დღეს, თამთა თოდაძემ, საფარმა და მედიის განვითარების ფონდმა (MDF), ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საჩივარი შეიტანა მედიასაშუალებების “კვირა+”-ის, PIA-სა და “ალიას” წინააღმდეგ, რომლებსაც ორგანიზაციის ბენეფიციარის, თამთა თოდაძის წინააღმდეგ აგორებული მასშტაბური მადისკრედიტირებელი კამპანიის ხელისშეწყობაში ადანაშაულებს.
“7 ოქტომბერს, ონლაინ პლატფორმაზე “კვირა +”-ზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “თამთა თოდაძის დედა წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევია”. იმავე დღეს “კვირა +”-ზე დაყრდნობით და იდენტური სათაურით მსგავსი ცნობა საინფორმაციო სააგენტო PIA -მაც გამოაქვეყნა. ორივე ინფორმაცია ეყრდნობა ცნობას თამთა თოდაძის დედის ნასამართლეობის შესახებ, რომელსაც ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს და განმარტავს, რომ “პირის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია არაა საჯარო და მისი მოპოვება მხოლოდ აღნიშნული პირის წერილობითი თანხმობით არის შესაძლებელი”. აღსანიშნავია, რომ ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს გასაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, ხოლო რედაქციის მიერ ხათუნა ოქროპირიძის შესაძლო ნასამართლეობის ფაქტის გაშუქება არღვევს ქარტიის მე-10 პრინციპს, აქვეყნებს პირის პირადი, ცხოვრებისა და პერსონალური ინფორმაციის დეტალებს.
უფრო მეტიც, მივიჩნევთ, რომ თამთა თოდაძის მიერ, თბილისის საკრებულოსა “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების საქმის გაშუქებისას, შემდგომში დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძის დედის სავარაუდო ნასამართლეობაზე გავრცელებული ინფორმაცია არარელევანტურია და არა საზოგადოების ინფორმირებას, არამედ დაზარალებულის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას ემსახურება.
თამთა თოდაძის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული იყო ასევე გაზეთი “ალია”, რომლის ონლაინ გამოცემაშიც 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით ,,თამთა თოდაძე ნაცმოძრაობის ახალგაზრდულის საკმაოდ აქტიური წევრი იყო!” ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროს, ლადო სადღობელაშვილის ფეისუქ სტატუსს ეყრდნობა, რომელიც ამტკიცებს, თითქოს თამთა თოდაძის წარსულში პოლიტიკურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობის” წევრი იყო.
მიგვაჩნია, რომ “ალიამ“ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 პრინციპი, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯებას ისახავდა მიზნად, ასევე მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია) და მოახდინა თამთა თოდაძის დისკრიმინაცია. მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდა მარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შეისწავლოთ “კვირა +” -ის და PIA-სა და “ალიას” მიერ აღნიშნული მუხლების დარღვევა”, – ვკითხულობთ საჩივარში.