სტატიები / ქალზე ძალადობა

ლამაზად ყოფნის წნეხის ქვეშ – სილამაზე სახის გარეშე

29 წლის ჰაბიბა ნოვრუზი (Habiba Nowrose) დოკუმენტური ფოტოპროქეტის ავტორია. პროექტი ბანგლადეშელი ქალების შესახებ გვიამბობს, რომლებსაც საზოგადოება აიძულებს, საკუთარ თავისთავადობაზე უარი თქვან იმისთვის, რომ იყვნენ “მიმზიდველები”.

ჰაბიბა ნოვრუზი

ჰაბიბა ნოვრუზს ფოტოგრაფიაში მუშაობის ექვსწლიანი სტაჟი აქვს. მისი თქმით, ფოტოპროექტის შექმნა სწორედ საკუთარმა გამოცდილებამ უკარნახა.

ჰაბიბას პორტრეტებში ქალები შთამბეჭდავად გამოიყურებიან, თუმცა, მათი სახეები მთლიანად დაფარულია. პორტრეტების სერია თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ როგორ კარგავს ქალი თავის “მეს”. ყველა ეს ქალი მთელი ძალით ცდილობს, ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს, თუმცა, მათი ერთმანეთისგან გარჩევა უკვე შეუძლებელია.

“ჩვენ, ქალები, იძულებულნი ვართ, ვიყოთ ლამაზები. მაგრამ, სილამაზისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ იძულებულნი ვხდებით, უარი ვთქვათ ჩვენს ინდივიდუალობაზე, სურვილებსა და გამოცდილებაზე. ჩვენ უსახურები და ანონიმურები ვხდებით ჩვენი საკუთარი თავებისთვისაც კი, რადგან ჩვენი ვინაობა უკვე აღარ ჩანს.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ირგვლივმყოფები ჩემგან ძალიან ბევრს ელოდნენ. მე უნდა გავთხოვილიყავი, ბავშვი გამეჩინა, კარგი ხელფასიანი სამსახური მეშოვა. იგივე ხდებოდა სხვა გოგონების მიმართაც. ისინი იძულებულნი ხდებოდნენ, უარი ეთქვათ ყველაფერზე, რაც ცხოვრებაში სურდათ და რაზეც ოცნებობდნენ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ჩემს პიროვნებას ვკარგავდი. ამიტომაც, შევეცადე, ვყოფილიყავი ბედნიერი და პირნათელი საკუთარ თავთან. ეს ფოტოპროექტი სხვა ადამიანების მოლოდინების უგულებელყოფის ნიშნად შევქმენი”, – ამბობს ჰაბიბა.

ფოტოგრაფად მუშაობის პირველივე წელს ჰაბიბა მიხვდა, რომ რაც უნდა ბევრი და მონდომებით ემუშავა, ეს ყოველთვის ცოტა იყო. “თუ ქალი ხარ და ცდილობ აჩვენო, რომ პროფესიონალი ხარ, – ორჯერ მეტი ჯაფა გიწევს, ვიდრე კაცებს”, – გვიამბობს იგი.

როცა 2016 წელს ჰაბიბამ თავისი ფოტონამუშევრები დაკაში წარადგინა, საზოგადოებამ ეს მაშინვე შენიშნა. ფოტოგრაფის თქმით, ქალებს მისი ნამუშევრების გზავნილი შესანიშნავად ესმით, მაშინ, როცა კურატორი კაცებისთვის ფოტოპროექტის იდეის ახსნა უწევს.

ჰაბიბას თქმით, ბანგლადეშში ქალი ფოტოგრაფები ძალიან ცოტანი არიან, თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. “ვიმედოვნებ, რომ ბანგლადეშელი ქალები ისეთივე ძლიერები გახდებიან, როგორებიც ყოველთვის იყვნენ, და გააცნობიერებენ, ვინ არის მათი მეგობარი და ვინ – მტერი”, – იმედოვნებს ჰაბიბა ნოვრუზი.

წყარო: bbc.com