ბლოგები / ეკონომიკაshe / ეკონომიკური ძალადობა / კამპანიები

უჩინარი ქალები

ბებიამ საპენსიო ასაკს რომ მიატანა, ბუღალტრის საქმიანობას თავი დაანება და ჩვენს, შვილიშვილების, აღზრდას შეუდგა. მახსოვს, 3 მცირეწლოვანი ბავშვი მთელ დღეს მასთან ვატარებდით. ვერავინ დაასწრებდა დილით, უთენია ადგომას. გაღვიძებისთანავე იწყებდა ჩვენს მოვლას, სახლის დასუფთავებას, საჭმლის მომზადებას, ტანსაცმლის რეცხვას, ბაბუაზე ზრუნვას და ისე მარჯვედ აკეთებდა ამ ყველაფერს, დაღლას ვერც შეატყობდი. დღის ბოლოს თუ დაიწუწუნებდა, ძალა აღარ შემრჩაო. არც ვუსმენდით, ბებია იყო და ეს საქმე უნდა ეკეთებინა. არ მახსოვს, ბებიაჩემი მეგობრებთან ან გასართობად წასულიყო. ბავშვობაში მეგონა, ხნიერი ადამიანები სულ სახლში უნდა ყოფილიყვნენ და „თავიანთი საქმეები“ ეკეთებინათ. ჩემი მეგობრების ბებიებიც ასე ცხოვრობდნენ. ზოგი მათგანი, საოჯახო საქმის გარდა, არაფორმალურადაც მუშაობდა და ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ბებიას ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა. კარგა ხანს არ იკეთებდა, ჩემს თავზე რომ ვიფიქრო, მერე თქვენ ვინ მოგხედავთო, ამბობდა. მაშინ, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი, ასეც უნდა ყოფილიყო.

მსოფლიო ნელ-ნელა თანხმდება, რომ გენდერული თანასწორობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე ვერ მიიღწევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ ქალებს არ ექნებათ თანაბარი შესაძლებლობა ეკონომიკურ რესურსებზე წვდომისა და მისი განკარგვის, მანამდე ისინი სოციუმში თანასწორობას ვერ მოიპოვებენ.

კორნუოლისა და ედვარდსის განმარტებით, ეკონომიკური გაძლიერება გულისხმობს პიროვნულ და სოციალურ დონეზე მიმდინარე პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სასიკეთო ცვილებებთან. ამ პროცესის დროს, ქალები ინდივიდუალურად და ერთობლივად იძენენ ძალას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ თავად შესწევთ უნარი, საკუთარ ცხოვრებაზე აიღონ კონტროლი  და მიიღონ ეკონომიკური გადაწყვეტილებები. ამგვარად, ეკონომიკური გაძლიერება თავის თავში გულისხმობს ქალების ყველა ჯგუფის  გაძლიერებას.

მსოფლიოში ამ მიმართულებით უამრავი კამპანია და პროექტი ხორციელდება. სამთავრობო თუ არასამთავრობო დონეზე პოზიტიური ძვრებია, მიმდინარეობს დისკუსიები და ა. შ. თუმცა, ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელშიც უამრავი ქალია ჩართულია, არსად ჩანან ხანდაზმული ქალები და არაფერი ისმის მათი საჭიროებების შესახებ.

რატომ არ ვსაუბრობთ ხანდაზმულ ქალთა საჭიროებებზე?

ხანდაზმული ქალები არიან ყველგან – ჩვენს ოჯახებში, მეზობლად, ქალაქებსა თუ სოფლებში, თუმცა მათ ჯერაც ვერ ვამჩნევთ. საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ქალისთვის ხანდაზმულობა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც სხვებისთვის უჩინარნი ხდებიან, მათი საჭიროებები კი იგნორირებულია. ღარიბ ქვეყნებში განსაკუთრებით რთულია ქალთა სიბერე. ცხოვრების განმავლობაში გამოცდილი გენდერული დისკრიმინაცია, ძალადობა, დაბალი სამუშაო ანაზღაურება წინაპირობაა მათი რთული სიბერის.

მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულ ქალებს ოჯახისა და ქვეყნის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, სოციალური და კულტურული ნორმების გამო, საზოგადოებაში მაინც სტიგმატიზირებული არიან და „არაპროდუქტიულ“, „ფუნქციადაკარგულ“, „ეკონომიკურად დამოკიდებულ“ ადამიანებად აღიქმებიან. ხნიერი ქალების მძიმე სამუშაო ხშირად „დროის გაყვანად“, „ოჯახის წახმარებად“ ანდა „სავალდებულო საქმედ“ აღიქმება. საზოგადოებაში დამკვიდრებული ეს მცდარი წარმოდგენები და ცნობიერების დაბალი დონე, ხანდაზმულ ქალებს მხარდაჭერისა და ზრუნვის მიღმა ტოვებს.

ხანდაზმული ქალების „უჩინარი შრომა“

ქალებს, ასაკის მიუხედავად, ყოველთვის აქვთ საქმე. რომ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ჩვენი ყოველდღიურობა ხანდაზმული ქალების შრომის გარეშე, ალბათ, მაშინვე გავიაზრებთ მათი შრომის ღირებულებას. მათ უხილავ, მძიმე შრომას ოჯახების ბიუჯეტსა და ეროვნულ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს. სწორედ მათ აწევთ აუნაზღაურებელი, უხილავი შრომის ტვირთი: სახლის დალაგება, ავადმყოფი ოჯახის წევრის მოვლა, ბავშვებზე ზრუნვა. სიბერეში ქალის მოვალეობად მიიჩნევა დაუძლურებული ქმრის პარტონობაც. ისინი სიცოცხლის ბოლომდეც კი შრომისუნარიანებად რჩებიან.

ქალების, მათ შორის, ხანდაზმული ქალების როლი საქართველოში, განსაკუთრებით კარგად 90-იანი წლების ურთულეს პერიოდში გამოჩნდა. იმდროინდელი ეკონომიკური კრიზისი და სიღარიბე, ფაქტობრივად, ქალებმა გადაგვატანინეს. მაშინ, როდესაც კაცებმა პატრიარქალური კულტურით მინიჭებული „შემომტანის“ ფუნქცია დაკარგეს, ოჯახებში კრიზისი დაიყო. ქალებმა კი, ამ დროს, რეალობას თვალი გაუსწორეს, სწრაფად ადაპტირდნენ გარემოსთან და კიდევ ერთი, ოჯახის მარჩენლის ფუნქცია შეითავსეს, რითაც უამრავი კაცი და ბავშვი შიმშილს გადაარჩინეს. „ოჯახის მარჩენლის“ ტვირთს კი, ქალები საოჯახო საქმისგან არ გაუთავისუფლებია. ის ადამიანები, რომლებმაც 1990-იან წლებში შიმშილს გადაგვარჩინეს, დღეს  ხანდაზმული ქალები არიან და კვლავაც უმძიმეს სამუშაოს ეწევიან. მათზე ისევ არავინ საუბროს და არავინ ზრუნავს.

რა უნდა გავაკეთოთ ხანდაზმული ქალებისათვის?

დღეს ბებია 91 წლისაა. ხანდახან დარდობს, ისე ვეღარ გეხმარებით, როგორც ადრეო. ძალა აღარ აქვს. ისევ სახლშია და ცდილობს, მისი საქმეებიდან ერთ-ერთი მაინც გააკეთოს. უსაქმოდ ვერც ახლა ძლებს. არ უყვარს „უქმედ ჯდომა“. გარეთ არასდროს გადის, ან სად წავიდეს? ხადაზმული ადამიანებისთვის ნაკლებადაა სივრცეები ქალაქში. ადამიანები და მათთან საუბარი მენატრებაო, ამბობს. არავის სცალია მისთვის. არც მცირე პენსია ჰყოფნის საარსებოდ და არც – ადამიანების ყურადღება.

სურვილის მიუხედავად, ჯერაც ვერ ვისაუბრებთ ხანდაზმული ქალების ეკონომიკური გაძლიერების წარმატებულ მაგალითზე, რადგან კონკრეტულად მათთვის შემუშავებული და მათ საჭიროებებზე მორგებული ეკონომიკური გაძლიერების სტრატეგია ჯერჯერობით არ არსებობს. დღეს, როცა მსოფლიოს მდგრადი განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს, გლობალურ დღის წესრიგში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ხანდაზმული ქალების როლი და მათზე ზრუნვისა გაძლიერების სტრატეგია.

ასეთ სტრატეგიებზე საუბარი კი ალბათ იმით უნდა დავიწყოთ, რომ ხანდაზმული ქალებს, სულ მცირე, უნდა მოვუსმინოთ მაინც. დროა, დავინახოთ ეს ადამიანები და შევუქმნათ პირობები, რომ თავად ჩაერთონ დისკუსიებში, რათა თავიანთი საჭიროებების შესახებ თავადვე მოგვიყვნენ.

 

ავტორი: თეო ქავთარაშვილი.

პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.