ბლოგები

თამთა მელაშვილი, ფემინისტური დღიურები

ჩემი ცხოვრების პირველი 30 წელი (და ალბათ, ნახევარი სიცოცხლე) სიბნელეში ხელის ცეცებით სიარულს გავდა. მერე, როცა სახელები დავარქვი (მეტნაკლებად) ყველაფერს, რაც ჩემშიც და ჩემს გარშემო ხდებოდა, ცხოვრება უფრო  შესაძლებელი გახდა. ფემინიზმი ჩემთვის თავშესაფარი არ ყოფილა, ის უფრო მიწად იქცა, რომელზედაც დავდექი ხელზე ჩამოსათვლელ თანამოაზრესთან (და მეგობართან) ერთად. აქედან დაიწყო ჩემი აქტივიზმიც.

ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფში (და ზოგადად, ფემინიზმშიც) თავიდან (2011წ.) ძალიან ცოტა ვიყავით – ისინი, ვისაც თითქმის მთლიანად ერთნაირი ღირებულებები და ხედვა გვქონდა. მოგვიანებით, ჯგუფი გაიზარდა და შესაბამისად, ბრძოლის ერთიანი პლატოფრმის შენარჩუნება შეუძლებელიც გახდა. მოხდა ის, რაც პატარა ჯგუფებში ხდება და სრულიად ლოგიკური და პრინციპში, ამ გადმოსახედიდან არადრამატულიცაა. აღმოჩნდა, რომ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე სხვადასხვანაირი და ხშირად საწინააღმდეგო ხედვა გვქონდა. ამ წინააღმდეგობებს უფრო აძლიერებდა პირადი  და ემოციური ურთიერთობების დინამიკა, რომელიც ადამიანებს გვაქვს ერთმანეთის მიმართ და რაც პატარა ჯგუფებში განსაკუთრებულად ძლიერად იჩენს თავს. ვაღიარებ, რომ დაარსებიდან 2 წლის შემდეგ, ჯგუფის დატოვება ჩემთვის უფრო პირადმა (და ემოციურმა) მიზეზებმა განაპირობა, ვიდრე იდეოლოგიურმა, თუმცა იდელოგიური და პირადი უთანხმოება სრულიად გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან და მაშინ მისი არც გარჩევა შემეძლო და არც ერთმანეთისგან დაცალკევება. აღარ მქონდა არანაირი რესურსი აქტივიზმში ბოლომდე ჩართული ვყოფილიყავი იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ემოციურად უკიდურესად  გადატვირთული ვიყავი. ჯგუფის დატოვებიდან დღემდე ჩემს თავს უფრო სოლო აქტივისტად მოვიაზრებ, რისთვისაც საყვედური ბევრჯერ მიმიღია, მაგრამ მგონია, რომ ასეც შემიძლია იმის კეთება, რაც, პირველ რიგში, მინდა და რაც ასე თუ ისე, ადგილობრივ ფემინიზმს ჩემს კონტრიბუციას მატებს.

დღეს ბევრად მეტი ფემინისტური ჯგუფი და ფემინისტი არსებობს, ვიდრე 2011 წელს. შესაბამისად – მეტი გოგო წყვეტს ხელის ცეცებას ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მე გავაკეთე. არაფერი ისე არ მავსებს იმედით, როგორც ბევრი ახალგაზრდა ფემინისტის გამოჩენა. სხვადასხვა ფემინისტურ ჯგუფებს (თუ ფემინისტებს) შორის დავა და დაპირისპირებაც (ხანდახან “სისხლისმღვრელიც”) გარდაუვალ, მაგრამ საბოლოო ჯამში, აქაური ფემინიზმ(ებ)ის წინსვლის და გაძლიერების პროცესის ნაწილად მიმაჩნია. უბრალოდ, ამ ბოლოს დროს უფრო ხშირად მეთოდებზე ვფიქრობ, ვიდრე თავად “სისხლისღვრაზე”. ეს პროცესი ემოციურ დონეზე, არა მგონია, რომელიმე ფემინისტისთვის ან უკვალოდ ქრებოდეს,  ან უვნებელი იყოს. ხშირად მიფიქრია იმ ემოციურ სისასტიკეზე, რაც ფემინიზმში მყოფ ქალები,ძირთადად  ხედვათა სხვადასხვაობის გამო, ერთმანეთის მიმართვიყენებთ. მიფიქრია ასევე ამ სისასტიკის მკვებავ და თანმდევ ტკივილზეც (და გამწარებაზეც), რომლის საკუთარ წილს ყველა ჩვენგანი დავატარებთ. ეს სისასტიკეც, პატრიარქატის პირობებში ქალთა აქტივიზმში ემოციური ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია და მის არსებობაზე არც ჩემ თავს და არც სხვა ქალებს არ ვამუნათებ. უბრალოდ, მგონია, რომ მეტი თვითრეფლექცია, საკუთარ თავში ჩაღრმავება და პასუხების ძიება რატომ ვიქცევით ასე – ესეც ფემინისტური აქტვიზმის განუყოფელი ნაწილია. ხანდახან ამის გაკეთება უფრო ძნელი და გამომფიტავია, ვიდრე თავად აქტივიზმი. მაგრამ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმის აღიარებიდან იწყება, რომ ამ ცივილიზაციაში დაბადებულებს და გაზრდილებს, მიუხედავად ჩვენი დიდი წინააღმდეგობებისა – რაც არ უნდა “დამფძუნებელი დედები”, ქვიართქვიარები და თეორიათა გურუები ვიყოთ – ჩვენ თავშიც პატრიარქატს დავატარებთ – ალბათ, უფრო ნამსხვრევების სახით, რომელიც ყველაზე ამაზრზენად, ზუსტად ქალებს შორის ურთიერთოებაში იჩენს თავს და განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში  – რომანტიკაშიც, მეგობრობაშიც, თანამშრომლობაშიც და აქტივიზმშიც. მგონია, რომ საკუთარ თავში პატრიარქატის აღიარება და მასთან ბრძოლა ყველაზე დიდი ომია, ოღონდ აუცილებლად მოსაგები.