იაპონიაში სილამაზის მკაცრი სტანდარტები მოქმედებს, მაგრამ, იგი მხოლოდ ქალებს ეხება. Twitter-ის იაპონელმა მომხმარებლებმა ახალი ჰეშთეგი შექმნეს, რომლითაც სამუშაო ადგილას სათვალეების ტარების აკრძალვას აპროტესტებენ.
დიახ, იაპონურ საზოგადოებაში გავრცელებული სილამაზის სტანდარტების გამო, მხედველობის პრობლემების მქონე ქალებს აქ დამსაქმებელი აიძულებს, სათვალის ნაცვლად კონტაქტური ლინზები გამოიყენონ.
ჰეშთეგი „სათვალის აკრძალვა“ (#メガネ着用禁止) იაპონიის სოციალურ ქსელებში ამ კვირაში ძალზე პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ტელეარხმა Nippon-მა სიუჟეტი გაუშვა იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც თავის ახლო- ან შორსმხედველი თანამშრომლებისგან სამუშაო ადგილას სათვალის ნაცვლად კონტაქტური ლინზების გამოყენებას მოითხოვდნენ.
ფლეშმობის ფარგლებში, იაპონელმა ქალებმა Twitter-ზე თავისი სათვალის ან სათვალეში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს. ზოგიერთმა მსგავსმა ტვიტმა 25 000 რეტვიტიც კი დააგროვა.
ზემოთხსენებულ სიუჟეტში, დამსაქმებლებმა ქალებისთვის სამუშაო ადგილზე სათვალის აკრძალვა სხვადასხვაგვარად ახსნეს. მაგალითად, ავიაკომპანიამ უსაფრთხოების მიზეზები მოიშველია, კოსმეტიკურმა კომპანიამ კი – ის მიზეზი, რომ სათვალის მიღმა, კლიენტს ფირმის წარმომადგენლის მაკიაჟის გარჩევა ურთულდება. ტრადიციული იაპონური სამზარეულოს რესტორნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სათვალე ვერ ეხამება ტრადიციულ ჩაცმულობას, ხოლო უძრავი ქონების სააგენტოში თქვეს, რომ სათვალიანი თანამშრომლები „არაკეთილმოსურნედ“ გამოიყურებიან.
ამა წლის გაზაფხულზე, იაპონელმა ქალებმა სამსახურში მაკიაჟის ტარების ვალდებულება გააპროტესტეს. გაცილებით მეტი აღშფოთება მოჰყვა იაპონიაში ქალებისთვის სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმის იძულებას.
„უცნაურია, რატომ უნდა ვიარო მაღალი ქუსლებით, როდესაც ეს ჩემი ფეხების ჯანმრთელობას აზიანებს“, – დაწერა იაპონელმა მსახიობმა, მოდელმა და მწერალმა იუმი იშიკავამ (Yumi Ishikawa). ამ ტვიტმა 65 000 მოწონება და 30 000 დააგროვა, ხოლო იუმიმ ჰეშთეგი #KuToo აამოქმედა (kutsu – ფეხსაცმელი, kutsuu – ტკივილი).
ივნისში, იშიკავამ Change.org-ზე პეტიცია შექმნა, რომელიც ადგილობრივი ქალებისთვის დაბალძირიან ფეხსაცმელში მუშაობის უფლებას მოითხოვდა. 4 თვის მანძილზე, პეტიციამ 31 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. ამის პარალელურად, ქვეყნის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ტაკუმი ნემოტომ განაცხადა, რომ კომპანიები ვალდებულნი არიან, შეიმუშაონ დრეს-კოდი, რომელიც ქალებს მაღალი ქუსლების ტარებას აიძულებს. „საზოგადოებაში მიღებული და აუცილებელია, ქალებმა სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ატარონ“, – თქვა მან.
დღეს, იშიკავას მიაჩნია, რომ სათვალესთან დაკავშირებული პრობლემები ქალებისთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების იძულებას უკავშირდება. „თუ სათვალის ტარება სამსახურში მართლაც პრობლემაა, მაშინ იგი ყველას უნდა ეკრძალებოდეს – ქალებსაც და კაცებსაც“, – განაცხადა მან.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული უთანასწორობის ყოველწლიური კვლევის თანახმად, 149 ქვეყნიდან, იაპონია 110-ე ადგილს იკავებს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა განვითარებულ ქვეყნებს.
წყარო: theguardian.com