ამა წლის 23 მარტს, დონალდ ტრამპმა მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, ტრანსგენდერ ადამიანებს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მუშაობა აეკრძალათ. აგრეთვე, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ბრძანება მიეცა, რომ სამხედრო სამსახურში მყოფი ტრანსგენდერი ადამიანების სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო თანხები აღარ დაიხარჯოს. ტრამპის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, „გენდერული დისფორიის“ დიაგნოზის მქონე პირებს სამხედრო სამსახურში მიღებაზე უარს ეტყვიან.
არავინ იცის დანამდვილებით, თუ რამდენ ტრანსგენდერ ადამიანს უმსახურია ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში, ან რამდენი მსახურობს ახლა. მაგრამ 26 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა ნათელი გახადა, რომ მას არ სურს ტრანსგენდერების არმიაში სამსახური ‘’არანაირ თანამდებობებზე’’.
ტრამპი ტვიტერში ამტკიცებდა, რომ ტრანზიციასთან დაკავშირებული ხარჯები მეტისმეტი ტვირთია და რომ ტრანსგენდერი ადამიანები “ზიანის მომტანნი’’ არიან შეიარაღებული ძალებისთვის. ამ ნაბიჯმა აღადგინა პრეზიდენტი ობამას მიერ წინა წელს გაუქმებული სამსახურის ღიად აკრძალვა, რითიც წერტილი დაუსვა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებულ ე. წ. ‘’სამსახურს სიჩუმეში’’. პენტაგონი აცხადებს, რომ ეს გარდამავალი ნაბიჯია, სანამ ის შემდგომ მითითებებს მიიღებს თეთრი სახლისგან.
პოლიტიკოსებმა, უფლებადამცველთა ჯგუფებმა და LGBTQ წარმომადგენლებმა პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკეს. ამასობაში, ტრანსგენდერი ჯარისკაცები, რომლებიც ახლა მსახურობენ, ცდილობენ გაერკვნენ, თუ რას შეიძლება მათთვის ნიშნავდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში. ყველაზე მეტად დაბნეულები ამ კანონის ცვლილებით იყვნენ ვეტერანი ტრანსგენდერები.
ტრანსგენდერი ჯარისკაცები და ვეტერანები ტრამპის განცხადებას პასუხობენ.
“ჩვენ უნდა გავერთიანდეთ”
აკირა ვიატი (Akira Wyatt), 25 წლის
მსახურობს საზღვაო ფლოტში კემპ პენდელტონში, კალიფორნია.
“მე ახლა ვარ აქტიურ სამხედრო სამსახურში…ჩემს ოჯახს ძლიერი სამხედრო ფესვები გააჩნია. ჩემი ბაბუა იყო საამაყო საზღვაო ქვეითი ვეტერანი, რომელმაც მასწავლა, რომ ღირსებითა და სიმართლით ვემსახურო საკუთარ ქვეყანას. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერით მიგვახვედრა, რომ ჩვენ, ხალხი, რაღაც უკეთესის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ ახლა ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტში ვართ, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ რა გზით წაიყვანენ მომავალი თაობები ჩვენს ქვეყანას. მე მჯერა, რომ ჩვენი მთავრობა და მისი წარმომადგენლები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის’’.
“ტრანსგენდერ ადამიანებს უმსახურიათ და დაღუპულან ამ ქვეყნისათვის”
ჯორდან ბლისკი (Jordan Blisk), 23 წლის
მსახურობდა საჰაერო ძალების რეზერვისტთა გრისომის ბაზაზე, ინდიანას შტატი.
‘’მე სამხედრო მოსამსახურეების მეხუთე თაობა ვარ ჩემს ოჯახში, რომელსაც ღირსეული სამსახურის ტრადიცია გააჩნია. მე არმიაში ჩავირიცხე, რათა გადამეხადა სკოლის საფასური და მქონოდა ის შესაძლებლობები, რომლებიც არსად სხვაგან არ მექნებოდა… ეს სამარცხვინო განცხადებაა (პრეზიდენტის). ათწლეულების განმავლობაში, ტრანსგენდერი ადამიანები მსახურობდნენ და იღუპებოდნენ ამ ქვეყნისათვის, ყოველგვარი აღიარებისა და მხარდაჭერის გარეშე. როცა უმაღლესი მთავარსარდალი ლეგიტიმურს ხდის ტრანსფობიასა და ფანატიზმს სამხედრო პოლიტიკაში, ამით ეს ყველაფერი ლეგიტიმური ხდება მთლიანად საჯარო სივრცეშიც’’.
“შეტევა მარგინალებზე”
კადენ დევისი (Caden Davis), 21 წლის
მსახურობს არმიის ნაციონალურ გვარდიაში პალმეტოში, ფლორიდის შტატი
‘’ჩემი სამხედრო სამსახური ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მე ვამაყობ იმით, რომ ვაქარწყლებ იმ ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას, თითქოს ჩვენს თაობას არ შეუძლია უანგარო ქმედება. სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი ფუნდამენტური მანტრა სწორედ ესაა: უანგარო მსახურება. ჩემმა ტყუპისცალმა ძმამ, რომელიც ახლა პატრიკის საჰაერო ბაზაზე მუშაობს, ასევე მიუძღვნა თავი მისი ქვეყნის დაცვას. ჩემთვის რთულია, შევეგუო იმ აზრს, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს შეუძლია, ღირსეულად ემსახუროს თავის ქვეყანას, მეორეს კი – არა. როდესაც შევიტყვე პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სამხედრო სამსახურის აკრძალვის შესახებ, თავი ძალიან დაჩაგრულად და შეურაცხყოფილად ვიგრძენი, რბილად რომ ვთქვათ. ის გავრცელებული მცდარი აზრი, რომ ტრანსგენდერი ჯარისკაცები უვარგისნი არიან სამხედრო სამსახურისათვის, პიროვნული შეტევა კი არაა ჩემზე, არამედ შეტევაა მთელს მარგინალიზებულ ლგბტ თემზე. ამ გადაწყვეტილების შედეგად კი, თუკი ის მიიღეს, ნიჭიერ, უნარიან ჯარისკაცებს გახდიან ფორმას და ჩამოართმევენ ამ ქვეყნის დაცვის შესაძლებლობას“.
“ეს სიღრმისეულადაა ჩვენში”
მედელინ მარტინესი (Madeline Martinez), 28 წლის
მსახურობდა არმიაში ფორტ ბლისში, ელ პასო (ტეხასის შტატი) და ფორტ სტიუარტში (ჰენესვილი, ჯორჯიის შტატი).
“ჩემი გული ეკუთვნით იმ ჩემს სამხედრო ძმებსა და დებს, რომელთაც სურთ, ემსახურონ სამშობლოს, მაგრამ ახლა აღარ ექნებათ ამის საშუალება. ტრანსგენდერობა აჩევანი არაა. ეს ჩვენში სიღრმისეულად დევს და ჩვენს პიროვნებებს განსაზღვრავს. პრეზიდენტი ტრამპი არა მხოლოდ ზღუდავს ამერიკელებს, რომელთაც სამხედრო სამსახური სურთ, იგი ასევე დისკრიმინაციას უწევს უმცირესობის ჯგუფს, რომელიც მალავდა თავის იდენტობას სამხედრო სამსახურისას, რათა თავიდან აეცილებინა დისკრიმინაცია და მთელი რიგი სირთულეები.
ეს ადამიანები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანნი არიან თავიანთი მისიისათვის და იცავენ მეომრის ქცევის პრინციპებს. მე არასდროს შევეგუები დამარცხებას; არასდროს მივატოვებ ჩემს საქმეს და არასდროს დავტოვებ დაცემულ თანამებრძოლს. და მაინც, პრეზიდენტი ტრამპი ართმევს მათ თავიანთ პროფესიას და არ აძლევს საშუალებას, შეასრულონ საკუთარი მისია – ემსახურონ ამერიკელ ხალხს. ის მთელ მსოფლიოს ამცნობს, რომ ტრანსგენდერ პიროვნებებს ამერიკაში არ გააჩნიათ იგივე უფლებები, რაც – ამერიკული საზოგადოების უმრავლესობას… როგორც პრეზიდენტმა, მან ყველანაირი ადამიანი უნდა მიიღოს, ვინც კი ამერიკის დროშის ქვეშ დაცემულა“.
“შეიარაღებული ძალებს ერთიანობა სჭირდებათ”
ემერი ვან ბროეხუიზენი (Emery van Broekhuizen), 35 წლის
მსახურობს არმიის რეზერვში, კოლორადოს შტატი.
“სამხედრო სამსახური ჩემთვის საზოგადოებაში ინტეგრირებაა, რაც გაბედულებას მოითხოვს. გასულ წელს ჩემი არჩევანი, გამეგრძელებინა ჩემი ქვეყნისთვის სამსახური, სიმამაცის პატარა აქტი გახდა. ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩემი აქ ყოფნა ახალი გამოწვევა იქნება გარშემო მყოფებისთვის. (პრეზიდენტის) ეს განცხადება… შოკისმომგვრელი იყო იმით, რასაც ეუბნება ჩვენს ტრანსგენდერ სამხედრო მოსამსახურეებსა და მოქალაქეებს მთლიანობაში. ‘’დაყავი და იბატონე’’ – ასეთი რამ არ უნდა მოხდეს საზოგადოების შიგნით. შეიარაღებული ძალები ერთიანი უნდა იყვნენ იმისათვის, რომ იყვნენ ძლიერნი’’.
“მე მეშინოდა იმისი, ვინც ვიყავი”
კარა ზაჯაკი (Kara Zajac), 29 წლის
იმსახურა საზღვაო ფლოტში, ფორტ მიდი, მერილენდის შტატი
„რას ნიშნავს ჩემთვის სამხედრო სამსახური? ის ყველაფერია. სამხედრო საქმე რომ არა, მე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ დღეს. მე ფლოტში ჩავეწერე, რადგანაც მეშინოდა იმისი, ვინც ვიყავი: ტრანსი ქალობის. ფლოტმა მომცა იმის ძალა, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ და სწორედ ასეთად მივეღე თანამებრძოლებს. (როდესაც ტრამპის განცხადების შესახებ შევიტყვე), გავბრაზდი და დავმწუხრდი. შეიარაღებული ძალები ის დიდებული ორგანიზაციაა, რომელიც გეუბნება, რომ თუკი შენ შენს საქმეს აკეთებ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ხარ’’.
“მე სამუდამოდ ამერიკელი ჯარისკაცი ვიქნები’’
ჯეისონ ტეილორი (Jayceon Taylor), 20 წლის
არმიის მოსამსახურე სეულში, სამხრეთ კორეა.
‘’არმიაში სამსახური ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და ეს ასეც უნდა იყოს. მე ვხედავდი მამაჩემს, საზღვაო ქვეითს, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს ემსახურებოდა თავის ქვეყანას… მე გავაკეთე ქამინგ აუთი, როგორც ტრანსმა მამაკაცმა 2016 წელს, სანამ აკრძალვა გაუქმდებოდა და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერასდროს შევძლებდი ცხოვრებაში იმის გაკეთებას, რაც მსურდა. მოგვიანებით, დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ აკრძალვა გაუქმებულია და მე გზა ხსნილი მქონდა. ეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.
როდესაც კორეაში მოვხვდი, დაახლოებით სამ თვეში დამისვეს გენდერული დისფორიის დიაგნოზი და დამიწყეს ჰორმონალური მკურნალობა. ჩემი თანამოსამსახურეები და მეთაურები უკვე სწორი ნაცვალსახელით მომმართავდნენ და სრულად მიჭერდნენ მხარს. ახლა ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო: შეხვედრები ექიმებთან, ხანგრძლივი საუბრები ჩემს თანამოსამსახურეებთან, მთელი ის დრო და ენერგია, რაც ამ ყველაფერს მოხმარდა. მე სავსებით შემწევს ძალა, დავიცვა ჩემი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რაც გავიარე ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად და იმან, თუ როგორ განვსაზღვრავ საკუთარ თავს, არ უნდა ამიკრძალოს, ვემსახურო ჩემს ქვეყანას. მე თუ ყველას ვიცავ, მე რატომღა არ მიცავს არავინ? ჩემი სახელი ჯეისეონ ტეილორია და რაც არ უნდა მოხდეს, მე სამუდამოდ ამერიკელი ჯარისკაცი ვიქნები’’.
წყარო: time.com
თარგმანი: ერეკლე გრიგოლია