სექსუალობა

მენსტრუალური ციკლი – ნორმა vs პათოლოგია და სხვა სისხლდენები

????????????????????????????????????

ლილი გვარამაძე, MD, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

მენსტრუალური ციკლი ქალის რეპროდუქციული ასაკის მთავარი თანმდევი მოვლენაა.

გოგონას სქესობრივი მომწიფება (პუბერტატი) სრულდება მენსტრუაციური ციკლის დაწყებით. პირველ მენსტრუაციას ეწოდება მენარქე. მენსტრუალური ციკლის დაწყების საშუალო ასაკია 12-13 წელი. მენსტრუალური ციკლი თავიდან, პირველი 1-2 წლის განმავლობაში შეიძლება იყოს არარეგულარული. ეს არ არის პათოლოგია, თუმცა მაინც რიგ შემთხვევაში საჭიროებს მართვას, მაგალითად ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაციის დროს. მოზარდებში მენსტრუალური ციკლის  გარდამავალი დარღვევის მიზეზია ციკლის მარეგულირებელი სისტემის უმწიფრობა. მენსტრუალური ციკლის მართვაში ჩართულია რამდენიმე ზემდგომი სტრუქტურა: თავის ტვინის ქერქი, ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი. სწორად მათი დახმარებით რეგულირდება საკვერცხეების მუშაობა, რაც გამოიხატება ფოლიკულის ზრდით და საკვერცხეების მიერ ქალის ჰორმონების – ესტროგენების და პროგესტერონის გამომუშავებით.

განვმარტოთ, რა არის მენსტრუაცია და მენსტრუალური ციკლი.

მენსტრუაცია ეს არის რეგულარული, ყოველთვიური სისხლიანი გამონადენი.

  • მენსტრუაციის ხანგრძლივობა ნორმაში მერყეობს 3-დან 7 დღემდე;
  • მენსტრუაციის დროს სისხლის დანაკარგი საშუალოდ შეადგენს 80 მლ-ს;
  • მენსტრუაცია უნდა იყოს უმტკივნეულო.

მენსტრუალური ციკლი – ეს არის პერიოდი, რომელიც მოიცავს შუალედს ერთი მენსტრუაციის 1-ლი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის 1-ლ დღემდე.

  • მენსტრუალური ციკლი უნდა იყოს რეგულარული;
  • მენსტრუალური ციკლის ხანგრძლიობა არის ინდივიდუალური;
  • მენსტრუალური ციკლის ხანგრძლიობა ნორმაში მერყეობს 21 დღიდან 37 დღემდე.

მენსტრუალური ციკლის პირველ ნახევარში საკვერცხეში იზრდება დომინანტი ფოლიკული, საშვილოსნოში კი – ენდომეტრიუმი. ამ ფაზას ფოლიკულური ეწოდება. ციკლის შუა პერიოდში გაზრდილი დომინანტი ფოლიკული სკდება, ანუ ხდება ოვულაცია, მის ადგილას ყალიბდება ყვითელი სხეული, რომელიც გამოიმუშავებს პროგესტერონს. ეს არის ლუთეინური ფაზა, რომელიც გრძელდება 10-დან 14 დღემდე. ორსულობის არ შედგომის შემთხვევაში, იწყება მენსტრუაცია და ახალი ციკლის ათვლა.

მენსტრუალური ციკლის და მენსტრუაციის მხრივ დარღვევები ქალის რეპროდუქციული პერიოდის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს და აუცილებლად ინდივიდუალურ შეფასებას და მიდგომას საჭიროებს.

მენსტრუალური ციკლის და მენსტრუაციის დარღვევის გამომწვევი მიზეზი ბევრია და მრავალფეროვანი. მათ შორის არის ჰორმონული ცვლილებები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერპროლაქტინემია, ჰიპერანდროგენია), ორგანული პათოლოგია (ენდომეტრიუმის პოლიპი, საშვილოსნოს მიომა), სისხლის შემადედებელი სისტემის პათოლოგიები, ცხოვრების წესის ცვლილება, ძლიერი სტრესი, ზოგიერთი მედიკამენტი.

მენსტრუალური ციკლის დარღვევების ტიპები:

  • ამენორეა – მენსტრუაციის არარსებობა 3 თვეზე მეტი ხნის (თუ იქამდე მენსტრუალური ციკლი იყო რეგულარული) ან 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში (თუ იქამდე მენსტრუალური ციკლი იყო არარეგულარული);
  • ოლიგომენორეა – „გაიშვიათებული“ მენსტრუაცია. მენსტრუაციებს შორის ინტერვალი 37 დღეზე მეტია, მაგრამ – 3 თვეზე ნაკლები;
  • პოლიმენორეა (პოიკილომენორეა) – „გახშირებული“ მენსტრუაცია. მენსტრუაციებს შორის ინტერვალი 21 დღეზე ნაკლებია.
  • მენორაგია – გახანგრძლივებული (7 დღეზე მეტი) და/ან ჭარბი (80მლ-ზე მეტი) მენსტრუაცია რეგულარული ციკლის ფონზე;
  • მეტრორაგია – არარეგულარული და ხშირი სისხლდენა;
  • მენომეტრორაგია – გახანგრძლივებული და ჭარბი სისხლდენა, უპირატესად არარეგულარული;
  • ოფსომენორეა – მენსტრუაციის ხანგრძლიობის შემცირება 1-2 დღემდე.

მენსტრუაციის გარდა არსებობს სხვა სახის სისხლიანი გამონადენიც:

  • კონტაქტური სისხლდენა – სისხლიანი გამონადენი/სისხლდენა, რომელიც მოსდევს სქესობრივ კავშირს. მიზეზი – საშვილოსნოს ყელის პათოლოგია, ცერვიკალური პოლიპი, ინფექცია;
  • ოვულაციური სისხლდენა – მცირე სისხლიანი გამონადენი, რომელიც დროში ემთხვევა ოვულაცია და უკავშირდება ესტროგენების დონის სწრაფ შემცირებას;
  • იმპლანტაციური სისხლდენა – მცირე სისხლიანი გამონადენი, რომელიც ახლავს ემბრიონის მიმაგრებას საშვილოსნოს ენდომეტრიუმში;

ოვულაციური და იმპლანტაციური სისხლდენა არ წარმოადგენს პათოლოგიას და არავითარ ჩარევას არ საჭიროებს.

ორსულობის ფონზე განვითარებული სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა პირველ ტრიმესტრიში შეიძლება იყოს შემდეგი პათოლოგიების მიზეზი:

  • საშვილოსნოსგარე ორსულობა;
  • ბუშტნამქერი;
  • ორსულობის შეწყვეტის საშიშროება;

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში სისხლდენის მიზეზია:

  • საშვილოსნოს ყელის გახსნა;
  • პლაცენტის წინმდებარეობა;
  • პლაცენტის აცლა;
  • საშვილოსნოს გახევა;

ორსულობაში განვითარებული სისხლდება ან  თუნდაც, სისხლიანი გამონადენი დაუყონებლივ მოითხოვს მკურნალ ექიმთან მიმარვას, რათა დადგინდეს მიზეზი და დროულად მოხდეს საჭირო დახმარების აღმოჩენა.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მენსტრუალური ციკლის დარღვევები და სხვა პათოლოგიური გამონადენი საშოდან, რომელიც მოითხოვს რეაგირებას არის:

  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
  • მენსტრუალური ციკლის ხანგრძლიობის ცვლილება – შემოკლება (21 დღეზე ნაკლები) ან გაზრდა (45 დღეზე მეტი);
  • ამენორეა (მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა) 3 თვის და მეტი ხნის განმავლობაში;
  • მენსტრუალური გამონადენის ხანგრძლივობის ცვლილება – შემცირება (1-2 დღემდე) ან გაზრდა (7 დღეზე მეტხანს)
  • მენსტრუაცია, რომელიც იღებს ძლიერი სისხლდენის ხასიათს (1 საფენი/ტამპონი 1 საათში)
  • სისხლიანი გამონადენი საშოდან, რომელიც არ არის დაკავშირდებული მენსტრუალურ ციკლთან;
  • დისმენორეა – მტკივნეული მენსტრუაცია;
  • ორსულობის ფონზე განვითარებული სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი;