სტატიები

ევთანაზია „სიხარულის ოდის“ ფონზე – 104 წლის მეცნიერის გარდაცვალების ამბავი

გუშინ, შვეიცარიაში, სიცოცხლე ნებაყოფლობით დატოვა ავსტრალიელმა მეცნიერმა ეკოლოგმა დევიდ გუდოლმა (David Goodall). კლინიკა Life Circle-ში, ბეთჰოვენის მუსიკის თანხლებით, მან ევთანაზია გაიკეთა.

ამ სურვილის ასასრულებლად, ავსტრალიის უხუცეს მეცნიერს მეორე კონტინენტზე გადასვლამ მოუწია.

ტერმინი „ევთანაზია“ პირველად XVI საუკუნეში გამოიყენა ფრენსის ბეკონმა. ევთანაზია თავად ავადმყოფის თხოვნით მის უმტკივნეულოდ მოკვდინებას გულისხმობს. რატომ გადაწყვიტა ავსტრალიელმა მეცნიერმა ევთანაზიის საშუალებით სიცოცხლესთან გამომშვიდობება?

გუდოლი ლონდონში 1914 წელს დაიბადა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან რამდენიმე თვით ადრე, შემდეგ მისი ოჯახი ავსტრალიაში გადასახლდა. მთელი ცხოვრების მანძილზე, მას მრავალ ქვეყანაში უმუშავია, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ავსტრალიაში. გუდოლი ეკოლოგიის საკითხებში 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე, სამჯერ იყო დაქორწინებული, ჰყავს ოთხი შვილი და 12 შვილიშვილი.

90 წლის ასაკში ჩოგბურთს თამაშობდა და ბოლო დრომდე უნივერსიტეტში ჰონორარზე მუშაობდა. 2016 წელს უნივერსიტეტიდან მისი გაშვებაც უნდოდათ, მაგრამ გუდოლმა ამას ეიჯიზმი უწოდა და ოპონენტები გააჩუმა.

მაგრამ წლევანდელ დაბადების დღეს, 4 აპრილს, პროფესორმა განაცხადა, რომ სწუხს, რომ ამ ასაკს მიაღწია და ისურვებდა, რომ თუნდაც 20-30 წლით უმცროსი ყოფილიყო.

მეცნიერს განუკურნებელი სენი არ ჰქონია, თუმცა, ასაკის გამო გაუარესებული მხედველობა სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. რამდენიმე თვის წინ, იგი საკუთარ ბინაში წაიქცა და ორი დღე იატაკზე განრთხმულმა გაატარა, ვიდრე მასთან შინამოსამსახურე არ მივიდა. მოხუცთა პანსიონში გადასვლის ან მომვლელის დაქირავების სურვილი არ ჰქონია.

სიკვდილამდე ორი დღით ადრე, CNN-თან ინტერვიუში, მეცნიერმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ მისთვის სიცოცხლეს სიამოვნება აღარ მოაქვს. „ძალიან მინდოდა, კვლავ ბაღში წავსულიყავი და ირგვლივ მიმომეხედა. დღემდე მომწონს ჩიტების ჟღურტული, მაგრამ ჩემი მხედველობა აღქმას ძალიან მიუარესებს. ვიღვიძებ, ვსაუზმობ, შემდეგ სადილამდე ვზივარ, შემდეგ ვსადილობ და კვლავ ვზივარ. რა სარგებელია ამისგან? ვგრძნობ, რომ ისეთი ასაკოვანი ადამიანი, როგორიც მე ვარ, მოქალაქის სრულ უფლებას უნდა ფლობდეს, მათ შორის – თვითმკვლელობის უფლებას“, – აღნიშნა გუდოლმა და დასძინა, რომ სიკვდილი კერ კიდევ 1998 წელს უნდოდა, როცა მართვის მოწმობა დაკარგა. თავის ბოლო პრესკონფერენციაზე, მეცნიერმა აღნიშნა, რომ იმედოვნებდა, მისი მაგალითი ადამიანებს ევთანაზიის ლეგალიზაციაზე შეხედულებებს შეუცვლიდა.

გუდოლმა სიკვდილის დღე თავადვე აირჩია. „ჩემი გადაწყვეტილებაა, სიცოცხლე ხუთშაბათს დავტოვო, ამისთვის მზად ვარ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს სამშაბათს. იქვე დასძინა, რომ სიკვდილის მომენტისთვის „სიხარულის ოდის“ წამღერებას აპირებდა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიიდან.

სიცოცხლის უკანასკნელი დღე მეცნიერმა ახლობლებთან ერთად გაატარა, ბაზელის უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში. მას შვეიცარიაში თან ახლდა ფილიპ ნიჩკე, ჯგუფი Exit-ის ხელმძღვანელი, რომელიც ევთანაზიის ლეგალიზაციისთვის იბრძვის. ამ ჯგუფის წევრი იყო თავად გუდოლიც.

პროცედურის წინ, გუდოლი ორმა ექიმმა, მათ შორის ერთ-ერთმა ფსიქიატრმა, დამატებით შეამოწმა, რათა პროფესორის სურვილის ნებაყოფლობითობაში დარწმუნებულიყვნენ.

შემდეგ მას ინექცია შეუყვანეს, სასიკვდილო დოზით. გუდოლმა აპარატი საკუთარი ხელით გაასწორა, რომ წვეთოვანს გამართულად ემუშავა.

Exit International, რომელიც გუდოლს შვეიცარიაში ჩასვლაში დაეხმარა, აღნიშნავს, რომ უსამართლობაა ის, რომ ავსტრალიის უხუცეს და სახელოვან მოქალაქეს მსოფლიოს მეორე კიდეში ჩასვლა მოუწია, რათა ღირსეულად გარდაცვლილიყო. „მშვიდობიანი, ღირსეული სიკვდილი ყველა მსურველის უფლებაა, და ადამიანი არ უნდა ვაიძულოთ, ამისათვის სახლი დატოვოს“, – ნათქვამია საიტზე.