ლგბტქი

ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი ადამიანების ურთიერთობა კანონიერად ცნო

ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ის მუხლი გააუქმა, რომელიც ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის ჯარიმას ან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.

ამ გადაწყვეტილებას ბევრმა ისტორიული უწოდა. გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ლგბტ მოძრაობის მხარდამჭერებმა სასამართლოს შენობასთან დიდი ზეიმი მოაწყვეს.

„სისხლის სამართლის დევნა სექსუალური ურთიერთობებისთვის არარაციონალური და არაკონსტიტუციური თავნებობაა“, – აღნიშნა მოსამართლე დიპაკ მისრამ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ერთნაირსქესიანი ადამიანების ურთიერთობაზე დელის უმაღლესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2009 წელს გააუქმა, მაგრამ, 2013 წელს, გავლენიანი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების ძალისხმევით, კანონი კვლავ აღადგინეს.

377-ე მუხლი, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ინდოეთში ძალაში 1861 წელს შევიდა, როდესაც ქვეყანა დიდი ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ეს მსოფლიოში ერთნაირსქესიანი ადამიანების კავშირის ამკრძალავი ერთ-ერთი უძველესი კანონია, რომლის გაუქმებასაც ინდოეთი სულაც არ ჩქარობდა. მსხვილ ქალაქებში, საზოგადოება მუდმივად გამოდიოდა მისი გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ხელისუფლება, კონსერვატულად განწყობილი უმცირესობისა და სოფლად მცხოვრები ადამიანების სურვილზე დაყრდნობით, ამას მუდმივად უშლიდა ხელს.

უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ თემის ირგვლივ კამათს წერტილს უსვამს. მისი გასაჩივრება შეუძლებელია.

კანონი ჰომოსექსუალი ადამიანების სისხლის სამართლის კოდექსით დასჯის შესახებ ბრიტანეთის იმპერიის ტერიტორიაზე 157 წლის მანძილზე მოქმედებდა. მასში ერთი სქესის ადამიანთა ურთიერთობები აღწერილია, როგორც „კანონის დამრღვევი ფიზიკური ურთიერთობები კაცთან, ქალთან ან ცხოველთან“. კერძოდ, კანონის დარღვევად მიიჩნეოდა როგორც ანალური, ასევე ორალური სექსი.

ინდოელი გეები და ტრანსგენდერი ადამიანები მრავალი წლის მანძილზე იბრძოდნენ იმ მუხლის გასაუქმებლად, რომლის საფუძველზეც, პოლიცია არამეინსტრიმული სექსუალობის მქონე ადამიანებს დღემდე დევნიდა.

როგორც მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ დასახელებული მუხლი ამიერიდან მხოლოდ იმ საკითხებს დაარეგულირებს, რომლებიც არასრულწლოვნებთან იძულებით კავშირებსა და ზოოფილიას შეეხება.

bbc.co.uk