სტატიები

ვივიენ ვესტვუდი – პანკის მეამბოხე დედოფალი

„როდესაც წლების წინ პანკს ვქმნიდი, ეს უკავშირდებოდა სამართლიანობას, უკეთესი სამყაროს შექმნის მცდელობას. უბრალოდ, დღეს უკვე სხვა მეთოდები მაქვს“, – ამბობს ვივიენ ვესტვუდი. დიზაინი მისთვის ყოველთვის თვითმიზანი კი არ იყო, არამედ – საკუთარი კულტურულ-პოლიტიკური იდეების რეალიზაციის საშუალება.

ვივიენი დღემდე პირველი ქმრის, დერეკ ვესტვუდის (Derek Westwood) გვარს ატარებს, რომელსაც სულ მალე დაშორდა. ხელოვნების სკოლაში სწავლის მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა – ვივიენმა სკოლა იმის გამო მიატოვა, რომ დარწმუნებული არ იყო, მუშათა ოჯახიდან გამოსულ გოგონას მდიდრულ, ბოჰემურ სფეროში რაიმე ესაქმებოდა. თუმცა, მის თავდაჯერებაზე დიდი გავლენა მისმა მეორე ქმარმა, მალკოლმ მაკლარენმა (Malcolm McLaren), იქონია. სამხატვრო სკოლის არცთუ წარმატებული სტუდენტი მალკოლმი კონიუნქტურის შესანიშნავი მცოდნე იყო. იგი პროდიუსერობდა საკულტო პანკ ჯგუფ Sex Pistols-ს, რითიც პანკმუსიკის ბინძური გარაჟებიდან ლონდონში, საბოლოოდ კი მსოფლო სცენაზე გაყვანა შეძლო.

ცოლ-ქმარმა ნამდვილი ესთეტიკური რევოლუცია მოახდინა. ვივიენი და მალკოლმი პანკს ერთდროულად ორ ფრონტზე – მოდასა და მუსიკაში – ქმნიდნენ. 1970-იანებში, მათ ლონდონში მაღაზია Let It Rock გახსნეს, რომელიც უფრო მეტად ცნობილი მეორე სახელწოდებით, Sex-ით, იყო. აქედან მოდის მარკა Vivienne Westwood-ის სტილიც, რომელიც ქუჩის უსახლკაროთა ჩაცმულობით, პანკმუსიკითა და ბრიტანეთის იმპერიის ისტორიითაა შთაგონებული. დახეული მაისურები, ანარქისტული ლოზუნგები, სამკერდე ნიშნები, სამაგრები და ფეტიშიზმი კაპიტალიზმის წინააღმდეგ ამბოხს განასახიერებდა. ამ სულისკვეთებას მარკა დღემდე ინარჩუნებს.

ვივიენ ვესტვუდის პირადი ცხოვრება მის კარიერას მჭიდროდ უკავშირდება: მისი მესამე ქმარი ანდრეას კრონტალერია (Andreas Kronthaler). დიზაინერი ანდრეასს 1980-იანების დასაწყისში შეხვდა, როცა ვენის ხელოვნების უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. კრონტალერი მისი სტუდენტი იყო, დღეს კი მარკის ყველა კოლექციის შეუცვლელი თანაშემოქმედი და თანაავტორია. პანკის დედოფალმა მის პატივსაცემად ლეიბლი Vivienne Westwood ლეიბლ Andreas Kronthaler for Vivienne Westwood-ად გადააკეთა.

ისევე, როგორც ბევრი ქალი დიზაინერი, ვესტვუდი თავად არის იმ სტილის განსახიერება, რომელსაც თავისი ტანსაცმლის მეშვეობით ქმნის. იგი ხშირადაა სარეკლამო რგოლების სახე, ახალი კოლექციის სადემონსტრაციოდ გადის პოდიუმზე. თავის თითოეულ მოძრაობაში, პანკ აქტივისტი გულწრფელი, ორგანული და მომხიბლავია. წელს, საგაზაფხულო სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა თავად ვესტვუდის გარდა გაჩეჩილმა, ფერმკრთალმა, უმაკიაჟო ქლოე სევინიმ (Chloë Sevigny) მიიღო მონაწილეობა. გადაღება მოდის საზოგადოებამ აღტაცებით მიიღო: მასში მკვეთრად იგრძნობოდა მოწოდება: არ უნდა გვეშინოდეს, ვიყოთ სასაცილოები, მოუვლელები, „არასერიოზულები“ – ეს ყველაფერი ხომ ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

მიუხედავად ასაკისა, თავად ვესტვუდიც საოცრად ენერგიული და სიცოცხლისუნარიანია: უერთდება ახალგაზრდა ექიმების საპროტესტო აქციებს, რომლებიც შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ, ტანკით მიდის პრემიერ-მინისტრის სახლთან და პეტიციას ადგენს გენმოდიფიცირებული პროდუქტების წინააღმდეგ. პარალელურად, ვივიენი ათობით შემოქმედებითი პროექტის რეალიზებას ასწრებს: ქმნის კოსტიუმებს ოპერისა და თეატრისთვის და უნიფორმების დიზაინს ავიაციის თანამშრომლებისთვის, აფორმებს ოტელებსა და წიგნებს, უშვებს სპეციალურ კოლექციებს სხვადასხვა ეკოლოგიური პროექტის მხარდასაჭერად.

გარკვეული პერიოდის მანძილზე, ვივიენი ინტერვიუს მიცემაზე უარს ამბობდა, თუ მას მოდაზე საუბარს სთხოვდნენ და არა – გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. „პროგნოზების თანახმად, დღეს პლანეტაზე ტემპერატურა ხუთი გრადუსით მოიმატებს. მე მაქვს რუკა, რომელზეც აღნიშნულია, დედამიწის რომელი უბნები გაუდაბურდება. უბრალოდ გასაოცარია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ამის შესახებ არაფერი იციან და არანაირ ზომებს არ ღებულობენ. ეს უბრალოდ კრიმინალია, დანაშაულია!“. არქტიკული ყინულის დნობის თემით შეძრულმა ვივიენმა, ფონდი Climate Revolution დააარსა, რომლის საიტზეც დაწვრილებითი დღიური განათავსა.

ბლოგში, ვესტვუდი დეტალებში აღწერდა თავის რეაქციას ეკოლოგიურ პრობლემებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგალითად, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესს. „მე წარმოვთქვი სიტყვა, რომელშიც ევროკავშირში დარჩენისთვის ხმის მიცემას ვთხოვდი ადამიანებს, რადგან ვხელმძღვანელობ იმ პრინციპით, რომ მშვიდობა და თანამშრომლობა ომსა და კონკურენციას სჯობს. როდესაც მეორე დღეს გავიგე, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, მივხვდი, რომ პლანეტის გადარჩენის იმედი აღარ უნდა მქონოდა“, – განაცხადა ვივიენმა.

თავის ბლოგში დიზაინერი სხვა თემებზეც საუბრობს – ლიტერატურაზე, ადამიანებთან შეხვედრებზე, იდეებზე, გეგმებზე. მან ჩანაწერების გაკეთება 2016 წლის ზაფხულში შეწყვიტა, რათა მომავალში ეს ყველაფერი წიგნის სახით გამოეცა. ორწლიანი შესვენების შემდეგ, წელს იგი ახალ პოსტებსაც აქვეყნებს. „თავს WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჟულიან ასანჟის (Julian Assange ) მომხრედ და მეგობრად მივიჩნევ. ჟულიანი ექვსი წლის მანძილზე მხოლოდ იმის გამო იყო გამომწყვდეული ლონდონში, ეკვადორის საელჩოში, რომ ჩვენს უფლებას იცავდა, გვცოდნოდა სიმართლე აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების მთავრობათა საქმიანობის შესახებ. ჟულიანი მებრძოლია. მისი მხარდაჭერით, ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას“.

რამდენიმე წლის წინ, ვივიენი უშველებელ ბეიჯს ატარებდა ჩელსი მენინგის (Chelsea Manning), WikiLeaks-ის ინფორმატორის პორტრეტით, რომელმაც ციხეში გენდერული ტრანზიცია გაიარა და ლგბტ სიმბოლოდ იქცა.

„მე მას თვეში რამდენჯერმე ვხედავ, იგი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ქალია, როგორიც კი გაერთიანებულ სამეფოში მინახავს“, – ამგვარად გამოხატა ვესტვუდის წინაშე მოწიწება თავად ასანჟმა.

ვესტვუდი მოდის სფეროში საქმიანობას ბრიტანეთისთვის რთულ პერიოდში შეუდგა: ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოება სწორედ მაშინ დგებოდა ფეხზე და იმპორტთან კონკურენციას ცდილობდა. თუმცა, დიზაინერი უკვე მაშინ იყო მასობრივი წარმოების წინააღმდეგი – ვივიენი მიიჩნევდა, რომ იგი უსულგულო რამ იყო. ვესტვუდის პოზიცია კიდევ უფრო გამყარდა ეკოლოგიასა და გლობალური კვლავწარმოების ეპოქაში.

კრონტალერს, რომელიც, ცოლის სიტყვებით, Climate Revolution-ის აქტიური საქმიანობით გადაიღალა, მიაჩნია, რომ არანაირი რევოლუცია საჭირო არ იქნებოდა, ადამიანებს რომ მხოლოდ ხარისხიანი და კომფორტული სამოსი ეცვათ და კომპრომისებით არ კმაყოფილდებოდნენ. მართლაც, ვივიენ ვესტვუდი ქმნის სამოსს, რომელიც ჩვენი კარადის კიდეზე არასოდეს მოხვდება მხოლოდ იმის გამო, რომ ტრენდულობა დაკარგა. მარკა კლასიკური კერვის ტრადიციებს ღირებულების დაცემის ხარჯზე არასოდეს ღალატობს.

თავად ვივიენ ვესტვუდი დღესდღეობით თავს აქტივისტს უწოდებს. მას თავისი იდეალებისთვის არასოდეს უღალატია. ყველაზე ცნობილი კოლექციის, „მეკობრეების“ ჩვენებით დაწყებული, ბოლო საგაზაფხულო-საზაფხულო კოლექციით დამთავრებული, მისი ნამუშევრები აღსავსეა არა მხოლოდ ხულიგნობითა და პროტესტით, არამედ – იუმორითაც, რაც დღეს პრაქტიკულად ყველა ცნობილ ბრენდს ახასიათებს, Gucci-დან Balenciaga-მდე. ვივიენის დიზაინში ვერასოდეს ნახავთ აკრძალვებს: რამდენიმე ათასი ფუნტის ღირებულების კოსტიუმებში ნაკერიდან ჩამოძენძილი ძაფები გვხვდება. კაბა კაცისთვის? – კი ბატონო! ნამდვილი პანკი დიზაინერი თამამად იყენებს ბრიტანულ მემკვიდრეობას, სესხულობს ახალგაზრდული სუბკულტურების ელემენტებს. მისთვის ხელოვნების ნიმუში მაისური კი არაა, არამედ – დაგლეჯილი მაისური. ეს ვივიენს ყოველთვის ესმოდა, რაც მას სხვებისგან გამოარჩევდა.