ირენა მახარაძე საზოგადოებამ IrenDesign Handmade ბრენდით გაიცნო, რომელზეც უკვე მეოთხე წელია, რაც მუშაობს. თუმცა, გარდა ამისა, ირენა უამრავ საინტერესო საქმიანობაშია ჩართული – 2013 წლიდან, ჩართულია ახალი ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო სამუშაოებში, ღვინის კლუბის პროექტების მენეჯერია. გარდა ამისა, მეორე წელია, რაც საბავშვო ხელოვნების სტუდია “არტისტში” ბავშვებს პოლიმერული თიხით ძერწვას ასწავლის. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ “ბავშვები და მშობლების“ პოპულარული ბლოგის ავტორიც ირენაა. თუ რა აერთიანებს ერთი შეხედვით ამ რადიკალურად განსხვავებულ საქმიანობებს, ამის შესახებ თავად ირენა გვესაუბრება.
რა გამორჩეული მახასიათებლები აქვს Irendesign-ის ბრენდით გამოშვებულ ნაკეთობებს?
Irendesign-ის ნამუშევრებს თან მოყვება ჩემი ფიქრები და განცდები, რომელიც კონკრეტულ მოვლენებს, შთაბეჭდილებებს და გამოცდილებას უკავშირდება. ხშირად ახლობელი ან სულაც უცნობი ადამიანები, საგნები და მოვლენები შთამაგონებენ. ერთხელ, მეგობარს რომ შევხვდი, შევამჩნიე, რომ ულამაზესი ბროში ეკეთა. ბროში მანაბა მაგომედოვას ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელიც მხატვარს პერსონალურად მეგობრის დედისთვის დაუმზადებია. თურმე შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო, მანაბას უცხო ადამიანი მოსწონებოდა ქუჩაში და მისთვის რაიმე განსაკუთრებული სამკაული შეექმნა.
მუშაობის დროს, ვცდილობ, ჩემთვის მნიშვნელოვანი დეტალები მხატვრულ მასალაში გადავიტანო, რომელსაც მგონია, რომ ძალიან ბევრის თქმა შეუძლია. ისინი ჩემ მაგივრად ყვებიან ამბებს, რომელიც პირადად შემეხო. შემდეგ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ თურმე სხვასაც ეხება, ჩემნაირად. და ეს ემოციური კავშირი მეტად ამაღელვებელია, შთამაგონებს და შემოქმედებითი ენერგიით მავსებს. ალბათ, ჩემს ნამუშევრებს ისიც ეტყობათ, რომ თიხასთან მუშაობა ძალიან მიყვარს.
ის ფაქტი, რომ პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ხართ, მუშაობაში გეხმარებათ თუ ხელს გიშლით?
რა თქმა უნდა, მეხმარება, იმიტომ, რომ რაც მიყვარს, ის მამოძრავებს. ხელოვნების ნაწარმოებებიდან მიღებული შთაბეჭდილებები და განცდები ჩემს ნაკეთობებში აისახება. შედეგიც ძალიან მომწონს. ეს არის მუდმივი ძიება იდეალური ფორმის და ფაქტურის მისაღებად, სხვადასხვა ტექნიკის შერევა იმისთვის, რომ ისეთი სამკაული შევქმნა, რომელიც მარტო მე კი არ მომეწონება, არამედ სხვაც მოიწონებს და სიამოვნებით ატარებს.
თანამედროვე ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს. Irendesign-მა თუ იპოვა მომხმარებლებში საკუთარი ნიშა?
დღეს ხელნაკეთი ნამუშევრების ძალიან დიდი არჩევანია მომხმარებლის წინაშე. ის ირჩევს და ყიდულობს იმას, ყველაზე მეტად რაც მოსწონს და ფასიც მისაღებია. ამიტომ, რადგან დღეს, ამ ზღვა არჩევანში, მე დღეს ვყიდი ჩემს ნაკეთობებს, ვფიქრობ, რომ რაღაც პატარა ადგილის დაკავებას ვცდილობ ბაზარზე.
როგორც ვიცი, ძირითადად პოლიმერული თიხისგან დამზადებულ მცირე ზომის ნაკეთობებზე, სამკაულებზე მუშაობთ. სხვა მასალისგან, დიდი მასშტაბის ან სხვა ნივთების დამზადების სურვილი თუ გაგჩენიათ?
ერთხელ ბლოგზეც დავწერე, “პოლიმერული თიხა – ჩემი შთაგონებაა”. მართლა ასეა. ძირითადად ფიმო-ს (Fimo) აპოლოგეტი ვარ. ვთვლი, რომ საუკეთესოა სხვა წარმოების პოლიმერულ თიხებს შორის. გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საუკეთესო ფერთა გამით და გამძლეობით.
პოლიმერული თიხის დამუშავების რამდენიმე ხერხს ვიყენებ, რაც სხვადასხვა ჩანაფიქრის ორიგინალურად გადაწყვეტის საშუალებას მაძლევს. მაგალითად, ე.წ. “მილეფიორის” ტექნიკით, თიხის ფერების შერევით, ულამაზესი ორნამენტების შექმნა შეიძლება. ძალიან მომწონს ერთგვარი “მოზაიკის” ეფექტი, სადაც ფერები კალეიდოსკოპურად ლაგდება და შთამბეჭდავი შედეგი გამოდის. ხშირად შთამაგონებს სამკაულებში ჩემი საყვარელი მხატვრების გრაფიკული ან ფერწერული ნამუშევრების ფრაგმენტების გამოყენება. ესეც აბსოლუტურად განსხვავებული ტექნიკაა. მიყვარს მცირე ზომის ფიგურების ძერწვაც. თიხასთან ერთად, ვიყენებ სხვა მასალებსაც: ქვას, ხეს, მეტალს, საღებავს, ასევე თიხის ზედაპირის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკას. ამის შესწავლას და დახვეწას საკმაო დრო სჭირდება, დღესაც სულ ვკითხულობ და ვსინჯავ სიახლეებს. ძალიან მიყვარს პოლიმერული თიხის თვისებები, ფაქტურა და შესაძლებლობები.
დიდი ზომის ნივთების შექმნა პოლიმერული თიხისგან ჯერჯერობით არ მხიბლავს.
ერთია საკუთარი ხელით ნივთების დამზადება და მეორეა ამ ყველაფრის მარკეტინგული მხარე. ადვილად აუღეთ ალღო ქართული ბაზრის თავისებურებებს?
პირველად, როცა სამკაულების კეთება დავიწყე, მათ გაყიდვაზე არც მიფიქრია. ვაკეთებდი სხვადასხვა დიზაინის ნივთებს ჩემთვის, მეგობრებისთვის. შემდეგ, ოჯახის წევრების და მეგობრების მხრიდან გამხნევებულმა, გავბედე და ბლოგსა და ფეისბუკის გვერდზე ნამუშევრების ფოტოები გამოვაქვეყნე. მაშინ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ ჩემი შექმნილი სამკაული შეიძლებოდა, ვინმეს ეყიდა. უცხო ადამიანების მოწონებამ ენთუზიაზმი გამიძლიერა. მალევე ახალი შეკვეთებიც მივიღე. ასე დაიწყო ჩემი პატარა საქმე. დამიკავშირდნენ კერძო გალერეების და მაღაზიების წამომადგენლები და თანამშრომლობა შემომთავაზეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო.
პარალელურად, ბაზრის თავისებურებების გაცნობა, ახალი უნარ ჩვევების ათვისება მიწევდა. ვკითხულობდი და დღესაც სულ ვეძებ და ვეცნობი ყველაფერს ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემი ხასიათიდან და ცხოვრების რითმიდან გამომდინარე, ონლაინ გაყიდვები უფრო მოსახერხებელი და მისაღები აღმოჩნდა პატარა ბიზნესისთვის და უფრო ამ მიმართულებით ვაგრძელებ მუშობას.
გარდა ამისა, თქვენი საქმიანობა საქართველოს ღვინის კლუბსაც უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად ღვინის ფესტივალს ატარებს. ანუ, ღვინის მარკეტინგშიც აქტიურად ხართ ჩაბმული. ზოგადად, ჩვენში ბიზნესი უპირატესად კაცების საქმიანობის სფეროდ მოიაზრება, რაც ამ სფეროში ქალების ჩართულობას ხელს უშლის. პირადად თქვენ სირთულეები თუ შეგხვედრიათ ამ მხრივ?
პირადად მე, როგორც ქალს, არ შემხვედრია დიდი სირთულე ჩემ საქმიანობაში. ვფიქრობ იმიტომ, რომ ღვინის კლუბში ვინც ვართ და ვმუშაობთ, ყველას, ქალსა და კაცს, საერთო ღირებულებები გვამოძრავებს და თანამოაზრეებთან ერთად, ცოდნით, გამოცდილებით ვცდილობთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე.
ღვინის კლუბი აერთიანებს როგორც პროფესიონალ მეღვინეებსა და სპეციალისტებს, ისე ღვინის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს, ვისაც ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავება და ქართულ ღვინის ცნობადობის ამაღლებაში თავისი წვლილის შეტანა სურს. ღვინის კლუბის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის “ახალი ღვინის ფესტივალი”, რომელიც თბილისში უკვე შვიდჯერ ჩატარდა. ეს არის ნამდვილი სახალხო დღესასწაული. ღვინის მწარმოებელი საოჯახო მცირე და საშუალო მარნები, ღვინის დიდ კომპანიებთან ერთად, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ბოლო მოსავლის საუკეთესო ღვინოებს წარუდგენენ. სტუმრებისთვის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ღვინის დაგემოვნებაც უფასოა. ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოების მთელი პროცესი საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთულია, მით უმეტეს, რომ წლიდან წლამდე, მასშტაბები იზრდება. ახალი ღვინის ფესტივალის წარმატების საწინდარი სწორედ ღვინის კლუბის წევრებისა და ორგანიზატორების თავდაუზოგავი ერთობლივი შრომის შედეგია.
ღვინის კლუბის ყველა აქტივობა, იქნება ეს ლექცია-სემინარები, ტრეინინგები, საფესტივალო აქციები, გამოფენები თუ დეგუსტაციები, – მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შევუწყოთ მცირე საოჯახო მარნების პოპულარიზაციას, რომ მათ თავი დაიმკვიდრონ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ღვინის ბაზრებზე. ყოველ წელს, ახალი ღვინის ფესტივალზე ღვინის ბიზნესში ახალი სახელები ჩნდებიან – მათ შორის ქალები საკუთარი ღვინის ბრენდით, საოჯახო მარნებს შორისაც, ხშირად ქალები არიან საკუთარი ოჯახის ღვინის წარდგენის ინიციატორები და კლუბიც ყოველთვის მათ გვერდით დგას.
ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პატრიარქალური ჩაგვრისგან ქალის გასათავისუფლებლად აუცილებელია მისი ეკონომიკური გაძლიერება. საქართველოში ქალის ბიზნეს სფეროში ჩართულობას ყველაზე მეტად რა უშლის ხელს?
დღეს ქალის ცხოვრება, შინ თუ გარეთ, მუდმივი ბრძოლაა გადარჩენისთვის, საკუთარი უფლებების დაცვისთვის. საზოგადოება, რომლისთვისაც ადამიანების ბედზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა საგნები და მოვლენებია, ვერ იქნება რეალურად მისი ვერც მხარდამჭერი, ვერც რაიმე ხსნის თუ იმედის მომცემი. ქალი ეკონომიკურად დამოუკიდებელი უნდა იყოს იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი. თავისუფალი თუ არ ხარ, ბედნიერი ვერ იქნები. ამ დამოუკიდებლობის მიღწევა განათლების, შრომის და ძალისხმევის გარეშე არ გამოდის. ზოგს შესწევს უნარი, გაუმკლავდეს ცხოვრების გამოწვევებს, სწავლობს და მოიპოვებს კიდევაც შანსს, შეცვალოს თავისი ბედი, გახდეს თავისუფალი. ვინც ვერ ახერხებს, ემოციურად გაუმკლავდეს სიძნელეებს, ვერ ბედავს დინების წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას – სწავლობს თავის შიშებთან ერთად ცხოვრებას. ამ შიშებისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა, მგონია, რომ არის ყველა ენერგიის მობილიზება საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისკენ.
კონკრეტულად კერძო ბიზნესის სფეროში, ქალებს ბევრი დაბრკოლება ხვდებათ, თუნდაც კრედიტის აღების შემთხვევაში. ამიტომ საჭიროა, ქალმა სათანადო ცოდნა მიიღოს, ბაზრის მკაცრ მოთხოვნებთან ადაპტირებისთვის.
ბოლო პერიოდია, თქვენი ბლოგპოსტები აღარ ჩანს. რას უნდა მივაწეროთ ეს – დროის უქონლობას თუ იმას, რომ თქვენი ბავშვები წამოიზარდნენ და თემამ „ბავშვები და მშობლები“ უკანა პლანზე გადაინაცვლა?
“ბავშვები და მშობლების” ბლოგი ჩემი, როგორც ახალბედა მშობლის, პირადი გამოცდილების გაზიარების მცდელობა იყო. ეს თემა ყოველთვის მნიშვნელოვანია და უკანა პლანზე არასდროს გადაინაცვლებს, უბრალოდ დრო აღარ მრჩება იმისთვის, რომ კიდევ ვწერო. ჩემი დროისა და ყურადღების დიდი ნაწილი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეძღვნება. დღეს საბავშვო სამხატვრო სტუდია “არტისტში” ვმუშაობ, ბავშვებს პოლიმერულ თიხასთან მუშაობას ვასწავლი.
ეს საქმე ძალიან მიყვარს, ყოველი გაკვეთილი პატარებისთვის და ჩემთვის ახალი აღმოჩენებით არის სავსე. ვცდილობ, ჩვენი შეხვედრები სავსე იყოს მათთვის საინტერესო თემებით, იდეებით და ამბებით. ვასწავლი პოლიმერული თიხით მუშაობის ძირითად პრინციპებს და დამუშავების ტექნიკას, ფერთა შეხამებას, სხვადასხვა მასალის გამოყენებით სამკაულების და სხვადასხვა სადღესასწაულო მოსართავის დამზადებას. ტექნიკისა და ძირითადი პრინციპების ათვისების შემდეგ, ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ, შეასრულონ თავიდან ბოლომდე ის, რაც ჩაიფიქრეს. როცა საკუთრი შემოქმედებითი ენერგიის შედეგს ხედავენ, საკუთარი შესაძლებლობების უფრო მეტად სჯერათ. ძალიან მოსწონთ პოლიმერული თიხის ფერადოვნება. ამ მასალას მართლა აქვს რაღაც მაგიურ-თერაპიული. თან, თავისი ბუნებით ძალიან დამყოლი და რბილია, ბავშვები ადვილად ძერწავენ. გაკვეთილზე, რაიმე თემის მიწოდების დროს, ყოველთვის ვცდილობ, პატარების გემოვნება და ხასიათი გავითვალისწინო. ბავშვები თვითონ ხატავენ ესკიზებს, ფიქრობენ, მერე ერთად ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება თიხაში გავაცოცხლოთ ჩანაფიქრი ისე, რომ ნაკეთობა საუკეთესო გამოვიდეს. ჩემს გოგონებს ყველაზე მეტად თავიანთი გემოვნებით შექმნილი სამკაულები მოსწონთ. მუშაობას დავასრულებთ თუ არა, მაშინვე აისხამენ და კოხტად ირგებენ საკუთარი ხელით შექმნილ მძივებს თუ საყურეებს. ბიჭები ხან საყვარელი გმირების ფიგურებს, ხან მოგზაურობის თემებს ძერწავენ. როცა თავიანთ ნამუშევრებს ხედავენ, ამაყობენ და უხარიათ, რომ მეგობრებისთვის, მშობლებისთვის, ბებია-ბაბუასთვის ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევისთვის საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები აქვთ.
რა როლს ასრულებს შვილების და ზოგადად ოჯახის ფაქტორი თქვენს საქმიანობაში?
ჩვენი პატარა ოჯახი, ის სამყაროა, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. მთელი ჩემი გამოცდილება, საქმიანობა, იმედები, ყველაზე ძვირფას ადამიანებს უკავშირდება. მათი სიყვარულისა და მხარდაჭერის გარეშე, საყვარელი საქმის კეთებას ვერ შევძლებდი.
ესაუბრა შორენა გაბუნია