დღეს, ქალთა მოძრაობამ პრესკონფერენცია გამართა შსს-ს მაღალჩინოსნების, პარლამენტის მოქმედი დეპუტატის და მისი აპარატის მიერ დანაშაულის დაფარვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.
რამდენიმე ხნის წინ, ქალთა მოძრაობას მედეა პატაშურმა მიმართა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების შესახებ აცნობა. მედეა პატაშურს ბოლო 2 წლის განმავლობაში ყოფილმა მეუღლემ რამაზ ხუციანიძემ მრავალი დაზიანება მიაყენა, მათ შორის ნეკნების მოტეხილობა, ტვინის შერყევა, მოკვლის მუქარა, მკვლელობის მცდელობა, ავტომობილის განზრახ დაჯახება, ავტომობილის წართმევა, პირადი ნივთების დაზიანება, სახლში შეჭრა და ა.შ. მიუხედავად ყველაფრისა, დამნაშავე დღემდე არ არის დაკავებული, მის მიმართ გამოყენებულია მხოლოდ ჯარიმები და ადმინისტრაციული სანქციები.
მედეა პატაშურის თქმით, მისი ყოფილი მეუღლე შსს-ს ფარული თანამშრომელია, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დღემდე მფარველობენ მოძალადეს. პრესკონფერენციაზე დასახელდა იმ პირთა ვინაობა, ვინც 2014 წლიდან მოყოლებული, მოძალადის სისხლის სამართლებრივ დანაშაულებს ხელს აფარებდა: ზვიად ჯანყარაშვილი და დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი.
“ეს არის საქმე, სადაც ქალის წინააღმდეგ ძალადობს არა მხოლოდ მისი ყოფილი მეუღლე, არამედ მთელი სამართალდამცავი სისტემა. სადაც შსს-ს თანამშრომლები და დეპუტატის აპარატის თანამშრომლები ღიად მფარველობენ ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ არს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული თანამშრომელი“, – განაცხადა კავშირი “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.
დანაშაულის მტკიცებულებები პროკურატურას გადაეცემა.