ავტორი: ლიკა ბარაბაძე
HBO-ს გენიალური სერიალის, ჩერნობილის მთავარ გზავნილს შეგახსნებთ: რაც არ უნდა ეცადოს მანკიერი სისტემა სიმართლის დამალვას, სიმართლე მაინც იპოვის გზას. ხოდა, გადავხედოთ, რაში გვატყუებს სისტემა და გამოვააშკარავოთ ის ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური მითები, რომლებითაც მოძალადეები თავიანთ პოზიციას ამყარებენ.
მითი # 1 – ჰომოსექსულობა ავადმყოფობაა
1973 წელს ჰომოსექსუალობა DSM III -დან ამოიღეს. მაშინ ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, რადგან DSM აშშ-ს და შესაბამისად დანარჩენი სამყაროს ფსიქიკური დარღვევების მთავარი სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოა. არანაირი ლობი, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციაში მაშინ საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო, 5854-მა ფსიქიატრმა ხმა მისცა ამ საკითხის ამოღებას, ხოლო 3810 ითხოვდა, დატოვეთო. იმისათვის, რომ ეს გადაწვეტილება განხორციელებულიყო, კვლევები ჩატარდა, ჰომოსექსუალი ცდისპირები შეადარეს არაჰომოსექსუალ ცდისპირებს და აღმოჩნდა, რომ ეს ორი ჯგუფი არაფრით განსხვავდებოდა ერთამენთისგან – არც ინტელექტით, არც ემოციებით, არც ზოგადი ფსიქოლოგიური მახასიათებლებით – გარდა ერთისა: ვის ვინ იზიდავდა. ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, სიყვარული რომ დანაშაული იყოს, მთელი დუნია ციხეში იჯდებოდაო, ხოდა სიყვარული რომ ავადმყოფობა იყოს, ფსიქიატრები არ გვეყოფოდა. საბოლო ოჯამში, 1992 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც აღიარა, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება არგუმენტი იმათვის, ვისაც ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, მეცნიერება, კვლევები და ა.შ. არ აინტერესებს. არ მიკვირს, არსებობს ხალხი, რომელსაც ადამიანის მთავრეზე დაჯდომის არ სჯერა ან კვლავაც ამტკიცებს, რომ დედამიწა ბრტყელია. ეს თქვენი არჩევანია. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ამ თქვენი რწმენების გამო, ხალხს მოსაკლავად ნუ იმეტებთ, შუასაუკუნეებში აღარ ვცხოვრობთ და მგონი ყველამ ვაღიარეთ, რომ ჯორდანი ბრუნოს დაწვა მორალური საქციელი არ იყო.
მითი #2 – ჰომოსექსუალობა გადამდებია
ამ მითის უარყოფა საკმაოდ ადვილია – ჩაიხედეთ გულებში და სხეულებში. მამაკაცებო, ქვინის მოსმენისას ბიჭები გიყვარდებათ? ქალებო, ელენე ახვლედიანის სურათებს რომ ათვალიერებთ მერე ღამე შიშველი ქალები გესიზმრებათ? აბა, თქვენ თუ არ ხდებით მიბაძვით ჰომოსექსუალები, სხვებს რა ღმერთი გაუწყრათ?
ბავშვებიო, იტყვით. ამაზე კი წარბები ამდის შუბლზე: ბავშვი არ გინახავთ? არ გინახავთ 2-3 წლიდან როგორ ეპრანჭებიან თავიანთ რჩეულებს? ზუსტად რომ ბავშვები, რომლებსაც არ ესმით ეს ჩვენი ზრდასრული „უნდა ასე“ და „უნდა ისე“, აბსოლუტურად ბუნებრივად მიყვებიან თავიანთ იმპულსებს. შიათ -ჭამენ, ტკივათ – ტირიან, ვინმე მოწონთ – ეპრანჭებიან. სულ რომ შუაზე გავსკდეთ, აზრს ვერ შევაცვლევინებთ. დიახ, ამის დამადასტურებელი კვლევებიც არსებობს, რომ სექსუალური იდენტობა გადამდები არ არის, მაგრამ ჩვენ ხომ მეცნიერება დავგმეთ, ამიტომ, რა საჭიროა? ჰარვი მილკს დავესესხები: თუ სექსუალობა გადამდებია, მაშინ რატომ ჩნდებიან ჰომოსექსუალები ასეთ მკვეთრად ჰეტეროსექსუალურ გარემოში? რატომ არ გადაედოთ ჰეტეროობა?
მოზარდებიო, მეტყვით. ამასთან გადაჯაჭვულია მითი#3 ჰომოსექსუალობა მოდაშია. რაც უბრალოდ ტყუილია. დასავლურ ქვეყნებშიც კი, მოზარდებს ძალიან უჭირთ თავიანთი სექსუალური იდენტობის გამჟღავნება, ზუსტად იმიტომ, რომ მოდაში კი არა, ანტი-მოდაშია. ისინი ხდებიან თანატოლების მხრიდან დაცინვის, ბულინგის და ძალადობის მსხვერპლნი. ჰომოსექსუალი მოზარდები იმიტომ კი არ არიან ჰომოსექსუალები, რომ ეგ „კაი პონტია“, მათ არ შეუძლიათ სიცრუეში ცხოვრება და თავისუფლად სუნთქვა უნდათ, აღმოაჩენენ და აღიარებენ საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობა „ტეხავს“. გაგიკვირდებათ და ესეც აღწერილი და დათვილი მოვლენაა. მოზარდებს იმდენად უჭირთ ჰომოფობიურ ბულინგთან გამკვლავება, რომ სუიციდის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ნებისმიერი წყარო რომ გახსნათ მოზარდების სუიციდზე, რისკ ფაქტორების ჩამონათვლაში აუცილებლად შეგხვდებათ ჰომოსექსულობა. მე არ ვიცი, რომელ სამყაროში ცხოვრობთ თქვენ, სადაც ჰომოსექსუალობა ჰეტეროსექსუალობაზე მეტად დაფასებული, მისაღები, მისაბაძი და სასურველია, ასეთი ქვეყანა მე ჯერ არ მინახავს.
მითი# 4 – სოდომი და გომორა, როგორც ასეთი
მგონია, რომ უმეტესობას არ აქვს წაკითხული სოდომისა და გომორის ამბავი და ასე ზეპირსიტყვიერი გავრცელების, ფოლკლორულ ვარიანტს იცნობს. რა მოხდა სინამდვილეში? – დაბადება, თავი 19, 1-29.
ერთ საღამოს, სოდომში ორი ანგელოზი მოვიდა. კაცის სახე ქონდათ მიღებული. ისინი ლოტმა შეიფარა, რადგან ღამე გარეთ ყოფნა მათთვის უსაფრთხო არ იყო. როგორც გაირკვა, სოდომში მოძალადე ადამიანები (ანუ კაცები, რადგან ძველი აღთქმის პერიოდში ქალები უწმინდური არსებები იყვნენ, რომლებსაც სული არ ჰქონდათ და არც სრულფასოვან ადამიანებად ითვლებდონენ) ცხოვრობდნენ. ამ კაცებმაც არ დააყოვნეს, შუა ღამეს ლოტის სახლს შემოარტყეს ალყა და ქალაქში ახალგამოჩენილი კაცების მათთვის გადაცემას ითხოვდნენ, რათა „შეეცნოთ“ ანუ – გაეუპატიურებინათ. თუმცა, ეს მომენტი ყველას გვავიწყდება და მხოლოდ ის გვახსოვს, რომ ბრბო გეი იყო.
როგორ მოიქცა ამ დროს მართალი ლოტი? როგორ და მოძალადე კაცებს შესთავაზა, ჩემს ორ შვილს, ქალწულებს გადმოგცემთ და აუპატიურეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ ჩემს სტუმრებს ხელი არ ახლოთო. როგორც აღვნიშნე, ქალები იმ დროს ლამის ნივთები იყვნენ, მაგალითად, 7-წლიანი სამუშაოს შემდეგ პრიზად რომ გადაეცემოდა ამ უწმინდურ არსებაზე შეყვარებულ საწყალ იაკობს. ამიტომ, მათი სხეული და სიცოცხლე ორი, თუნდაც უცნობი მამაკაცის სიცოცხლეზე ნაკლებად ფასობდა. მაგრამ, მოგეხსნებათ, ბრბო გეი იყო და რაღაც მეორეხარისხოვანი ქალწულები სულ არ აინტერესებდა.
ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ საკმაოდ ლოგიკური ინტერპრეტაციაა, რომ კაცებზე მოძალადეები დაისაჯნენ. რაც მგონი კამათის საგანი არც არის, რა თქმა უნდა, გამართლებული იყო მათი დასჯა.
მითი#5 – დღესაც მივყვებით ძველი აღთქმის მორალს
სულ რომ დავუშვათ, რომ ღმერთმა სოდომის მკვიდრნი ჰომოსექსუალობისთვის დასაჯა, რამდენად გამართლებულია ძველი აღთქმის მორალური პრინციპებით ხელმძღვანელობა? განვაგრძოთ დაბადების კითხვა, იმავე მე-19 თავში, ვერსში 30-38, ასეთ ისტორიას ვაწყდებით: ირგვლივ ყველაფერი განადგურებულია, ლოტის ცოლი მარილის სვეტად გადაიქცა (სოდომიდან გაქცევისას უკან მიიხედა), დარჩნენ ლოტი და მისი ქალიშვილები. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ახლა როგორღა გავმრავლდეთ? და ლოტის ქალიშვილები გადაწყვეტენ, მამა დაათრონ, მასთან ინცესტური კავშირი დაამყარონ და დაორსულდნენ, რასაც შეასრულებენ კიდეც. დამეთანხმებით, რომ თანამედროვე სამყაროში, რაც არ უნდა გვძულდეს გეი მამკაცები (ისევ და ისევ, ძველ აღთქმაში ქალებზე საუბარიც კი არ არის), ჩვენი გადმოსახედიან მამასთან ინცესტი ბევრად უფრო ამორალური საქციელია. მაგრამ, ძველი აღთქმის მორალით ეს გამართლებული იყო. ლოტი და მისი ოჯახი არავის დაუსჯია.
ასე სელექციურად დაბადებისა და ლევიტიკუსის რამდენიმე ვერსის ფრიალი ჩვენი მოტყუებაა, მეტი არაფერი. გავიდა ის დრო, როდესაც შაბათის დარღვევისთვის ქოლავდნენ, კრევეტების ჭამისათვის კლავდნენ, ხოლო ერთი ამოთხრილი თვალის ასანაზღაურებლად, აუცილებელი იყო მოწინააღმდეგის თვალის ამოთხრა. სხვათა შორის, არც წინადაცვეთას ვახორციელებთ და არც მრუშებს ვუშენთ ქვებს. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში არ ვცხოვრობთ. და კიდევ იმიტომ, რომ როდესაც იესოს ჰკითხეს, ყველაზე დიდი მცნება რა არისო, შაბათზე და დედის რძეში მოხარშულ ციკანზე კი არ დაუწყია საუბარი, მოყვასი გიყვარდესო, ასე უპასუხა. ისიც გაგვაფრთხილა, სასმისს გარედან რომ რეცხავთ, შიგნიდან ჭუჭყიანიაო და ისიც თქვა, ხე ნაყოფით შეიცნობაო.
ოდნავი პათეტიკა ბოლოსკენ
რა არის თქვენი ნაყოფი? – დევნა, ყვრილი, მუშტები, ქამრები, მუქარა, სიძულვილი? მეცნიერება თქვენთვის არგუმენტი არ არის, ბიბლია თქვენთვის არგუმენტი არ არის, ჰუმანურობა და დემოკრატია თქვენთვის არგუმენტი არ არის, აბა რას მიყვებით, თქვენს არარაციონალურ შიშებს? მხოლოდ თქვენს თავში არსებულ წარმოსახვით მონსტრებს? და ღირს თქვენი ამღვრეული სულის დასაწყნარებლად თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე?
თქვენს სახლებში რაც გინდათ ის იფიქრეთ, მეტსაც გეტყვით, გამოდით და მოგვახვიეთ თავს – თქვენგან განსხვავებით, მე არ მეშინია, რომ რაღაცის მოსმენით უცებ მთელი ჩემი ფსიქიკა შეიცვლება, დავავლებ კომბალს ხელს და ჩემს კლიენტებს გადავამტრევ ზურგზე. საბოლოო ჯამში, თქვენი შიშები თქვენვე მოგწმლავთ. ოღონდ ხელს ნუ გვახლებთ, სახლში ნუ გვივარდებით, ფარდებს ნუ გვიგლეჯთ, ტრანსპორტში ნუ გვცემთ და ქუჩაში სიარულს ნუ გვიკრძალავთ!
მაგრამ, არა, სიმართლე ყოველთვის იპოვის გზას. იძახეთ, რომ დედამიწა ბრტყელია, ის ამით არ გაბრტყელდება.