ნორვეგიის მთავრობამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში, უნდა აიკრძალოს სახის დამფარავი რელიგიური თავსაბურავები (ნიქაბი, ბურქა).
„ჩვენ არ გვსურს, საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ისეთი სამოსი ვიხილოთ, რომელიც სახეს ფარავს“, – ნორვეგიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ტორბიერნ როე ისაკსენმა (Torbjoern Roe Isaksen). აკრძალვა გავრცელდება როგორც მოსწავლეებზე, ასევე სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლებზეც. მსგავსი სამოსი, ქვეყნის ხელისუფალთა აზრით, მასწავლებლისა და აღსაზრდელის ურთიერთობებს ართულებს. თუმცა, შეზღუდვა არ ეხება რელიგიურ თავსაბურავებს, რომელიც სახეს არ ფარავს, ასევე ისლამში მიღებულ სხვა რელიგიურ ჩაცმულობას.
ეს სკანდინავიურ ქვეყნებში პირველი ამგვარი აკრძალვა იქნება. ბურქისა და ნიქაბის გარდა, კანონმდებლების შავ სიაში ნიღბები და ე. წ. „ბალაკლავებიც“ (Balaclava) მოხვდა. ნორვეგიული პარტიების უმრავლესობა კანონპროექტს მხარს უჭერს. სავარაუდოდ, მას მომავალ წელს დაამტკიცებენ.
ამა წლის დასაწყისში, ისლამურმა ორგანიზაციამ „ნორვეგიის ისლამურმა საბჭომ“ (Islamic Council of Norway) დასახელებული თემის გამწვავება იმით გამოიწვია, რომ სამსახურში ნიქაბიანი პრესმდივანი აიყვანა. „ისლამური საბჭო“ ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით მომუშავე ორგანიზაციაა, რომელიც რელიგიათაშორისი დიალოგის განმტკიცებაზეა ორიენტირებული. ამ ქმედების გამო, ორგანიზაცია კულტურის მინისტრმა, ნორვეგიის პარლამენტის მუსლიმმა დეპუტატებმა და სხვა ისლამურმა გაერთიანებებმა გააკრიტიკეს. ამის საპასუხოდ, „ისლამურმა საბჭომ“ განაცხადა, რომ ლეილა ჰასიკი (Leyla Hasic) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე ყველაზე შესაფერისი კანდიდატი იყო.
წყარო: bbc.com