შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ სატარ მირზაკვალმა განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით მოხდება. თალიბები, რომლებიც ამ მომენტისთვის ავღანეთის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ და ქაბულში შესასვლელად ემზადებიან, პირობას დებენ, რომ ქალთა უფლებებს დაიცავენ და მათ მუშაობის უფლებასაც დაუტოვებენ.
“ჩვენ პატივს ვცემთ ქალთა უფლებებს და მათ მუშაობის უფლებასაც მივცემთ, იმ პირობით, თუ ბურკას ატარებენ”, – აცხადებენ ისინი.
1996 წელს, როცა ქვეყნის ხელისუფლების სათავეში თალიბანი მოვიდა, ქალებს სამსახური აეკრძალათ, გოგონებისთვის სწავლა კი 8 წლამდე გახდა ნებადართული. ამ ასაკს ზემოთ გოგონა ქუჩაში ახლო ნათესავი კაცის გარეშე ვეღარ გავიდოდა. გოგონებს ეკრძალებოდათ სახლის აივნებზე გასვლაც, რათა ისინი უცხოებს არ დაენახათ, და არ ჰქონდათ უფლება, ესაუბრათ საზოგადოებრივ ადგილებში.
თალიბანმა ავღანეთში ქალებს ასევე ქუსლიანი ფეხსაცმელი, სამკაულები და ისეთი სამოსის ტარებაც აუკრძალა, საიდანაც ხელები, ფეხები, სახე ან თმა მოჩანდა. უმცირესი დარღვევების დროსაც კი, ქალებსა და გოგონებს როზგავდნენ და სიკვდილით სჯიდნენ.