ბლოგები

თეთრ რაშზე ამხედრებული თანამედროვე პრინცები

ესმა გუმბერიძის ბლოგი

თანამედროვე ტექნოლოგიები და ცხოვრების ზოგადი ხარისხი უმჯობესდება, ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, ადამიანური ცნობიერება კი ნაკლებად იცვლება. თუ ადრე ქალი თეთრ რაშზე ამხედრებულ უფლისწულზე ოცნებობდა, დღეს საკმაოდ ბევრი ქალი ოცნებობს ძვირფასი ავტომობილების, ცათამბჯენების მფლობელ ბიზნესმენ მილიარდერზე; ოცნებობს, რომ თანამედროვე პრინცი მოაკითხავს და მისი მხრიდან მუშაობისა თუ ზედმეტი სწავლის გარეშე, მზა–მზარეულზე, ერთი ხელის მოსმით, მის რჩენას ითავებს, სიმდიდრესა და ფუფუნებაში აცხოვრებს, თან გაგიჟებით, სიცოცხლის ბოლომდე ეყვარება და გაანებივრებს კიდეც.

გამოგიტყდებით: ჩემი ცხოვრების გარკვეულ, ხანმოკლე ეტაპზე, მსგავს ოცნებას ჩემშიც გაუელვებია. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ ბიზნესმენი მილიარდერები მხოლოდ გარეგნობის გამო მოწონებულ, შეყვარებულ და მზა–მზარეულზე მოყვანილ ქალებს, რომლებსაც ამ სიმდიდრისა და კეთილდღეობის მშენებლობაში წვლილი არ მიუძღვით, აღიქვამენ და განიხილავენ თავიანთი ქონების, საკუთრების შემადგენელ ნაწილებად, ისევე როგორც ბოლო მოდელის ჯიპს, ცათამბჯენს, საკუთარ კუნძულსა თუ პირად თვითმფრინავს. „პრინცებისთვის“, მაღალი, ქერა, გრძელთმიანი, გამხდარი, „თეთრი“, 90–60–90“ თუ გარეგნული სილამაზის სხვა გაბატონებული სტანდარტების მქონე ქალიც ისეთივე მონაპოვარია, როგორც ჯიშიანი ცხენი ან ეფლის ლეპტოპი. მან ეს თავისი „სათამაშო“ სხვადასხვა აქსესუარებით, სამკაულებით, ძვირადღირებული კოსმეტიკითა და ტანსაცმლით, გასართობებითა თუ პლასტიკური ოპერაციებით უნდა შეამკოს ზუსტად ისევე, როგორც ის უვლის თავის პირად თვითმფრინავს. ფინანსური შესაძლებლობები ადამიანს უსპობს მრავალ შეზღუდვას, აკეთოს რაც უნდა. თუ მე, მაგალითად, ჩემი კომპიუტერი ან სხვა რამე ნივთი უბრალოდ როცა მომბეზრდება, ახლის შესაძენად მაშინვე კი არ გავრბივარ, არამედ ვფიქრობ, რამდენად მჭირდება მობეზრებული საგნის ჩანაცვლება, რამდენად დაძველდა ან ობიექტურად რამდენად საჭიროებს იგი გამოცვლას. მდიდარ ადამიანს კი შეუძლია, მობეზრებული საგანი მყისვე მოიცილოს თავიდან, გადააგდოს ზედმეტი დაფიქრების გარეშე და რადგან მან იცის, რომ მობეზრებულის ახლით ჩანაცვლება არაფრად უღირს, უფრო სწრაფად და ადვილადაც ბეზრდება და უფრო მალეც იცვლის გართობის ყველა საგანს.

მდიდარ კაცებს ადვილად ბეზრდებათ ერთ ქალთან ურთიერთობა, და უფრო ახალგაზრდა და მიმზიდველი ქალის გაცნობის შემდეგ, ადვილად იწყებენ ახალ ურთიერთობას, ძველს კი – „გვერდზე გადადებენ“. როგორც რიგითი ადამიანები, მობეზრებულ ან მოძველებულ ნივთებს ახლებით რომ ვანაცვლებთ, ძველს ყოველთვის არ ვყრით და არ ვყიდით, ხანდახან მაინც ვინახავთ „შავი დღისთვის“. ასე არიან მდიდარი კაცებიც. ისინი თავიანთ მეუღლეებსა თუ პარტნიორ ქალებს ფორმალურად ყოველთვის არ შორდებიან. ხანდახან განაგრძობენ კიდეც მათს რჩენასა და ფინანსურ უზრუნველყოფას, თუნდაც უკვე სხვა ქალთან ჰქონდეთ ურთიერთობა.

მაგრამ, როგორ შეიძლება, გრძნობდნენ თავს პრინცებისგან მიტოვებული და „ჩანაცვლებული“ ქალები? მსგავს სიტუაციებში, პირველ რიგში, გარდაუვალია იმედგაცრუება და წყენა. ადამიანი ფუფუნებას სწრაფად ეჩვევა. თუკი მიტოვებულ ქალს არ აქვს საკუთარი თავის დამოუკიდებლად უზრუნველყოფის უნარები, თუნდაც განათლება, გამოცდილება ან მორალური ძალა, მას ან ისევ სიღარიბეში დაბრუნება უწევს, ან – „სარეზერვოდ“ გადადებული, ფაქტობრივად მიტოვებული ქალის სტატუსისთვის შეგუება და ატანა.

უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიაო, ნათქვამია. სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანი (გენდერს მნიშვნელობა არ აქვს) მაინც პიროვნულ განვითარებას უნდა ესწრაფოდეს და არა – საკუთარი სხეულის გაობიექტებას. მნიშვნელოვანია, ქალს შეეძლოს საკუთარი თავის დამოუკიდებლად უზრუნველყოფა და ამაში არ იყოს დამოკიდებული ფინანსურად უზრუნველყოფილი პარტნიორის სწრაფად მოძიებაზე. ყველაზე მთავარი კი ალბათ ისაა, რომ რა არჩევანსაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ და შევაფასოთ მასთან დაკავშირებული რისკები, ჩვენი არჩევანის შესაძლო შედეგები, რამდენად თანახმანი ვართ ამ შედეგების შესაძლო მიღებასა და რისკის გაწევაზე, რათა ამ რისკების გამართლების შემთხვევაში, გაოგნებულები და დაბნეულები არ ვიყოთ მაინც, იმედგაცრუებას თუ ვერ ავიცილებთ თავიდან.