ბლოგები / ეკონომიკაshe / ეკონომიკური ძალადობა / კამპანიები / ოჯახში ძალადობა

ეკონომიკური ძალადობა – ოჯახში ძალადობის უცნობი ფორმა

პირველი, რაც ოჯახურ ძალადობაზე გვახსენდება, ფიზიკური ძალადობაა – ცემა. როგორც წესი, როდესაც ოჯახში ძალადობას ვახსენებთ, ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ ქალს, ან ბავშვს, ან მოხუცს ოჯახში სცემენ. მაგრამ ოჯახში ძალადობას სხვა უფრო ფარული და ვერაგი ფორმებიც გააჩნია.

ოჯახში ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად ფსიქოლოგიური ძალადობა ითვლება. თუმცა, ბევრი ადამიანი ფსიქოლოგიურ ძალადობას საკმარის პრობლემად არ მიიჩნევს პოლიციის ჩასარევად. ძალიან იშვიათია, მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ადამიანები შველას ითხოვდნენ სახელმწიფოსაგან და პოლიციისაგან, არადა, ფსიქოლოგიური ძალადობა სერიოზულად აზიანებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს.

კიდევ უფრო მძიმე დღეში ვართ, როცა ვსაუბრობთ ოჯახში სექსუალურ ძალადობაზე. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში არსებობს „ცოლ-ქმრული ვალდებულების“ ცნება, რაც გულისხმობს სქესობრივი კავშირის სავალდებულოობას ქორწინებაში. ბევრმა ქალმა ამ ქვეყანაში არ იცის, რომ არანაირი სექსუალური ვალდებულებები არ არსებობს და ცოლ-ქმარს შორის სექსი მხოლოდ ნებაყოფლობითი და ორივე მხარის თანხმობით და სურვილით უნდა ხდებოდეს. თუმცა, ოჯახში ძალადობის ყველაზე უცნობ ფორმად მაინც ეკონომიკური ძალადობა რჩება. ადამიანები ეკონომიკურ ძალადობას საერთოდ ვერ აღიქვამენ ძალადობად. ამ ბლოგპოსტით ვცედები, თქვენი ყურადღების ცენტრში სწორედ ეკონომიკური ძალადობა მოვაქციო.

ეკონომიკურ ძალადობაზე ზოგადად კვლევებიც ძალიან ცოტაა მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოში კი საერთოდ არ ჩატარებულა მასშტაბური და წარმომადგენლობითი კვლევა ეკონომიკურ ძალადობაზე; ჩვენ არ ვიცით, რა ფორმებია გავრცელებული და რამდენად ხშირია იგი. სამოქალაქო ცნობიერებაზე მუშაობას პრაქტიკულად ნულიდან ვიწყებთ (ინფორმაციისთვის გაგიზიარებთ, რომ „საფარმა“ დაიწყო ბლოგების და სხვა მედიამასალის სერიის მომზადება, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ეხება. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე , ქვეკატეგორიაში „ეკონომიკაshe“. ეს ბლოგიც ამ წამოწყების ნაწილია, რადგან ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება სწორედ ეკონომიკური ძალადობაა).

რა არის ეკონომიკური ძალადობა?

ეკონომიკურ ძალადობად ითვლება, როდესაც მოძალადე აკონტროლებს ან ექსპლუატაციას უწევს ქალის ეკონომიკურ რესურსებს და პოტენციალს. როგორც წესი, მოძალადე სრულად აკონტროლებს მსხვერპლის ფულს, მის ეკონომიკურ რესურსებს და ქმედებებს. მაგალითად, მუშაობას უკრძალავს მსხვერპლს, ან მის მიერ გამომუშავებულ ფულს ართმევს და თავად განკარგავს. ეკონომიკური ძალადობა იწვევს მსხვერპლის ეკონომიკურ დამოკიდებულებას მოძალადეზე.

ეკონომიკური ძალადობაა, როდესაც მოძალადე მსხვერპლს უზღუდავს განათლების მიღებას ან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას, როდესაც მოძალადე უკრძალავს, ან ფულს არ აძლევს მსხვერპლს, რომ ამ უკანასკნელმა მიმართოს ექიმს.

ეკონომიკური ძალადობა ძალიან ხშირად განმტკიცებულია მოძველებული ტრადიციებითაც, მაგალითად, როცა უძრავ და მოძრავ ქონებას მხოლოდ კაცებს გადასცემენ, ან როდესაც მემკვიდრეობას არ უნაწილებენ ქალებს; ეკონომიკური ძალადობა შეიძლება, გვხვდებოდეს საერთო საკუთრების გამოყენებაშიც.

ეკონომიკური ძალადობა ხშირად გვხვდება ისეთ ოჯახებში, სადაც ქალის ქცევებს აკონტროლებენ და ის მიემართება ქალის დამოუკიდებლობას – მოძალადეს არ სურს, ქალი იყოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი და შეეძლოს საკუთარი თავის რჩენა.

ეკონომიკური ძალადობა ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმაა და როგორც სხვა ნებისმიერ ძალადობას, მასაც იგივე მიზნებისთვის იყენებენ: მსხვერპლი მაქსიმალურად დამოკიდებული გახადონ მოძალადეზე და ეჭვქვეშ დააყენონ ქალის თვითშეფასება, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ძალადობა ასუსტებს მსხვერპლს, აზიანებს მის ფსიქიკას და უსპობს მომავალს.

ეკონომიკური ძალადობა ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა, განმარტება არ არის ყოვლისმომცველი და რაც მთავარია, არ არსებობს კონკრეტული ბერკეტი, რითიც შევებრძოლებით მას. როდესაც ვეკითხები პრაქტიკოსებს, თუ როგორ ებრძვიან მას, ისინი მპასუხობენ, რომ ეძებენ ოჯახში ძალადობის სხვა ფორმებს, რათა ერთობლივად დააყენონ მოძალადის პასუხისმგებლობის საკითხი. მხოლოდ ეკონომიკური ძალადობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. იმისათვის, რომ ძალადობის ამ ფორმას აქტიურად ვებრძოლოთ, საჭიროა მეტი კვლევა, რეგულირება და გადაჭრის ეფექტური მექანიზმების მოძიება. სწორედ ამ საკითხებზე შემოგთავაზებთ შემდეგ ბლოგპოსტს.

 

ავტორი: ბაია პატარაია.

პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.