მოითხოვს“, რაც ფართოდ არის გავრცელებული პატრიარქალურ საზოგადოებებში.
მიუხედავად თავისუფალი ცხოვრებისა, სიმონი ცხოვრების ბოლომდე უმნიშვნელოვანესი თანამგზავრის გვერდით დარჩა. როდესაც ჟან-პოლ სარტრი მძიმედ ავად გახდა, სიმონი მას გვერდიდან არ მოშორებია. 1980 წლის 15 აპრილს, სარტრი გარდაიცვალა. 1981 წელს, სიმონმა დაწერა წიგნი „გამოთხოვება“, რომელიც ასე სრულდება: „მისმა სიკვდილმა ერთმანეთს დაგვაშორა, ჩემი კი – გაგვაერთიანებს“.