მარინა აბრამოვიჩი თანამედროვე არტის ცოცხალი ლეგენდაა. პერფორმანსის სერბი დიდოსტატი საკუთარ თავს „პერფორმანსის ბებიას“ უწოდებს. მისი ნამუშევრები ხელოვანსა და აუდიტორიას შორის ურთიერთობების, სულისა და სხეულის შესაძლებლობების მუდმივი კვლევაა.
მარინა ბელგრადში დაიბადა, 1946 წლის 30 ნოემბერს. მისი დედ-მამა მეორე მსოფლო ომის დროს პარტიზანული მოძრაობის წევრები იყვნენ. 1960-იანებში, მარინას დედა სერბეთის დედაქალაქში რევოლუციისა და ხელოვნების მუზეუმის დირექტორად მუშაობდა.
1964 წელს, მარინას მამამ ოჯახი მიატოვა. 1998 წლის ინტერვიუში, მარინა იხსენებს, რომ ამ მოვლენის შემდეგ, დედამ ის და მისი ძმა სრული კონტროლის ქვეშ მოქცია. 29 წლის ასაკამდე, დედა მას საღამოს 10 საათის შემდეგ გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდა. „ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მე საკუთარ სხეულს ვიჭრიდი, ვიწვავდი და ვიროზგავდი საღამოს ათ საათამდე“, – იხსენებს იგი.
როდესაც აბრამოვიჩი 14 წლის იყო, იგი დედის პისტოლეტით „რუსულ რულეტს“ თამაშობდა. მარინას და დედამისის რთული დამოკიდებულებები ასახულია რობერტ უილსონის პიესაში „მარინა აბრამოვიჩის ცხოვრება და გარდაცვალება“. ბედის ირონიით, 2011 წელს, პიესის პრემიერაზე, მარინამ დედამისი განასახიერა.
მარინა, როგორც ხელოვანი, მუდმივმა ტაბუებმა, სიმკაცრემ და ძლიერმა ემოციებმა ჩამოაყალიბა. ადრეულ ასაკში იგი ფერწერას შეეშვა და ხელოვნებაში უფრო მძაფრი გამომსახველი საშუალებების ძიება იწყო. „ხელოვნება მხოლოდ სილამაზე და ესთეტიკურად სასიამოვნო რამ არაა. იგი უნდა გვაშფოთებდეს, კითხვებს გვიჩენდეს“, – ამბობდა იგი. მისი ნამუშევრების მთავარი თემაც ძლიერი ემოციები, განცდები და ფიზიკური რეაქციებია. სხეულის მეშვეობით კონცეფციის გამოხატვის გზის პოვნის შემდეგ, აბრამოვიჩმა იუგოსლავიაში მაშინდელი პოლიტიკური სიტუაციის გაკრიტიკება ხანგრძლივი პერფორმანსების მეშვეობით იწყო.
მარინა აბრამოვიჩს პერფორმანსის პროცესში მაყურებლის ჩართვის ექსპერიმენტები კარიერის დასაწყისშივე იზიდავდა. თავის ადრეულ პერფორმანსებში, არტისტმა საკუთარი თავისა და მნახველის ექსტრემალურ პირობებში ჩაყენების ხერხს მიმართა. ამ დროს ჩნდება მისი სერია, სახელწოდებით „რითმები“ (1973-1974), სადაც მან ადამიანის ფიზიკურ და მორალურ მდგრადობაზე რთული ტესტები ჩაატარა. 1974 წელს, თავის პირველ გახმაურებულ პერფორმანსში, სახელწოდებით „რითმი 0“, მარინამ წინ 72 საგანი გაიშალა, რომლებიც ტკბობის (ვარდი, თაფლი, ყურძენი, ფანქარი, საღებავები, სანთელი, ფოტოკამერა), ტკივილის (მათრახი, მაკრატელი, სკალპელი, ასანთი) ან სიკვდილის (ტყვია, პისტოლეტი) გამომწვევ ინსტრუმენტებად შეარჩია. გალერეაში გამოკრული იყო ინფორმაცია, რომ აბრამოვიჩი მნახველის განკარგულებაშია და მათ შეუძლიათ, არტისტს მაგიდაზე გაშლილი ინსტრუმენტების საშუალებით გაუკეთონ ის, რაც მოეპრიანებათ. თავად მარინა ამ დროს სრულიად უძრავად იჯდა. თავდაპირველად, ადამიანები დაიბნენ და არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ თანდათანობით, მათი აქტიურობა ნამდვილ აგრესიაში გადაიზარდა: მარინას სამოსი ნაფლეთებად აქციეს, სხეული ვარდის ეკლებით დაკაწრეს, პერფორმანსი კი მაშინ შეწყდა, როდესაც მას პირში პისტოლეტი ჩაუდეს და მოკვლა დაუპირეს. „მინდოდა, მეჩვენებინა, როგორ სწრაფად შეუძლია ადამიანს გამოქვაბულის მდგომარეობაში დაბრუნება, თუ მას ამის საშუალებას მივცემთ“, – განაცხადა არტისტმა.
„რითმ 10-ში“ (1974), მან ხელის გაშლილ თითებს შორის დანის ჩარტყმის ხმას მანამდე იწერდა, სანამ არ ააცილა და ხელი არ დაიჭრა. ამის შემდეგ, მან ეს ჩანაწერი გაუშვა და შეეცადა, ჩანაწერის რითმისთვის მოძრაობები აეყოლებინა. ამგვარად, მარინა გვიჩვენებს, რომ თითზე ერთსა და იმავე ადგილას გაჩენილი ჭრილობის წყალობით, ჩვენს რეალობაში წარსული და მომავალი ერთმანეთს კვეთს. აღსანიშნავია, რომ მარინას ზოგიერთი პერფორმანსი ლამის მისი სიცოცხლისთვის სახიფათოდ დასრულდა.
მარინას ოჯახში კომუნიზმისა და მართლმადიდებლობის შერწყმის მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1975 წელს, მარინამ დადგა პერფორმანსი „ტომასის ტუჩები“. თავდაპირველად, მან მუცელზე სამართებლით დაისერა ხუთქიმიანი ვარსკვლავი, თავი გაიმათრახა, შემდეგ კი ნახევარი საათით დაწვა გამათბობლის გვერდით მოთავსებულ ჯვრის ფორმის ყინულის ნაჭერზე.
1975 წელს, მარინა აბრამოვიჩი იუგოსლავიას ტოვებს და ამსტერდამში გადადის. თავის დაბადების დღეზე, მან დასავლეთგერმანელი პერფორმანსისტი უვე ლაისიპენი გაიცნო, რომელიც ულაის ფსევდონიმით გამოდიოდა. ულაიც მარინას დაბადების დღეს იყო დაბადებული – 30 ნოემბერს. ამ მომენტიდან, მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო. მომდევნო 12 წლის განმავლობაში, მათ ერთად იცხოვრეს და იმუშავეს. ერთობლივ პერფორმანსებზე, ისინი შიშვლები დარბოდნენ ერთმანეთზე, ერთმანეთის თმას ერთიანად წნავდნენ და ასე 16 საათის მანძილზე ისხდნენ, მუზეუმის შესასვლელში დგებოდნენ და მნახველს ერთმანეთს შორის ატარებდნენ (ბოლონიის ფესტივალი, «Imponderabilia»,1977).
პერფორმანსში „მოსვენების ენერგია“ (1980), ულაის ხელში მოზიდული მშვილდი ეჭირა, რომლის ისარიც მარინას გულში ჰქონდა დამიზნებული. ერთობლივი შემოქმედებისა და სიყვარულის ამბავი 1988 წელს ცნობილი პერფორმანსით დასრულდა, სახელწოდებით „დიდ კედელთან მიახლოება“. თითოეული მათგანი ჩინეთის დიდი კედლის საპირისპირო, შემხვედრი მიმართულებიდან დაიძრა. მათ 2500 კილომეტრი გაიარეს, რათა ერთმანეთს შეხვედროდნენ და შემდეგ დაშორებოდნენ.
პერფორმანსისთვის „სიკვდილი საკუთარ თავს“, მხატვრებმა საკუთარი პირები ერთმანეთს სპეციალური აგრეგატის მეშვეობით შეუერთეს. ისინი ერთმანეთს ასუნთქებდნენ, პერფორმანსის დაწყებიდან 17 წუთში კი ორივე უგონოდ დაეცა. ეს პერფორმანსი ადამიანის იმ უნარის შესახებ იყო, რომელსაც სხვა ადამიანის სიცოცხლის შთანთქმა-განადგურება შეუძლია.
1990-იან წლებში, ბალკანეთში აღმოცენებული პოლიტიკური კონფლიქტების დროს, აბრამოვიჩი თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას შეუდგა. ერთ-ერთ მსგავს ნამუშევარში, სახელწოდებით „ბალკანური ბაროკო“ (1997 წ), 4 დღის მანძილზე, დღეში ექვსი საათი, იგი ჯაგრისით წმენდდა საქონლის ძვლების უზარმაზარ გროვას. ნამუშევარი არტისტმა ვენეციის ბიენალეზე წარადგინა. პერფორმანსის დროს, იგი მღეროდა და ბელგრადის ამბებს ყვებოდა. ამ პერფორმანსით, მარინა ვენეციის ბიენალეზე „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა.
მარინას პერფორმანსი „გენიტალიური პანიკა“ (Action Pants: Genital Panic) 1969 წლის ავსტრიელი ფემინისტი მხატვრის ვალი ექსპორტის (VALIE EXPORT) რეპლიკაა. ვალიმ მიუნხენის კინოდარბაზში ჯინსის შარვალზე მნიშვნელოვანი ღიობით ჩაიარა, და ავტომატით ხელში, კაც მაყურებელს „ნაღდი კაი რამის“ ხელით მოსინჯვას სთავაზობდა. მარინამ ანალოგიური აქცია ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმში მოაწყო და იგი ფირზე აღბეჭდა.
მარინა აბრამოვიჩის რეტროსპექტული გამოფენა 2010 წელს, ნიუ-იორკში გაიმართა. აუდიტორიის წინაშე, იგი ახალი პერფორმანსით წარსდგა – „მხატვრის თანდასწრებით“. მისი მზერის დაპყრობა გამოფენის ნებისმიერ მნახველს შეეძლო. პერფორმანსი 716 საათი და 30 წუთი გრძელდებოდა, მარინას მზერა 1500 მნახველს ერგო.
„ფსიქოლოგთან არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაც უფრო რთული ბავშვობა გაქვს, მით უფრო კარგი არტისტი დადგება შენგან, რადგან სამუშაოდ და სააზროვნოდ უამრავი მასალა გეძლევა. არა მგონია, ბედნიერმა ადამიანმა რამე ღირებული შექმნას. ბედნიერება ჩინებული მდგომარეობაა, რომლის დროსაც შემოქმედება საჭირო არაა. კრეატიული მაშინ ხდები, როცა უბედური და დეპრესიული ხარ. სწორად მაშინ პოულობ მოვლენების ტრანსფორმირების ხერხს.
ჩემი შემოქმედება რთული იყო, რადგან საკუთარი გამოცდილება მთელს შემოქმედებაში გამოვიყენე. მაგრამ, როცა საყვარელმა ადამიანმა მიმატოვა, ამას ვეღარ გავუმკლავდი. გულწრფელად მინდოდა, მივმხვდარყავი, რა მოხდა და წავედი ფსიქოანალიტიკოსთან. ეს უკიდურესად მტკივნეული რამ იყო, თუმცა, შესაძლოა, მიშველა კიდეც.
მოგვიანებით, ბრაზილიაში აღმოვჩნდი და ორ შამანთან 5 დღე ტყეში გავატარე. ამ დღეებმა გაცილებით დიდი შვება მომგვარა, ვიდრე 3 წლის მანძილზე ფსიქოანალიტიკოსთან სიარულმა. არადა, ამერიკა ამით პირდაპირ შეპყრობილია, ყველა გეკითხება, ვინაა შენი ფსიქოანალიტიკოსიო“, – განაცხადა მარინამ.
მარინას ერთ-ერთი ნამუშევარს ვხედავთ „სექსი დიდ ქალაქშიც“. მეექვსე სეზონის მე-12 ეპიზოდში, კერი ბრედშოუ ალექსანდრ პეტროვსკის გამოფენა-პერფორმანსზე გაიცნობს, რომლის დროსაც მხატვარი გალერეაში საჭმლისა და წყლის გარეშე ცხოვრობს. ეს ეპიზოდი მარინას ანალოგიური პროექტიდანაა აღებული, სახელწოდებით „სახლი ოკეანეზე ხედით“.
ამჟამად, მარინა ნიუ-იორკში მარინა აბრამოვიჩის ინსტიტუტის (MAI) შექმნაზე მუშაობს. გარდა ამისა, ერთი თვის წინ, მისი და ულაის გზები კვლავ გადაიკვეთა: ისინი ლუიზიანას მუზეუმში, ფილმის „მარინა აბრამოვიჩისა და ულაის ისტორია“ რეტროსპექტივაზე, ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ.
მარინას ცხოვრებაში არსებული ურთიერთობები მისთვის გაკვეთილი იყო, რომელიც მან თავის „მხატვრის ცხოვრების მანიფესტში“ აღწერა. მისი აზრით, მხატვარს არამც და არამც არ უნდა შეუყვარდეს სხვა მხატვარი.
თანამედროვე ხელოვნების ბებია განვლილ გზას ასე აფასებს: „თავდაპირველად, ადამიანები ფიქრობენ, რომ გაკლია და უნდა იმკურნალო, და აღიარება მხოლოდ ამის შემდეგ მოდის. ძალზე ბევრი დრო სჭირდება იმას, რომ ხალხმა სერიოზულად აღგიქვას“.