აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა ინტერნეტ კომპანია Google-ის სახელფასო მონაცემებში ქალთა დისკრიმინაციის ნიშნები აღმოაჩინა. შესაბამისი ინფორმაცია უკვე სან-ფრანცისკოს სასამართლოშია გადაგზავნილი.
დეპარტამენტის სპეციალისტებმა Google-ში მომუშავე ქალებისა და კაცების ხელფასებში არსებითი განსხვავებები აღმოაჩინეს. როგორც გამოირკვა, ერთი და იგივე მოცულობისა და სახის სამუშაოში კაცის ანაზღაურება რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ქალისა. ამგვარად, შრომის სამინისტრომ დაასკვნა, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ქალების უფლებებს არღვევს.
„გამოძიება გრძელდება, მაგრამ მიმდინარე მომენტში ჩვენ უკვე გვაქვს Google-ის სათაო ოფისში ყველაზე გავრცელებულ თანამდებობებზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის დამადასტურებელი სამხილები“, – აცხადებს დეპარტამენტის რეგიონული ადვოკატი ჯანეთ ჰეროლდი (Janet Herold).
თავის მხრივ, ინტერნეტ გიგანტი მსგავს ბრალდებებს უარყოფს. კომპანიაში უკვე განაცხადეს, რომ სხვადასხვა ანალიზებს ატარებენ, მათ შორის სახელფასო ანაზღაურებისას, სადაც კომპანიას არანაირი დისკრიმინაცია არ დაუფიქსირებია და კაცებისა და ქალების ანაზღაურებას შორის განსხვავება არ არსებობს.
ხელისუფლება Google-ის შემოწმებას თანაბარი შესაძლებლობების შესახებ კანონის შესაბამისად იანვარში შეუდგა. მაშინ, შრომის დეპარტამენტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომპანიაში ხელფასების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.