ნინო ზამბახიძე საქართველოში ერთ-ერთი პირველი წარმატებული ქალი ფერმერია. დღეს მისი საქმიანობის შესახებ მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით კი არა, მსოფლიო უმაღლეს ეკონომიკურ წრეებში იციან. ორი დღის წინ, ნინომ დავოსის ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი თავმჯდომარის კლაუს შვაბისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: „ძვირფასო ნინო, გილოცავთ! თქვენ არჩეული ხართ ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად 5 წლის ვადით!“. იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერობა და რა შეიძლება, გაკეთდეს ადგილობრივ ბიზნესში მეტი ქალის ჩართვის კუთხით, თავად ნინო ზამბახიძე გვესაუბრება.
ის სფერო, სადაც საქმიანობთ, უპირატესად „კაცურ“ სფეროდ მიიჩნევა. კაცების მხრიდან როგორ აღიქმება წარმატებული და დამოუკიდებელი ქალი?
ჩვენთან ბიზნესში ყოველთვის ასე ხდება: თავიდან, ეს სტერეოტიპი ვინმემ უნდა დაანგრიოს. შემდეგ უკვე რაღაც კონკრეტული სფერო, სადაც წარმატებული ადამიანები მუშაობენ, პრესტიჟული და „ტრენდული“ ხდება. როდესაც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე გავხდი, მხოლოდ საქართველოში კი არა, ამერიკაშიც წერდნენ, რომ გენდერული სტერეოტიპები დავამსხვრიე. ევროპის ქვეყნებშიც კი, ერთ-ერთი პირველი ქალი ვიყავი, ვინც ფერმერთა ასოციაციას ჩაუდგა სათავეში. ნელ-ნელა, ჩვენ ირგვლივ ბევრი რამ იცვლება. კაცების მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაც მსმენია, ქალია და რა კონკურენცია უნდა გაგვიწიოსო. მეორე მხრივ, ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავდაჯერებულობას. „ქალი ფერმერი ვის გაუგია“ და „როგორ შეიძლება, ქალი ფერმერი იყოს?“ – მსგავსი კომენტარები ჩემს საქმიანობას მუდმივად თან სდევდა. არადა, ქალები სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში მონაწილეობენ, უბრალოდ ეს არ ჩანს.
ამ ბოლო დროს, წარმატებული ქალი ფერმერის მოვლენა აღარაა იშვიათი გამონაკლისი. ქალებმა თავიანთი საქმიანობისა და ცოდნის საჭირო მიმართულებით რეალიზაცია შეძლეს და შესანიშნავი შედეგებიც მიიღეს. თქვენ თუ უწყობთ ხელს დამწყები ქალი ფერმერების საქმიანობის წახალისებას?
საქართველოში რომ დაიარო და ნახო, მაგალითად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მიწაზე ქალები-ც კი არა, თავიდან ბოლომდე ქალები მუშაობენ, მაგრამ ოჯახის წევრი კაცები მათ საუბრის უფლებას არ აძლევენ, თვითონ ლაპარაკობენ. ამიტომ, დონორ ორგანიზაციებს ჩვენ ერთგვარი რჩევით მივმართავდით, რომ თუ ქალი კარგ ბიზნესგანაცხადს შემოიტანდა, მისთვის 10 ქულით მეტი დაეწერათ, რათა აგრობიზნესში ქალის საქმიანობისთვის ამ ფორმით მაინც შეგვეწყო ხელი. სხვათა შორის, ქართველმა კაცებმა ამას ადვილად აუღეს ალღო და განაცხადები ცოლებს შეატანინეს (იცინის, შ. გ). ლიდერობის ტრეინინგებმა და ლექციებმა ეს ქალები თავდაჯერებულები გახადა. როდესაც მე ვიწყებდი ბიზნესს, ამ სფეროში ამდენი ქალი ნამდვილად არ ყოფილა. დღეს უკვე იმდენი წარმატებული ქალია, რომ უკვე შეგიძლია შენი ეტალონის დასახელება, ადრე კი ქალებისთვის მისაბაძი მაგალითი მამუკა ხაზარაძე იყო (იცინის, შ. გ.).
ძნელი იყო თბილისიდან რაიონში ჩასული ქალისთვის აგრობიზნესში საქმიანობის დაწყება მაშინ, როდესაც ამისთვის არანაირი ხელისშემწყობი პირობა არ არსებობდა?
როდესაც თბილისიდან რეგიონში საცხოვრებლად გადავედი, პირველი პრობლემა მაშინ შემექმნა. 2008 წელს ახალციხეში დავსახლდი, მეურნეობა გავმართე და 6 წელი იქ ვიცხოვრე. მოგეხსენებათ, ბიზნესი ვერ იმუშავებს ისე, თუ შენ მასში თავიდან ბოლომდე ჩართული არ ხარ. პირველი გამოწვევა ეგ იყო, – როგორ მიმიღო სოფელმა. ყველა ადგილობრივი იმის გარკვევას ცდილობდა, „რა დავაშავე“, რომ იქ ჩავედი საცხოვრებლად და სამუშაოდ. მაგრამ, ყველაზე მთავარი შედეგი მივიღე მაშინ, როდესაც მე თვითონ დავიჯერე, რომ არ არის აუცილებელი, ვიყო კაცი, რომ ამ ყველაფრის გაძღოლა ქალსაც მშვენივრად შეუძლია.
სხვათა შორის, ბიზნესის გამო ოჯახიც დამენგრა – ჩემმა საქმიანობამ ერთგვარი მსხვერპლი მოითხოვა. თუმცა, დრო უკან რომ დაბრუნდეს, ზუსტად იგივენაირად მოვიქცეოდი, – შესაცვლელი ნამდვილად არაფერი მაქვს.
ბევრი ძალისხმევა დაგჭირდათ ამ სფეროში პირველი შედეგის „მომკისთვის?“
ჩემმა შრომამ ნაყოფი მაშინ გამოიღო, როდესაც პირველი პროდუქცია გამოვუშვი, როდესაც 2011 წლის ახალგაზრდა მეწარმედ დამასახელეს. გულწრფელად ვამბობ: ასეთი წახალისებები, ჯილდოები და აღიარებები ჩემი ქვეყნის მხრიდან ჩემთვის ძალზე დიდი სტიმულია. მე ლიდერობის სხვა სტილი მაქვს არჩეული: არ მინდა, ყველგან მხოლოდ და მუდმივად მე ვფიგურიდებდე. სამსახურშიც, ფერმერებთანაც, – თუკი სადმე შემიძლია, ადამიანს ხელი გავუმართო, ამ შანსს ხელიდან არასოდეს ვუშვებ. ჩვენ თუ ერთმანეთი წინ არ წავწიეთ და ყველაფერი მე-მე-ზე ავაგეთ, ვერც ეკონომიკა განვითარდება და ვერც – ბიზნესი. ძლიერი მხოლოდ მაშინ ვარ, როდესაც ჩემ ირგვლივ ადამიანები არიან ძლიერები. ამიტომ, რასაკვირველია, დიდი შედეგი იყო ჩემთვის ფერმერთა ასოციაციის ჩამოყალიბება, რომელსაც ახალგაზრდა ფერმერთა ფრთა დავუქვემდებარე. აი, მაშინ ვთქვი, რომ ჩემი ამდენი შრომა, უძილო ღამე და წვალება ნამდვილად ღირდა ამად. ახლა, ჩემ ირგვლივ უამრავი ახალი ბიზნესი და წარმატებული ქალია.
რას საქმიანობს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელი 2012 წლიდან, დაარსების მომენტიდან ხართ?
ასოციაციის დაარსებადე, ფერმერული მეურნეობა მქონდა. ძალიან ხშირად, მეურნეობის გაძღოლისას, გადაუჭრელ პრობლემებს ვაწყდებოდი, რასაც ვერც სხვები აგვარებდნენ. ამიტომ, ბიზნესზე ორიენტირებულმა ფერმერებმა გადავწყვიტეთ ასოციაციის შექმნა, რომელიც იქნებოდა შუამავალი რგოლი ფერმერსა და ხელისუფლებას შორის. გარდა ამისა, ბიზნესში ჩართულმა ადამიანებმა, რომლებსაც შესაბამისი განათლება უცხოეთში ჰქონდათ მიღებული, სხვების გადამზადებისა და ამ კუთხით მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს. ორგანიზაცია სწორედ იმ პრობლემების საპასუხოდ შეიქმნა, რაც ადგილობრივ ფერმერებს ჰქონდათ და მათ მოგვარებაზე იყო ორიენტირებული.
დღესდღეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ასოციაცია 3000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. იგი ძირითადად 4 მიმართულებით მუშაობს. მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს ადვოკატირებას, ფერმერის მიერ მოწეული პროდუქციის რეალიზების ხელშეწყობას (ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ „აჭარა-ჯგუფთან“. იგი იმ ფერმერებისგან მარაგდება, რომლებსაც უწყვეტად შეუძლიათ ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება. „აჭარა-ჯგუფი“ „ჰოლიდეი ინის“, „რუმსის“, „ფაბრიკის“, ყაზბეგის „რუმსის“ მომწოდებელია).
ასევე, ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ფერმერების პიარს ყველა მედიასაშუალებაში, რადგან მიგვაჩნია, რომ როდესაც ფერმერების საქმიანობა პოპულარიზებულია, ამით ორი სერიოზული პრობლემა გვარდება: ერთი მხრივ, მათი პასუხისმგებლობა და მოტივაცია მატულობს, მეორე მხრივ კი, როდესაც პროდუქტი ადამიანთან იდენტიფიცირებულია, იგი ყველანაირად ცდილობს, მაღალი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს.
ფერმერთა ასოციაციის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით პროექტების განხორციელებაა. ამით, ხელს ვუწყობთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და განსაკუთრებით ახალგაზრდა ფერმერების საქმიანობას.
საქართველო უძველესი აგრარული ტრადიციების მქონე ქვეყანაა, თუმცა, ხშირად მესმის, რომ ამ სფეროში ჩვენში არსებულ ცოდნას და გამოცდილებას მუდმივი განახლება და ცოდნის გავრცელება ესაჭიროება. რა პრობლემებია ამ მხრივ?
საქართველო არ არის აგრარული ქვეყანა, თუმცა ამის დიდი პოტენციალი გააჩნია. აგრარული ქვეყანა იმიტომ არ არის, რომ აქაური მიწების უმეტესობა დანაწევრებულია, პრობლემურია იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობის პირობები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა (საირიგაციო, სადრენაჟო სისტემები), ასევე არის სპეციფიკური ცოდნის დეფიციტი სოფლის მეურნეობის კუთხით, რაც წლების განმავლობაში არ განვითარებულა. პირიქით, რაც არსებობდა, ისიც მოიშალა. ყველა ამ მიზეზის გამო, მსოფლიო სოფლის მეურნეობის განვითარებას ადგილობრივი სოფლის მეურნეობას ბევრად ჩამორჩება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, სერიოზულ გამოწვევად რჩება განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა.
რეგიონებში ვინმეს რომ მოენდომებინა რაიმე კულტურის წარმოება (ვთქვათ, კივი), არ არსებობდა ადამიანი, ტრეინინგი, პროფესიული სწავლება, რომელიც ამ საქმეში დაეხმარებოდა. საბედნიეროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ამ კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო. ვფიქრობ, პროფესიული განათლების გარეშე, სოფლის მეურნეობაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ინვესტორი შემოვიდა, თანამედროვე ტექნოლოგიები აქტიურად ინერგება. საერთო ჯამში, ამ გამოწვევებთან გამკლავება პრაქტიკულად ახლა იწყება.
თუმცა, ამის შედეგს ჩვენ დღეს და ხვალ ვერ ვნახავთ. დაახლოებით 5-6 წელიწადი მაინცაა საჭირო, რომ ხელჩასაჭიდი რამე არსებობდეს.
რატომ წარმოიშვა ასეთი ვაკუუმი სოფლის მეურნეობის დარგში ცოდნის აკუმულირების და გავრცელების მხრივ? ხომ არსებობს შესაბამისი სასწავლებლები?
აგრარული უნივერსიტეტი არსებობს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ აგრარული უნივერსიტეტი სტუდენტებს ამზადებს. მოგეხსენებათ, როგორი ძნელია პრაქტიკასთან ადაპტირება ადამიანისთვის, რომელსაც კონკრეტულ სფეროში თეორიული ცოდნა აქვს და პრაქტიკასთან შეხება არ ჰქონია. მეორე მხრივ, ის ადამიანები, ვინც აგრობიზნესში არიან ჩართულნი, იმ ასაკში აღარ არიან, რომ უნივერსიტეტში ჩააბარონ და სწავლის პროცესს წლები დაუთმონ. ერთადერთი გამოსავალი, რაც არსებობს, ის არის, რომ აგრობიზნესის სფეროში მომუშავე ადამიანებმა (ბუნებრივია, სტუდენტობის ასაკიდან გამოსულებმა) პრაქტიკა პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე გაიარონ.
რაც შეეხება პროფესიულ სწავლებას, – ამ ინოვაციას ჩვენ წელს ჩავუყარეთ საფუძველი.
როდესაც ბიზნესი დავიწყე, ირგვლივ მრჩეველი არავინ მყოლია. დღეს ფერმერებს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ საკითხებზე კონსულტაციის გავლის შესაძლებლობა აქვთ.
გარდა ამისა, ჩემ დროს ბანკები სესხს არ გასცემდნენ, ახლა კი ეს პრობლემაც გვარდება. არც დაზღვევის მექანიზმი არსებობდა. სახელმწიფომ თავის თავზე ბევრი პრობლემის მოგვარება აიღო, მაგრამ ახლა სოფლის მეურნეობა სუბსიდირებიდან ბიზნესმა უნდა განავითაროს. სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ სტარტისთვის იყო საჭირო.
თქვენი ძირითადი საქმიანობის სფერო ყველის წარმოებაა. არის თუ არა საქართველოში რენტაბელური ეს ბიზნესი, რომელიც უაღრესად შრომატევად საწარმოო პროცესს და დიდ ძალისხმევას გულისხმობს?
პირველ რიგში, საუბარია HACCP-ის (Hazard Analysis and Critical Control Points, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სტანდარტი) სისტემაზე. გარდა ამისა, ფერმერის პროდუქცია აუცილებლად წარმოებული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით. ამის ცნობადობა რეგიონში ძალზე დაბალი იყო. ძალიან ბევრი სამუშაოს გაწევა გახდა ადამიანებამდე ამის მისატანად, – რომ ეს პირობები აუცილებელი და საჭიროა.
თავდაპირველად, 350 ფერმერთან მუშაობა დავიწყეთ. რძეს მათგან ვიბარებდით. ყველის წარმოებაში ჯანმრთელი პირუტყვის რძის მიღება უმნიშვნელოვანესი პირობაა. თითოეულ ფერმერთან ცალკე მუშაობა გვიწევდა, მათი პირუტყვის შემოწმება, ვაქცინაცია. ამ საქმის წამოწყებიდან 5 წლის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე გამართული მეურნეობა გვაქვს, თუმცა, ამ საქმის კეთება ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მაღალკვალიფიციური ვეტერინარული და ზოოტექნიკური სერვისები. პრაქტიკულად, ჩვენ თვითონვე გვიწევდა ყველაფრის სწავლა და უცხოური გამოცდილებების დანერგვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალზე რთულია.
რას ნიშნავს გლობალური ლიდერობა?
დავოსის მსოფლო ეკონომიკური ფორუმი მსოფლიოში ბიზნესის სფეროში მომუშავე ადამიანებს უყრის თავს. შესაბამისად, აქ მთელი მსოფლიოდან ჩადიან მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, ბიზნესმენები, სხვადასხვა პრობლემებზე მსჯელობენ. ეს ფორუმი ახალგაზრდა გლობალური ლიდერების შეკრებაა, რომელიც უამრავ განსაკუთრებული თვისებების მქონე ადამიანს აერთიანებს. ეს ინოვაციური, გამბედავი, პროაქტიული ადამიანები თავიანთ თავებზე ვალდებულებას იღებენ, მსოფლიოს გაუმჯობესებაში შეიტანონ წვლილი. ანუ, ყოველ წელს, ფორუმის წევრები, დაახლოებით 200 წარმატებულ ახალგაზრდას 5 წლის ვადით ლიდერად ირჩევენ. გლობალური დათბობა, გენდერული თანასწორობა, ოკუპირებული ტერიტორიები და მსოფლიოში აქტუალური სხვა პრობლემები მათი ინტერესის სფეროა. „ახალგაზრდა გლობალური ლიდერების“ კურსდამთავდებულები არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, ოსკარის ლაურეატები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სხვ. ისინი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, რომლებიც ერთმანეთთან საკუთარი გამოცდილებების გაზიარების პროცესში ვითარდებიან. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური შანსი, რომლის წყალობითაც 5 წლის განმავლობაში შენს ქვეყანას წარმოადგენ სხვადასხვა შეხვედრებზე, ფორუმებზე, იგი მოიცავს სხვადასხვა კურსებს სტენფორდში, ოქსფორდში, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა შეიტანო წვლილი საზოგადოების განვითარებაში, როგორ უნდა აამაღლო ადამიანების მოტივაცია. ანუ, აქ ყალიბდები ლიდერად, რის შედეგადაც უკვე ცდილობ, სხვა ადამიანებში გააკეთო შენი ადამიანური რესურსის ინვესტირება. საქართველოდან პირველი გლობალური ლიდერი ვერა ქობალია იყო, ვინც წელს ჩემი კანდიდატურა წარადგინა. მადლობა მინდა მას ვუთხრა. ვერას შემდეგ, ახალგაზრდა გლობალური ლიდერი კახი კალაძე იყო. კანდიდატურამ დავოსის ახალგაზრდა წევრებისგან და წევრი ორგანიზაციებისგან შემდგარი შესარჩევი კომისია უნდა გაიაროს, ვინც დამსახელებელის მიერ წარდგენილი კანდიდატურის აპლიკაციას დეტალურად შეისწავლის. ფორუმზე ჩემი წარდგენა არგენტინაში მოხდება, 1 აპრილს.
რას ურჩევდით ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში მუშაობით არიან დაინტერესებულნი?
პირველ რიგში, იმას ვიტყოდი, რომ მათ საკუთარი თავის რწმენა უნდა ჰქონდეთ. მიზანი უნდა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული, – 5 წლის შემდეგ სად იქნებიან. თუ ეს იციან, დღეს ნამდვილად უამრავი რესურსი არსებობს იმისათვის, რომ მათ თავიანთი საქმე განავითარონ, და ეს მხოლოდ სოფლის მეურნეობას კი არა, ნებისმიერ სხვა სფეროს ეხება. მიხარია, რომ ჩემს ორგანიზაციაში მათ ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, ჩვენ მზად ვართ, ამ ადამიანებს ნებისმიერ დონეზე დავეხმაროთ. საერთოდ, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასტარტო ეტაპია. მთავარია, მათ ამ დროს იმედგაცრუება არ განიცადონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ბიზნესში მუშაობა ვალდებულება არაა. როგორც კი რამე საქმიანობა ვალდებულება ხდება, იქ არაფერი გამოდის. ამიტომ, მათ ვურჩევდი, გადაწყვიტონ, რისი გაკეთება სურთ, შემდეგ კი მიმართონ ადამიანებს, რომლებიც მათ მენტორობას გაუწევენ და დააკვალიანებენ. პირადად მე ამისთვის მზად ვარ. ამ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დამწყები, საღი აზროვნების მქონე ადამიანები. არ არსებობს არც ერთი საქმე წარუმატებლობის გარეშე. თუ წარუმატებლობა არ გამოგივლია, არ მგონია, წარმატებას მიაღწიო. წარუმატებლობას არ უნდა შეუშინდნენ, უნდა იცოდნენ, რისი გაკეთება უნდათ, და უნდა ახსოვდეთ, რომ რაც არ კლავს, – აძლიერებს. ამიტომ, არ არსებობს დაუძლეველი პრობლემა და უსაშველო საქმე.
ესაუბრა შორენა გაბუნია