ინჟინერი, ფიზიკოსი და გამომგონებელი ნიკოლა ტესლა (Nikola Tesla, 1856-1943) კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურაა. მისმა ნოვატორულმა გამოგონებებმა დასაბამი მისცა უსადენო კავშირს და იმ ელექტრომოწყობილობებს, დღეს რომ ვიყენებთ. ტესლას გარეშე, ახლა კლავიატურაზე სიტყვებს ვერ ავკრეფდით და ვერც ეკრანზე წავიკითხავდით. მაგრამ, როგორც ნამდვილმა გენიოსმა, ტესლამ საკუთარი გამოგონებების პრაქტიკული გამოყენება კი არა, ძირეული კულტურული ცვლილებებიც გამოიწვია, რასაც ნებისმიერი წარმატებული ტექნოლოგია ქმნის.
ტესლას ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი, ყველაზე ბუნდოვანი, მაგრამ გამჭრიახი პროგნოზი მომავლის საზოგადოებაში გენდერული როლების ცვლილებას უკავშირდება. მისი ვარაუდით, უსადენო ტექნოლოგიების გაჩენა ქალებს საუკუნეების მანძილზე შემბოჭავი პატრიარქალური სისტემისგან გათავისუფლებისა და საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობას მისცემდა.
1926 წლის იანვარში ტესლამ თავისი მოსაზრებები რეპორტიორს, სახელად ჯონ ბ. კენედის (John B. Kennedy), გაუზიარა. ინტერვიუს ნაწილი ჟურნალ Colliers-ში გამოქვეყნდა, სათაურით „როდესაც ბოსი ქალია“. უსადენო ტექნოლოგიების მომავალსა და პრაქტიკულად iPhone-ის გაჩენის წინასწარმეტყველების პარალელურად, ტესლა მომავალ მსოფლიოში ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებაზე საუბრობს.
„ნებისმიერი სოციოლოგიურად მოუმზადებელი, უბრალოდ გამოცდილი თვალისთვისაც კი აშკარაა, რომ სქესის ნიშნით ქალის მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის მიმართ ახალი დამოკიდებულებები ყალიბდება. ამან მკვეთრი სტიმული უშუალო პირველ მსოფლიო ომამდე და მის შემდეგ შეიძინა. ქალთა ბრძოლა სქესთა თანასწორობისათვის ახალი გენდერული წესრიგით დასრულდება, სადაც ქალი უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. თანამედროვე ქალი თავისი სქესის მხოლოდ ზედაპირულ წინწაწევას ელის, და ეს მხოლოდ მცირე, ზედაპირული ნაწილია მთელი ამ პროცესისა.
ეს არ არის კაცების საქმიანობის წვრილმანი ფიზიკური იმიტაცია; ქალები პირველ რიგში სქესთა თანასწორობისთვის იბრძოლებენ, შემდეგ კი საკუთარი ინტელექტის უპირატესობას დაამტკიცებენ“.
ტესლა საუბარს განაგრძობს იმის შესახებ, თუ როგორ „დაიპყრობენ ქალები მოღვაწეობის ახალ სფეროებს“, და რომ ისინი „თანდათანობით ხელმძღვანელ პოზიციებს დაიკავებენ“. ქალების ადრე რეპრესირებული პოტენციალის გათვალისწინებით, მეცნიერს ეს პროცესი გარდაუვალად ესახება. იგი ამ ყველაფერს კვლავ და კვლავ უსადენო ტექნოლოგიების განვითარებისა და ქალებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობის გაფართოებას უკავშირებს.
„მრავალი თაობის მანძილზე, ქალთა სოციალურმა დამორჩილებამ უკიდურეს შემთხვევაში გონებრივი მონაცემების მემკვიდრეობითი შეფერხება გამოიწვია, ახლა კი ვიცით, რომ ქალის შესაძლებლობები კაცისას არაფრით ჩამოუვარდება. ქალის გონებამ კაცების ყველა მიღწევის შეცნობის უნარი გამოავლინა, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ეს პოტენციალი გაფართოვდება; საშუალო მონაცემების ქალი ჯერ საშუალო მონაცემების კაცს გაუტოლდება, შემდეგ კი გაუსწრებს მას, რადგან მისი ტვინის მთვლემარე შესაძლებლობები მრავალსაუკუნოვანი იძულებითი დათრგუნულობის ამოხეთქვით ანაზღაურდება. ქალი ამ პრეცედენტს იგნორირებას გაუკეთებს და ცივილიზაციას პროგრესით განაცვიფრებს“.
ტესლას სიტყვები ათწლეულების შემდეგ WiFi-ის გამოგონების სულისჩამდგმელმა ჰედი ლამარმა (Hedy Lamarr) დაამტკიცა, ისევე, როგორც სხვა ქალებმა, რომლებმაც მომდევნო თაობებში ლიდერის პოზიციები დაიკავეს. ზუსტად ოცი წლის შემდეგ, ტესლას წინასწარმეტყველების ექომ გაიჟღერა აინშტაინის წერილში თავისი ქალიშვილისადმი, რომელსაც მეცნიერებაში საქმიანობა სურდა.
წყარო: brainpickings.org