სპორტულმა ტელეარხმა IRIB Varzesh, რომელიც ირანის სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის, 100-ზე მეტჯერ გაწყვიტა “ტოტენჰემ ჰოტსპურისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” საფეხბურთო მატჩის ტრანსლაცია. ამის მიზეზი შორტებიანი ქალი მსაჯის – შან მესი-ელისის ფეხების დამალვა იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც საფეხბურთო ოპერატორები არბიტრისკენ კამერას მიაპყრობდნენ, ტელეარხი ტრანსლაციას წყვეტდა და მაყურებელს “ტოტენჰემის” სტადიონის ხედებს უჩვენებდა. მსგავსი რამ დაახლოებით 100-ჯერ განმეორდა.
“სატელევიზიო ცენზორები შოკირებულნი იყვნენ შორტებში გამოწყობილი ქალი მსაჯის ხილვით. ცენზურა ირანის ისლამური რესპუბლიკის დნმ-შია ჩადებული. ჩვენ ეს ნორმად არ უნდა მივიღოთ. ეს ჩვენი კულტურა არაა. ეს რეპრესიული რეჟიმის იდეოლოგიაა”, – აღნიშნავს ირანული უფლებადაცვითი ორგანიზაცია My Stealthy Freedom.
შეგახსენებთ, რომ ირანელი ქალებისთვის საფეხბურთო მატჩზე დასწრება მხოლოდ 2019 წლიდან გახდა ნებადართული. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე კამბოჯას ნაკრებთან, ირანმა ქალებისთვის ადგილების მხოლოდ 5% გაიმეტა, თან ისე, რომ გოგონები კაცებისგან განცალკევებულ ზონაში, ქალი პოლიციელების ზედამხედველობის ქვეშ, უყურებდნენ მატჩს.