დღეს, სასტუმრო „რუმსში“, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ორგანიზებით, კონფერენცია „თანასწორობის პოლიტიკა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში“ ჩატარდა.
კონფერენციის ფოკუსი “კოალიცია თანასწორობისთვის” ფარგლებში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2015 და 2016 წლებში სხვადასხვა სფეროებში დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით წარმოებული საქმიანობის მიმოხილვაზე იყო გაკეთებული.
კოალიციის 2015-2016 წლების ანგარიში „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ შეაჯამა. დასახელებული პრეზენტაციის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
თამთა მიქელაძემ (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) ქვეყანაში რელიგიის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ეთნიკური ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციასა და პოლიტიკური ჰომოფობიის პრობლემაზე ისაუბრა.
ანა აბაშიძემ (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციის, ქალთა და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა მიმოიხილა.
„ზეპირი ისტორიების“ ფორმატის ფარგლებში, მომხსენებლებს თავიანთი ორგანიზაციის ბენეფიციარები ჰყავდათ მოყვანილი, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს აუდიტორიას თავადვე უზიარებდნენ.
კონფერენციაზე დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ, “კოალიცია თანასწორობისთვის” მიერ 2015-2016 წლებში ანტიდისკრიმინაციული საქმეების მიმოხილვის ბეჭდურ ვერსიებს გაცნობოდნენ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
კოალიცია ნაყოფიერად განაგრძობს მუშაობას და გარდა ახალი საქმეების წარმოებისა, უკვე წარმოებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებებს ელის.