შაბათს, სტამბოლში, ქალთა აქცია გაიმართა, რომელშიც რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
აქციის მთავარი ლოზუნგი იყო ფრაზა „ნუ მასწავლით, როგორ ჩავიცვა!“ (Do not Mess With My Outfit). აქციის მონაწილეები თურქეთის კონსერვატიულად განწყობილი საზოგადოების მხრიდან ქალების ჩაცმულობის მუდმივ კრიტიკას აპროტესტებდნენ. “ჩვენ არ დავემორჩილებით, არ გავჩუმდებით, ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!“, – სკანდირებდა აქცია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ლგბტქი ადამიანებიც.
ქალებისა და ლგბტქი ადამიანების პროტესტი, ექსპერტების აზრით, პრეზიდენტი ერდოღანის და მისი ისლამური პარტიის „დამსახურებაა“, რადგან, მათი წყალობით, ქვეყანაში რელიგიური კონსერვატიზმის გაძლიერება, თავისთავად იწვევს მათი უფლებების შესუსტებას.
მარშის მონაწილეებს შორტის ფორმის პლაკატები მოჰქონდათ. როგორც ცნობილია, ქალის ჩაცმულობის ეს დეტალი კონსერვატორებს განსაკუთრებით აღიზიანებთ. აქციის მონაწილეების თქმით, ბოლო პერიოდში, ქალები თავიანთი ჩაცმულობის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლნი ხდებიან.
იმის გამო, რომ შორტები ეცვა, აისეგულ ტერზის (Aysegul Terzi) საზოგადოებრივ ავტობუსში უცხო კაცმა ეშმაკი უწოდა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. კაცი იმეორებდა, რომ „ვისაც შორტები აცვია, უნდა მოკვდეს“. ამგვარი შემთხვევები, სამწუხაროდ, თურქეთში გამონაკლისი არაა. ხშირად, ქალებს თავშლის გარეშე გარეთ გასვლის გამოც კი კიცხავენ.
თურქეთში ქალთა უფლებების მოთხოვნით აქციები ხშირად ტარდება. 2017 წლის 8 მარტს, სტამბოლში მრავალათასიანი დემონსტრაცია ჩატარდა, ქალთა უფლებების გაფართოებისა და პრეზიდენტ ერდოღანის გადადგომის მოთხოვნით.
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, თურქეთში კვლავინდებურადაა გავრცელებული ე.წ. „ღირსების აღდგენის მიზნით ჩადენილი მკვლელობები“, რომელთა მსხვერპლებიც ის ქალები ხდებიან, ვისი ოჯახში ქცევაც შეუსაბამოდ მიიჩნიეს.