ახალი კვლევის თანახმად, ბავშვების უმრავლესობა ინტერნეტში პორნოგრაფიას ადრეული მოზარდობის ასაკიდან ეცნობა.
როგორც მიდლსექსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, 11-16 წლის ბავშვების დაახლოებით 53%-ს ინტერნეტით ნახული აქვს პორნოგრაფიული სცენები. მათგან 94% ამას 14 წლამდე ასაკში გაეცნო.
კვლევა ინგლისში საქველმოქმედო ორგანიზაცია NSPCC-ის (ბავშვების სასტიკი მოპყრობისგან დაცვის ეროვნული საზოგადოება) დაკვეთით ჩატარდა. მისი მიზანია ბავშვების დაცვა ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან.
დამახინჯებული სურათი
მეცნიერებმა 11-დან 16 წლამდე ასაკის 1001 ბავშვი გამოკითხეს. დადგინდა, რომ 15-16 წლის მოზარდების 65%-ს, ხოლო 11-12 წლისების 28%-ს ინტერნეტით პორნოგრაფია ნანახი აქვს.
ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხშირად ბავშვები პორნოგრაფიულ კონტენტს ინტერნეტში განზრახ კი არ ეძებდნენ, არამედ შემთხვევით აწყდებოდნენ (19%), მაგალითად, სარეკლამო ფანჯრების ან ბანერების სახით (28%).
გამოკითხული ბავშვების 75%-ზე მეტმა (87% ბიჭები, 77% გოგონები) აღიარა, რომ პორნოგრაფიული მასალის ხილვამ მათ ვერ გააგებინა, რომ სექსუალური კავშირი ურთიერთ თანხმობით ხდება. ბიჭების (53%) და გოგონების (39%) უმრავლესობამ მიიჩნია, რომ პორნოგრაფიული პროდუქცია ადამიანებს შორის სექსუალური ურთიერთობების რეალური ამსახველი სურათია.
ნანახმა პორნოგრაფიულმა მასალამ აგრეთვე გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორ დაიწყეს ბავშვებმა საკუთარი ქცევის მოდელირება: გამოკითხულთა მესამედზე მეტმა ბიჭმა (13-14 წლისანი – 39%, 11-12 წლისანი – 20%) განაცხადა, რომ ინტერნეტში ნანახის გამეორება სურთ.
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ:
- პორნოგრაფიას განზრახ გოგონებზე ხშირად ბიჭები უყურებენ;
- 135-მა გამოკითხულმა (14%) საკუთარ თავს ფოტო გადაუღო შიშველი ან ნახევრადშიშველი სახით, და მათ შორის ნახევარმა (7%) ეს ფოტოები ვიღაცას გადაუგზავნა;
- ინტერნეტში პორნოგრაფიას გადააწყდა: 38% ნოუთბუქით, 33% მობილური ტელეფონით, 24% სამაგიდო კომპიუტერით;
- კვლევაში მონაწილე ბავშვებისა და მოზარდების 60%-მდე აცხადებს, რომ პორნოგრაფიულ მასალებს ინტერნეტში პირველად შინ გადააწყდნენ; 29%-მა ეს მასალა მეგობართან სტუმრობისას იხილა.
მოცემული კვლევის შედეგები იმ მოვლენიდან ერთი კვირის თავზე გამოქვეყნდა, როდესაც ქალებისა და ბავშვების უფლებების საპარლამენტო კომისიის წინაშე გამოსვლისას, მოხმობილმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ახლა სკოლის მოსწავლე გოგონებს ქვედაბოლოებს ქვემოთ შორტები აცვიათ, რათა სექსუალური ხასიათის ატორღიალებებისგან იხსნან თავი.
ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ინტერნეტ პორნოგრაფია ბავშვებს სექსისა და ინტიმური სიახლოვის შესახებ დამახინჯებულ წარმოდგენებს უქმნის.
რას ამბობენ ბავშვები?
ერთმა 11 წლის გოგონამ მკვლევარ სოციოლოგებს უამბო: „ეს მე არ მომეწონა, რადგან სრულიად სხვა ვებგვერდზე შესულს, შემთხვევით შემომეფეთა. არ მინდოდა, ამის შესახებ ჩემს მეგობრებსა და მშობლებს შეეტყოთ. მომეჩვენა, რომ კაცი ქალს ტკივილს აყენებდა. იგი მას სახით დაბლა ეჭირა, ქალი კიოდა და ილანძღებოდა“.
თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს 13 წლის რესპონდენტი: „ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ბიჭი ქალთა სქესის მიმართ ისევეა განწყობილი, როგორც ეს ვიდეოში იყო – სულ ბოლომდე არა, მაგრამ გოგოსთვის ერთი-ორის წამოთაქება უყვარს“.
„ეს მასალები ბიჭებს აიძულებს, სურდეთ არა სიყვარული, არამედ სექსი, ჩვენ, გოგონებს კი გვაიძულებს, მოვიქცეთ და გამოვიყურებოდეთ შესაბამისად, ეს მაშინ, როდესაც ამისთვის მზად არ ვართ“, – ამბობს 13 წლის გოგონა.
„ჩემი ზოგიერთი მეგობარი სექსის სახელმძღვანელოს გავს, მათ ამგვარ ურთიერთობებზე დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ“, – დასძენს მისი თანატოლი გოგონა.
კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორი ელენა მარტელოცოს (Elena Martellozzo) განცხადებით, შემაშფოთებელია ის ფაქტორი, რომ ონლაინ პორნოგრაფიას ბავშვები შემთხვევით ეჩეხებიან და შედეგად ხედავენ იმას, რისი ხილვაც საერთოდ არ სურდათ.
„თუ ბიჭები პორნოგრაფიას სექსუალური ურთიერთობების სრულიად რეალურ ასახვად აღიქვამენ, ეს აისახება მათ დამოკიდებულებებზე ქალებისა და გოგონების მიმართ. თავის მხრივ, გოგონების მიმართ იზრდება მოთხოვნა, რომ პასუხი, თუნდაც არა ყოველთვის დადებითი, გაეცეს სექსუალური ურთიერთობების ამ არარეალისტურ აღქმებს“, – აღნიშნა პროფესორმა მარტელოცომ.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემა მშობლების, მასწავლებლებისა და კანონმდებელი პოლიტიკოსების ერთობლივი გადასაწყვეტია.
„ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ ბავშვებსა და მოზარდებს სურთ, ჰქონდეთ უსაფრთხო სივრცე, სადაც თავისუფლად იმსჯელებდნენ ყველაფერზე, რაც სექსს შეეხება, მათ შორის ჩვენს დროში არსებული პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობასა და გავლენებზე“, – დასძინა მარტელოცომ.
სმარტფონების ეპოქის თაობა
ინგლისში ბავშვების საქმეებზე მომუშავე კომისიის ექსპერტი ენ ლონგფილდი (Anne Longfield): „ჩვენ ახლა და ახლა ვაანალიზებთ იმ ზემოქმედებას, რომელიც პორნოგრაფიამ სმარტფონების ეპოქის ბავშვებზე იქონია – პირველ თაობაზე, რომელიც მათ ინტერნეტში ხეტიალის საშუალებას არა მშობლების კონტროლის ფონზე აძლევს, არამედ პრივატულად – საკუთარ ოთახში ან საბავშვო მოედანზე. ჩატარებული კვლევის შედეგად უკვე ვიცით, რომ ბავშვების უმრავლესობა შოკირებული, შეძრწუნებულია და ნანახის მიმართ ზიზღს განიცდის. ჩვენი ამოცანაა, მათ ამ ყველაფრის გააზრებაში დავეხმაროთ და აუცილებელი კითხვები დავუსვათ“.
NSPCC-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ვენლესი (Peter Wanless) გაცილებით მკაცრია: „უხეშ პორნოგრაფიასთან შეჯახებისას, რომელიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს, არსებობს რეალური რისკი, ბავშვების მთელმა თაობამ ადრეულ ასაკშივე დაკარგოს ბავშვობა“, – აცხადებს იგი.
ვენლესი მთავრობასა და ინტერნეტ საზოგადოებას მოუწოდებს, საკუთარ თავზე აიღონ ამ პრობლემის გადაჭრის პასუხისმგებლობა და დაიცვან ნორჩი თაობა. პიტერ ვენლესი დასძენს, რომ ზოგიერთმა კომპანიამ უსაფრთხო ინტერნეტ ბრაუზინგის განვითარების ინიციატივა უკვე აიღო თავის თავზე.
ექსპერტების აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში სექსუალური განათლების გაკვეთილები ტარდებოდეს, სადაც საუბარი იქნებოდა არა მხოლოდ სექსზე, არამედ პარტნიორებს შორის ურთიერთობებზე, ასევე განიხილებოდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ონლაინ პორნოგრაფია და ინტერნეტით ბავშვებისთვის უწმაწური ფოტოების გადაგზავნა.
ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხების სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ინტერნეტ ეკონომიკასთან დაკავშირებით მზადების პროცესში მყოფ კანონპროექტში არსებობს პუნქტი, რომელიც ინტერნეტით პორნოგრაფიული მასალის განმათავსებელ კომპანიებს ვებგვერდზე შესულთა ასაკის საიმედო შემოწმების სისტემის დანერგვის ვალდებულება აკისრებს, რათა 18 წლამდელ მოზარდებს ამგვარ მასალებზე წვდომა აღარ ჰქონდეთ.