"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

ელენა ბლაგოდარნაიას საქმეზე გასამართლებულ პირს სასჯელი დაუმძიმდა

ელენა ბლაგოდარნაიას საქმესთან დაკავშირებით სიახლეებია.

ალექსანდრე ჯინჭველაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საკასაციო საჩივარი და მას სასჯელი დაუმძიმა – 17-წლიანი პატიმრობა გაუზარდა 20 წლის პატიმრობით (ოჯახში ძალადობის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე ორი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელ ალექსანდრე ჯინჭველაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლომ შეუფარდა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ დაუმძიმა სასჯელი – შეუფარდა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კასაციამ 20 წლამდე გაზარდა სასჯელი).

ელენა ბლაგოდარნაიას უკავშირდება ასევე სისხლის სამართლის მეორე საქმე, რომელიც აღიძრა იმ ორი პატრულ-ინსპექტორის – ლევან ვარდოსანიძისა და კახაბერ ხვედელიძის წინააღმდეგ. შემთხვევის დღეს, ისინი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. მათ თვალწინ ესროლა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ელენას და ელენას ყოფილ ქმარს მამუკა გაგნიძეს.

2019 წლის ივლისში, პატრულის ეს ორი თანამშრომელი გასამართლდა და სასამართლომ მათ პირობითი სამი წელი შეუფარდა. პროკურატურამ ეს განაჩენი გაასაჩივრა და სასჯელის დამძიმებას ითხოვს. ეს საქმე ამჟამად სააპელაციო ინსტანციაშია გადაცემული.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 31 მაისს, წერეთლის გამზირზე, მოქმედმა პოლიციელმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ნაქირავებ ბინაში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად მცხოვრებ 34 წლის ელენა ბლაგოდარნაიას ესროლა და დაჭრა, შემდეგ კი მის ყოფილი მეუღლე მოკლა.
ელენა ბლაგოდარნაიას ინტერესებს “საფარი” იცავს. დასახელებულ საქმესთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ პრესკონფერენცია ორჯერ გამართა, საქმეში მონაწილე პატრულის თანამშრომლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით. ელენა კარს არ უღებდა მოძალადეს, მკვლელი პოლიციამ შეიყვანა სახლში, შემდეგ კი, პატრულის თანამშრომლებმა არანაირი ზომა არ მიიღეს მკვლელის ქმედებების გასანეიტრალებლად და ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.