ეკონომიკაshe

ირანის სახელმწიფო ავიაკომპანიას სათავეში ქალი ჩაუდგება

პირველად ირანის სახელმწიფო ავიაკომპანია Iran Air-ის ისტორიაში, მას ხელმძღვანელად ქალი ეყოლება. ფარზანე შარაფბაფი (Farzaneh Sharafbafi) მანამდე სახელმწიფო ავიაგადამზიდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და მის კვლევით დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, პარალელურად კი ლექციებს კითხულობდა ამირ ქაბირის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა (Amir Kabir University of Technology) და შაჰიდ სატარის აერონავიგაციის უნივერსიტეტში (Shahid Sattari University of Aeronautical Engineering).

44 წლის ფარზანე შარაფბაფიმ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი საავიაციო-კოსმოსურ დარგში მიიღო. მან ავიაკომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ფარჰად ფარვარეში (Farhad Parvaresh) შეცვალა, რომელიც ამიერიდან ირანს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) წარადგენს. შარაფბაფის მთავარი ამოცანა კომპანიის ავიაპარკის განახლება იქნება.

2016 წლის დეკემბრის ბოლოს, ირანის ხელისუფლებამ Airbus Group SE-სთან საერთო ჯამში 18 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, სახელმწიფო გადამზიდის Iran Air-ისთვის 100 სამგზავრო თვითმფრინავის შესაძენად. იმავე თვის ბოლოს, კორპორაცია Boeing-მა თეირანთან 80 ავიალაინერის მოწოდებაზე 16,6 მილიარდი დოლარის შეთანხმება დადო.

სახელმწიფო ავიაკომპანია Iran Air ფლოტის განახლების მწვავე პრობლემას განიცდის. მოძველებული თვითმფრინავების გამო, ბოლო წლების მანძილზე, ირანში რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა. ირანის ოფიციალური პირებისა და დასავლელი სპეციალისტების შეფასებით, ირანის 80-მილიონიან მოსახლეობას, მოძველებული ავიაპარკის გასაახლებლად, მომდევნო ათწლეულში 400-ზე მეტი თვითმფრინავი დასჭირდება.